ახალი ამბები

„მოსამართლეებს ეზღუდებათ უკრაინის მხარდამჭერი პოსტებიც კი“ – 5 მოსამართლის სარჩელი

13 მაისი, 2022 • 6102
„მოსამართლეებს ეზღუდებათ უკრაინის მხარდამჭერი პოსტებიც კი“ – 5 მოსამართლის სარჩელი

5 მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობაზე – ეს ნორმები, მათ თანახმად, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების დასასჯელად შეიძლება იქნას გამოყენებული.

კონსტიტუციური სარჩელი 2022 წლის 11 აპრილს წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოს, სრული სარჩელი კი ახლახან გასაჯაროვდა.

მომჩივანები არიან პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ განწესებული პირები:

  • ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  • ქეთევან მესხიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  • მადონა მაისურაძე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • მამუკა წიკლაური – თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  • თამარ ხაჟომია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

სარჩელი, ჯამში, 9 ნორმას მოიცავს, რაც სასამართლოების შესახებ კანონის ახალი რედაქციის რამდენიმე პუნქტშია გაბნეული.

სადავო ნორმები

5 მოსამართლე აცხადებს, რომ მათი „კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებები არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლებელია დაირღვეს ნებისმიერ დროს, რადგან გასაჩივრებული ნორმები საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილები მიღების პროცესში“.

გასაჩივრებული ნორმებით, სარჩელის თანახმად, საერთოდ არ არის გათვალისწინებული მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, პირობები და წესი, ეს კი, მოსარჩელეების მტკიცებით, შესაძლებელს ხდის, ნების გარეშე მივლინებას დაექვემდებაროს ნებისმიერი მოსამართლე პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთაგან, – მათ შორის, ამ კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი მოსამართლეებიც.

მოსარჩელეები სადავოს ხდიან გასაჩივრებული ნორმებით დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და მათს კონსტიტუციურობას.

„სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეთა მიმართ დისციპლინურ საკითხებზე (მოვალეობის შესრულების დაწყება, საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილება) პროცედურების და გადაწყვეტილების მიღების, კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევის შესაძლებლობა არსებობს მოსამართლეთა, მათ შორის, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი მოსამართლეების მიმართაც“, – წერია სარჩელში.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ნორმით იზღუდება:

„გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა, ასევე, მოწყვლადი თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა“.

გასაჩივრებული ნორმები უკვე ძალაშია. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია და „ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული“.

მოსარჩელე მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს ადვოკატი ლევან ალაფიშვილი, რომელსაც რამდენიმე საკონსტიტუციო სარჩელი მოგებული აქვს.

კონტექსტი

ხუთივე მომჩივანი იყო იმ 14 მოსამართლეს შორის, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერში ღია წერილი გამოაქვეყნეს და პარლამენტს სთხოვეს, არ მიეღო აღნიშნული ცვლილებები.

„წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება“, – აცხადებდნენ ისინი.

კანონპროექტის ავტორები იყვნენ პარლამენტის „ქართული ოცნების“ წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

ცვლილებები დაჩქარებულად განიხილეს და მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი