ახალი ამბები

პოლიცია პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილებს ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს

30 აპრილი, 2024 •
პოლიცია პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილებს ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს

პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იმყოფებოდნენ, ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს.

მათ შორის, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ამავე პარტიის სხვა წევრები. ამ წუთებში [21:15] პოლიციას ჩიტაძის ქუჩაზე ორი კორდონი აქვს მოწყობილი.

პოლიციელების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ერთი ცოცხალი ჯაჭვი მოქალაქეებს ჩიტაძეზე რუსთაველის გამზირიდან ასვლის შესაძლებლობას არ აძლევს, მეორე ნაწილი კი პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ჩიტაძეზე ჩასასვლელ გზას ხერგავს.

ამრიგად, პოლიციას პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზომდე დერეფანი აქვს მოწყობილი, საიდანაც, სავარაუდოდ, ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, შემდგომ კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის გავლით დეპუტატები რუსთაველის გამზირს დატოვებენ.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამსრომლები და პოლიცია იცავს პარლამენტის მეორე გვერდითა შესასვლელსაც ჭიჭინაძის ქუჩიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი