საზოგადოება

პასუხობს თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონი EU-ის რეკომენდაციას?

8 ნოემბერი, 2022 • 1191
პასუხობს თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონი EU-ის რეკომენდაციას?

„საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, — ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან დემოკრატები).

„ნეტგაზეთმა“ ევროპარლამენტარებს ჰკითხა, რამდენად პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც, თავად მმართველი გუნდის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.

კუბილიუსის თქმით, ის, რომ ოლიგარქი სწორედ ბიძინა ივანიშვილია, ნათლად არის ნათქვამი ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში, სადაც პარლამენტმა გამოხატა „შეშფოთება იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს“.

„კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მისი განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რასაც აქამდე ვხედავთ — როგორ სასტიკად იცავენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი საერთაშორისო კრიტიკული ხმის წინააღმდეგ — არ ვარ დარწმუნებული, რომ კანონი სათანადოდ აღსრულდება. მიზანია, დავიცვათ ქვეყანა იმ პიროვნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია და არ მონაწილეობს არჩევნებში. იმედი მაქვს, საქართველო ამას მიაღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს, პოლიტპატიმრების არსებობასთან ერთად, სერიოზული დაბრკოლება იქნება საქართველოს მიზნისთვის, რაც შეიძლება მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, — აცხადებს კუბილიუსი.

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრის, ჩეხი დეპუტატის მარკეტა გრეგოროვას აზრით, შეუძლებელია, ივანიშვილი ოლიგარქთა რეესტრში არ მოხვდეს.

„სამწუხაროდ, [ქართული] კანონის შესახებ ინგლისურ ენაზე ზუსტი ფორმულირება ვერ ვიპოვე, თუმცა, თუ ის უკრაინულის ასლია (გარდა იმისა, რომ პარლამენტი გადაწყვეტს, ვინ იქნება ოლიგარქთა სიაში, და არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია), ბევრი კრიტიკოსი აფრთხილებდა, რომ ის ხსნის კარს სუბიექტური მიზნებისთვის. ასე რომ, შესაძლებელი იქნება, პოტენციურად, საქართველოს პარლამენტმა ბოროტად გამოიყენოს ის ოპოზიციის დევნისთვის. რა თქმა უნდა, ეს პრობლემატური იქნება ევროპის პარლამენტის პერსპექტივიდან. ასევე, „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წევრმა უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი სიაში არ მოხვდება, რაც სავსებით შეუძლებელია, რადგან ის არის საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რაც კანონში ოლიგარქის განმარტებაა. მსგავსი კანონმდებლობით მნიშვნელოვანია, პოლიტიკურის ნაცვლად, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ორგანოს ჩართვა. განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიტაცების პრობლემა და არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარის თქმით, საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის აზრის მოსმენა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, ხოლო უკრაინის კანონთან დაკავშირებით ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფორმალური როლი ქართულ პოლიტიკაში და მედიაში, ოპოზიცია შიშობს, რომ დეოლიგაქრიზაციის კანონი გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ფინანსური რესურსების მქონე პირების მიმართ.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი