ახალი ამბები

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

11 ოქტომბერი, 2022 • 1389
ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტის ინიცირება მოახდინა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად ანუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

  1. ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
  2. ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
  3. ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
  4. მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით მილიონჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს, რის საფუძველზეც ეს პირი ოლიგარქთა რეესტრში შეჰყავთ.

ოლიგარქად ცნობის შემდეგ პირს ეკრძალება:

  1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
  2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  3. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა;

ამასთან, პირი, რომელიც ცნობილია ოლიგარქად, ვალდებულია, რეესტრში შეყვანისთანავე წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ოლიგარქებთან ან მათ წარმომადგენლებთან კონტაქტების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. კერძოდ:

  1. საჯარო მოსამსახურე ოლიგარქთან ან მის წარმომადგენელთან კონტაქტის შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს კონტაქტების დეკლარაცია;
  2. კონტაქტი გულისხმობს შეხვედრას და საუბარს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით კომუნიკაციას, მიუხედავად მისი შინაარსისა;
  3. ოლიგარქები და მათი წარმომადგენლები საჯარო მოსამსახურეებთან შეხვედრამდე (საუბრამდე) ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით კომუნიკაციამდე ვალდებული არიან, წინასწარ გააფრთხილონ საჯარო მოსამსახურეები იმის შესახებ, რომ ისინი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირები რეესტრში არიან შეყვანილი.

კონტაქტების დეკლარაციის წარდგენა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო პირსა და ოლიგარქს/მის წარმომადგენელს შორის კონტაქტი შედგა შემდეგ ადგილას:

  • ოფიციალურ ღონისძიებებზე, რომელთა მიმდინარეობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეჟიმში პირდაპირი ეთერით გადაიცემა რადიოს, ტელევიზიის ან ინტერნეტის მეშვეობით;
  • სასამართლო სხდომაზე;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა ინიციატივით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებზე (კონფერენციებზე), თუ არსებობს მონაწილეთა სრული ჩამონათვლისა და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია განთავსებულია ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქთა რეესტრიდან პირის  ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ დადგინდება, რომ პირი ერთდროულად არ აკმაყოფილებს ოლიგარქად ცნობისთვის დადგენილ სულ მცირე 2 კრიტერიუმს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი − კანონის გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს.

ამასთანავე, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალას დაკარგავს მისი ძირითადი ნაწილის ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე.

„კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ძალაში შესვლისა და მოქმედების ვადის ეს პრინციპი ნაკარნახევია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითით, რადგან კანონპროექტი შემუშავებულია უკრაინის აღნიშნული კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება

დეოლიგარქიზაციის შესახებ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტს სხვა თანმდევი კანონის პროექტები არ ახლავს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ პარლამენტი დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ უკრაინულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი დოკუმენტი წარადგინეს, რომლის მიზანი კონცეპტუალურ საკითხზე შეთანხმებაა.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, ეს დოკუმენტი ყოფილიყო დაინიცირებული და ველოდებით შესაბამის დასკვნას. ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება როგორც კი მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი პირდაპირპროპორციული გამოყენება და მასზე მსჯელობა შეგვეძლება ჩვენც.

ამიტომ ბევრი საკითხი შეიძლებოდა სხვაგვარად დაგვეწერა, მათ შორის, გამომდინარე და თანმდევი კანონპროექტებიც, თუმცა ჩვენი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ ის დასკვნა, რომელიც გაიცემა უკრაინასთან მიმართებით, მისი გამოყენება იყოს შესაძლებელი“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე 10 ოქტომბერს.

ბიუროს სხდომაზევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს თავადაც წარადგენენ.

თუმცა, მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი ვენეციის კომისიის დასკვნა არა უკრაინულ კანონპროექტზე, არამედ ქართულ კანონპროექტზე იქნება.

„ვენეციის კომისიის დასკვნებს ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსთან და ქართულ პროექტებთან მიმართებაში. ვენეციის კომისიის დასკვნა უკრაინულ მოდელზე, ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნა უკრაინულ მოდელზე“, — განაცხადა ბეჟაშვილმა.


დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ 12-პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს. აღნიშნული პუნქტის შესრულების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი