სამართალი

ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა

28 მაისი, 2022 • 10531
ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა, შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

ინფორმაცია 28 მაისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთისთვისაც“ ცნობილი გახდა ინფორმირებული წყაროს საშუალებით.

საუბარია სისხლის სამართლის საქმეთა ხუთ მოსამართლეზე:

  • ხათუნა ხარჩილავა;
  • ნინო ნაჭყებია;
  • მაია ქოქიაშვილი;
  • გიზო უბილავა;
  • რომეო ტყეშელაშვილი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ერთ-ერთი მათგანის, გიზო უბილავას თანაშემწეს, რომელმაც უარი გვითხრა უბილავასთან დაკავშირებაზე და თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ საკითხის შესახებ.

კოლეგების მიერ შტატებში წასვლაზე უარზე კომენტარს არ აკეთებს არც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე და ამბობს, რომ მათთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეერთებული შტატების საელჩოში კვლავ ამბობენ, რომ პროგრამის მონაწილეების შერჩევის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.

საელჩოში თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება; მოგვიანებით, კობახიძის გამოსვლების შემდეგ განაცხადეს:

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი