პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამავე დროს „დეოლიგარქიზაციის“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ უკრაინულ კანონს ქართულ შესაბამისობას მოარგებენ.
ამის შესახებ მანგ ანაცხადა „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის შემდეგ.
ოხანაშვილის თქმით, უკრაინული კანონი იდეალური მოცემულობა არ არის, თუმცა ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად მის მიხედვით მოამზადებს სამუშაო ჯგუფი კანონპროექტა.
ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინული კანონის პრინციპებით ოლიგარქის „პარამეტრებში არ ჯდება“.
„ევროკომისიის მიერ გაწერილია 12 პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია. ასეთივე რეკომენდაცია გაცემულია მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინასთან მიმართებაში ევროკომისიამ გააკეთა მითითება, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცხოვრებაში იმპლემენტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას და ახლა უკვე მოწოდებაა კანონის იმპლემენტაციაზე.
ჩვენთვის, დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, რომლითაც ეს პუნქტი ჩაგვეთვლება შესრულებულად. ჩვენ ობიექტურ საზომად ავიღებთ ევროკომისიის დამოკიდებულებას უკრაინასთან მიმართებაში და, შესაბამისად, ავიღოთ ის მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება ევროკომისიის მხრიდან. ეს არის ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, რომ არ გახდეს შემდეგ სამსჯელო, რა კანონი დაიწერა და რატომ ჩაიდო ესა თუ ის მოსაზრება. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტაციები იქნება ფართო და იქნება მაღალი რისკი, რომ ეს პუნქტი არ ჩაგვეთვალოს შესრულებულად.
მართალია, უკრაინული კანონი იდეალური მოცემულობა არ არის, თუმცა ჩვენ კონკრეტული საკითხების შესრულების წინაპირობები გვაქვს დაყენებული. რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი სპეკულაციები, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება. სამუშაო ჯგუფი ამას გააკეთებს. ჩვენ დავდებთ პროექტს და პროცესი შემდგომ უკვე გადაინაცვლებს პოლიტიკურ სივრცეში, კომიტეტზე, პლენარულ სხდომებზე და ამასთანავე, შესაძლოა ამ პერიოდისთვის ვენეციის კომისიამაც დადოს დასკვნა უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
„დეოლიგარქიზაციის“ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელები. ჯგუფში ორი ადგილი გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლებისთვის.
გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება- არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.