საზოგადოება

კლანგარეშე მოსამართლეები

3 ნოემბერი, 2022 • 1674
კლანგარეშე მოსამართლეები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა არჩევის შემდეგ, მოსამართლე ლევან მურუსიძემ აშშ-ში ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტების ფორმატი დაიწუნა და განაცხადა, რომ ისინი ამერიკაში შენობების დასათვალიერებლად მიემგზავრებიან.

აღნიშნულ პოზიციას საჯაროდ დაუპირისპირდა რამდენიმე მოსამართლე, რაც მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, აჩენს განცდას, რომ მიუხედავად „კლანად“ წოდებული გავლენიანი ჯგუფის დიდი ძალაუფლებისა, სისტემაში განსხვავებული აზრი მაინც არსებობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ღიად გამოხატა, გასულ წელს რამდენიმე მათგანმა საკუთარი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა.

რა არ მოსწონს მოსამართლეთა ნაწილს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩევის შემდეგ მოსამართლეებმა, რომლებიც სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს წარმოადგენენ და ხშირად მათ მოიხსენიებენ ხოლმე „კლანის“ სახელით, რიტორიკა შეცვალეს.  

დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოში პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ღიად განაცხადა, რომ სასამართლო „თავდაცვიდან თავდასხმით რეჟიმზე გადადის“ და ყველას მხილებას გეგმავენ, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „განეიტრალებას“ და სასამართლო სისტემაში „განხეთქილების შეტანას“ ცდილობს. 

დიმიტრი გვრიტიშვილმა და ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკეს, რომლებმაც მათი დანიშვნა სისტემაში კლანის გაძლიერებად შეაფასეს. „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კი მურუსიძემ ის პროგრამაც დაიწუნა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის საელჩოს შუამავლობით ქართველი მოსამართლეები ამერიკაში სასწავლო ვიზიტებით მიემგზავრებიან.

მოსამართლეების აშშ-ში წასვლის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

„…ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ… მოსამართლეები არ ლაპარაკობენ. უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო“, – თქვა ლევან მურუსიძემ „პირველ არხთან“.

მურუსიძის ამ განცხადებამ მოსამართლეთა ნაწილში პროტესტი გამოიწვია, რაც გამოიხატა მათ მიერ პირად „ფეისბუკ“ გვერდებზე გამოხმაურებებში. მოსამართლეები დასავლელ პარტნიორებს მსგავს ვიზიტებზე შეძენილი გამოცდილებისთვის საჯაროდ მადლობას უხდიდნენ და პროგრამის მეშვეობით შეძენილ ცოდნაზე ყვებოდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და დასავლურ კურსს დაუჭირა მხარი.

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, აკრიტიკებდნენ მოსამართლეთა კონფერენციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევის გამო. დიპლომატიური წარმომადგენლობები აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება „ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული“ იყო. საპასუხო განცხადებაში კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის კრიტიკას „გადაჭარბებულს“ უწოდებდა და მათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე ზემოქმედების მცდელობაში ადანაშაულებდა.

მოსამართლეთა კონფერენციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ აღნიშნულ განცხადებას 16 მოსამართლე გაემიჯნა. იმ დროსაც მოსამართლეები მომხდარს პირად „ფეისბუკ“ გვერდებზე გამოეხმაურნენ:

„მე არ ვეთანხმები მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ამ განცხადების პათოსს. ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს,“ – წერდა ერთ-ერთი მოსამართლე შოთა გეწაძე პირად გვერდზე.

უფრო მწვავე იყო მოსამართლეთა ნაწილის გამოხმაურება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებზე, რომელიც მოსამართლეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, განმარტივდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინებას, მათი სანქცირების მიზნით სხვა სასამართლოში გადაყვანას, დაქვეითებას და ა. შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები გახდა ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“ ან პოლიტიკურად, „არანეიტრალურად“ მოეჩვენება.

ღია წერილით პარლამენტისთვის მიმართვის შემდეგ,  ხუთმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სარჩელიც მოამზადა და სასამართლოს მიმართა. მათ შორის იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ეკა არეშიძე და თამარ ხაჟომია, თბილისის სააპელაციო სასმართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური.

რა მასშტაბი აქვს სისტემაში განსხვავებულ აზრს და როგორ „თრგუნავს“ მას „კლანი“

ჯამში, „ნეტგაზეთმა“ 21 მოსამართლე დათვალა, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია საჯაროდ დაუფიქსირებია, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, ისეთი მოსამართლეების რაოდენობა, რომლებსაც “კლანისაგან” განსხვავებული შეხედულებები აქვთ, უფრო მეტია.

ამჟამად სასამართლო სისტემაში, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, 346 მოსამართლეა დასაქმებული. მოსამართლეთა ბოლო კონფერენციას, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე კიდევ ერთი ვადით დანიშნა, 279 ადამიანი ესწრებოდა. მურუსიძისა და გვრიტიშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა 268 მოსამართლემ. შესაბამისად, გამოდის, რომ მოსამართლეების დააახლოებით 20%-მა (67-მა ადამიანმა) კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღო:

„აქედან რამდენიმე, ალბათ, ობიექტური მიზეზების გამო  ვერ დაესწრო კონფერენციას, მაგრამ მგონია, რომ დიდი ნაწილი მაინც ის ხალხია, ვინც იგნორირებას უკეთებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებულ პოლიტიკას.

სიტყვა იგნორირებას შემთხვევით არ ვამბობ – არც აპროტესტებენ და არც მხარს უჭერენ [კლანს]. შესაბამისად, ძალიან მასშტაბური ეს არ არის, მაგრამ თუ შევადარებთ გასული წლების გამოცდილებას, ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რაოდენობა მზარდიც იყოს“, — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, პირადი კავშირები აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ განსხვავებული აზრი იმ მოსამართლეებსაც აქვთ, რომლებსაც შესაძლოა მურუსიძისა და გვრიტიშვილის დანიშვნისთვის მხარი დაეჭირათ.

მსგავსი მოსაზრება აქვს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორს, გვანცა წულუკიძეს. მისი აზრითაც, სისტემაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც „არ არიან კლანის გავლენის ქვეშ“, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი რაოდენობა მცირეა და ფართო სურათზე გავლენას ვერ ახდენენ. წულუკიძის თქმით, არიან მოსამართლეები, რომლებიც საჯაროდ არ ჩანან, მაგრამ იზიარებენ უმცირესობის მოსაზრებას.

„ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ  ერთი ათეული მოსამართლით, რომელიც საჯაროდ აქტიურად ჩანს. მათ უკან სხვებიც არიან, უბრალოდ, საერთო რაოდენობასთან შედარებით მათი მასშტაბი მცირეა და რაიმე ტიპის გავლენა არ აქვთ მთლიან პროცესზე“, – მიიჩნევს წულუკიძე.

ჯანეზაშვილიც და წულუკიძეც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ხელში ბევრი ბრეკეტი რჩება, რაც სტრუქტურაში დამკვიდრებულ ნიჰილიზმთან ერთად, შესაძლოა განაპირობებდეს იმას, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებდეს. მაგალითად, მოსამართლეები, რომლებსაც უმრავლესობისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, არ ცდილობენ სასამართლო სისტემაში ადმინისტრაციული პოზიციების დაკავებას, როგორიცაა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, მოსამართლეთა ძალიან დიდ ნაწილს, თუ ყველას არა, საქმეების განხილვის ვადებთან დაკავშირებით დარღვევები აქვთ. ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეთა უმეტესობა დისციპლინური სამართალწარმოების წინაშე მოწყვლადია.

ჯანეზაშვილის თქმით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოსამართლის მიმართ შეიძლება დაიწყოს დისციპლინური დევნა, ამას კი ის ხალხი ახორციელებს, ვინც დღეს სასამართლოს მმართველ რგოლში, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია.

„არ მინდა გმართლება მოვუძებნო, მაგრამ ასე მგონია, რომ ალბათ შიშიც აქვთ, დისციპლინურ სამართალწარმოებას არ დაექვემდებარონ“, – ამბობს ჯანეზაშვილი.

ამასთან, „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სისტემაში წესრიგი იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ თითქოს, „კლანი“ მოსამართლეების ერთადერთი დამცველია, ყველა დანარჩენი კი — მტერი.

ჯანეზაშვილის თქმით, ამას მოწმობს თავად ლევან მურუსიძის მესიჯებიც, რომელმაც მოსამართლეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „მოსამართლეების დამცველია“. ჯანეზაშვილის თქმით, სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ამ მოსაზრების გამყარებას პრაქტიკაშიც ცდილობს: იქნება ეს დაწინაურება, უვადოდ გადანიშვნა თუ ავადმყოფობისას დახმარება.

ჯანეზაშვილის თქმით, ამას ბევრი მოსამართლე იჯერებს, რადგან ბოლოს სწორედ ლევან მურუსიძემ უნდა გადაწყვიტოს საბჭოსთან ერთად, თუ ვინ დაინიშნება უვადოდ ან/და ვის წინაარმდეგ დაიწყება დისციპლინური დევნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის თქმით, შესაძლოა, სწორედ მოსამართლეთა მცირე ნაწილის გააქტიურების გამოც მოხდა, რომ ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი კარგად გრძნობს შიდა სიტუაციას, დაინახეს რომ 21-მა ადამიანმა გარკვეული განცხადებები გააკეთა და იმისათვის, რომ მათი რაოდენობა არ გაიზარდოს, სადავეები კვლავ საკუთარ ხელში აიღეს.

გვანცა წულუკიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლეებმა, რომლებიც განსხვავებული პოზიციებით გამოირჩევიან, იციან, რომ უმცირესობაში არიან და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაშიც, ადმინისტრაციულ პოზიციაზე არავინ აირჩევს. ჯანეზაშვილი კი ამატებს, რომ შესაძლოა, ბევრი მათგანისთვის ამგვარი პოზიციის დაკავება „კლანის“ გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროებას ნიშნავდეს და კანდიდატურის წარდგენისგან თავს ამიტომაც იკავებდნენ.

მიუხედავად ამისა, ჯანეზაშვილიც და წულუკიძეც ყურადღებას ამახვილებენ ინდივიდუალური პროტესტის მნიშვნელობაზე. GDI-ს წარმომადგენლის თქმით, მოსამართლეების თუნდაც მცირე ნაწილის მხრიდან განსხვავებული პოზციის დაფიქსირება წინ გადადგმული ნაბიჯია და აღნიშნავს, რომ მისი რწმენით ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ თუკი ქვეყანაში რეალური ცვლილებების ნება იქნება, ბევრად მეტი მოსამართლე გამოჩნდება, რომელიც კლანური მმართველობის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსამართლეებმა დაინახონ, რომ ისინი მათი მტრები არ არიან და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი მათ, ვინც განსხვავებულ პოზიციას ღიად აფიქსირებს:

„საკონსტიტუციო სარჩელი იქნება თუ თუნდაც ერთი პოსტი ფეისბუკზე, ისინი თავის პოზიციას აბოსულუტურად მშვიდობიანად, რაციონალურად და ეთიკურად აფიქსირებენ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მე პირადად მივესალმები ამას. დასაფასებელია, ამით დავიწყოთ და იმედია, გარკვეულ დროში სისტემა გაჯანსაღდება. მგონია, რომ საბოლოოდ მოახდენს დადებით გავლენას, მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი