ახალი ამბები

“ოცნება” კვლავ უარზეა, “დეოლიგარქიზაციის კანონი” ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

11 ნოემბერი, 2022 • 1466
“ოცნება” კვლავ უარზეა, “დეოლიგარქიზაციის კანონი” ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

დღეს, 11 ნოემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

კომიტეტზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონპროექტი მიღებამდე უნდა გაიგზავნოს  ვენეციის კომისიაში. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში არ გაგზავნიან.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

თუმცა, როგორც კომიტეტზე განხილვისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი უკრაინული ვერსიიდან გადმოიეწერა, არსებობს დეტალები, რაც ვენეციის კომისიის შესაბამისად უნდა დაზუსტდეს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტით პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს და აღასრულებს. უკრაინაში კი ამას ადმინისტრაციული ორგანო აკეთებს.

IDFI-ის წარმომადგენლის თქმით, იმ ფონზე, როცა კანონპროექტი მიღების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.

„კი ბატონო, იქნება უკრაინის კანონპროექტზე დასკვნა, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელოს პარლამენტმა, მაგრამ სხვაობა არის – ერთი, რომ პარლამენტი იღებს[გადაწყვეტილებას] და უფლებრივი თვალსაზრისით ბევრ რამეს ცვლის და მეორე ვენეციის კომისია ხშირად ითვალისწინებს კონტექსტს, რა კონტექსტშიც უნდა იმუშაოს კანონპროექტმა. უკრაინის კონტექსტზე დადებული დასკვნა საქართველოს არ გამოადგება და მნიშვნელოვანია, რომ კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიას მიმართონ[…]

ვენეციის კომისიისთვის კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. ბრიტანეთის კონტექსტში გაცემული დასკვნა ერთი და იგივე საკითხზე, ალბათ, არ გამოდგება და საქართველოსთვის არ იქნება რელევანტური და პირიქით. ამ კონტექსტზე ვსაუბრობ და ვიცით, რომ ვენეციის კომისია ამას უყურებს. უკრაინაზე მიღებული დასკვნიდან ეს კონტექსტი არ გამოჩნდება“,- განაცხადა გიორგი დავითურმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით კი, სამართლებრივ პრინციპებთან კონტექსტის დაპირისპირება არ შეიძლება. რაც შეეხება კანონპროექტის იმ ასპექტებს, რომელთა მიმართაც კითხვა არსებობს, ოხანაშვილის თქმით, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, რომ ეს მოაგვარონ ვენეციის კომისიისთვის მიმართვის გარეშე.

„ჩვენ შეგვიძლია ვენეციის კომისიის ის დასკვნა ერთი-ერთში გავითვალისწინოთ, რაც უკრაინასთან მიმართებით იქნება გაცემული. პარლამენტთან მიმართებით ასპექტს ორი ჩანაწერი გადააზღვევს. ვენეციის კომისიისთვის მიმართვის გარეშეც გვაქვს საკმარისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცოდნაც და გამოცდილებაც და მიმართვის გარეშეც შეიძლება დავამატოთ [ჩანაწერი], თუ ამის საჭიროება ჩნდება[…]

არავითარი კონტექსტი არ შეიძლება სამართლებრივ პრინციპებს დაუპირისპირო, ვერ მოხდება ეს. თუ ეს მოხდება, ეს იქნება პოლიტიკური საკითხი და არა სამართლებრივი. პრინციპები კანონის უზენაესობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან არის თანხვედრაში ან არ არის. არ შეიძლება უფლებრივი სტანდარტი კონტექსტის გათვალისწინებით უფლების საწინააღმდეგოდ გადაიხაროს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, ხოლო უკრაინის კანონთან დაკავშირებით ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფორმალური როლი ქართულ პოლიტიკაში და მედიაში, ოპოზიცია შიშობს, რომ დეოლიგაქრიზაციის კანონი გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ფინანსური რესურსების მქონე პირების მიმართ.

ნეტგაზეთთან საუბარში ევროპარლამენტარებიც აღნიშნავენ, რომ საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის აზრის მოსმენა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი