ახალი ამბები

EU საქართველოს მოუწოდებს, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნოს

21 ნოემბერი, 2022 • 914
EU საქართველოს მოუწოდებს, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნოს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიღებამდე ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს.

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს, 21 ნოემბერს, გაავრცელა.

„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.


„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა მოახდინეს, ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი