სამართალი

“ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია” – მოსამართლეები EU-ს და აშშ-ის საელჩოებს პასუხობენ

4 ნოემბერი, 2021 • 2479
“ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია” – მოსამართლეები EU-ს და აშშ-ის საელჩოებს პასუხობენ

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას „გადაჭარბებულს“ უწოდებს.

მათი კრიტიკის პასუხად მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ, სადაც საელჩოებს  ვენის კონვენციის პატივისცემისკენ მიუთითებენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს, რადგან ისინი აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია.
ყველა სუბიექტს შევახსენებთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარეშე ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელების ჩათვლით, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ყველა გარეშე სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ, კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება“, – ნათქვამია მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში.

თანამდებობის პირში მოსამართლეები სავარაუდოდ გულისხმობენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც იუსტიციის საბჭოში დანიშვნებს “გაუგებარი” უწოდა.

მოსამართელეები ირწმუნებიან, რომ კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და „თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა“. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან „სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო“.

„გაუგებარია, თუ რატომ შეფასდა აღნიშნული კონფერენციის ჩატარება ,,ნაჩქარევად“: კონფერენცია დაინიშნა და მისი დღის წესრიგიც გამოქვეყნდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით. ამდენად, ყველა დაინტერესებული პირისათვის 7 დღით ადრე გახდა ცნობილი კონფერენციის თარიღის და განსახილველი საკითხების შესახებ.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე ,,ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და რომ ,,დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს“. ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ასარჩევად კანონი საკონკურსო პროცედურების განხორციელებას არ ითვალისწინებს. უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს. არც წარსულში ყოფილა შემთხვევა და არც 31 ოქტომბრის კონფერენციაზე შეზღუდულა რომელიმე მოსამართლე – დაესახელებინა კანდიდატურა და ამგვარად ჩაბმულიყო საარჩევნო პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეთა თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნები ჩატარდა სრულიად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში, კანონით დადგენილი ფარული კენჭისყრის პირობებში. მოსამართლეთა თქმით, თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მზად არიან მათზე იმსჯელონ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა. არადა, სასამართლო ხელისუფლებისთვის უპირველესი მიღწევა, მისი რეალური დამოუკიდებლობის გამოხატულება სწორედ ისაა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სისტემისავე შიგნით აღიარებული მათი დამსახურების და ჩამოყალიბებული შეხედულებების საფუძველზე. ამიტომ, საბჭოს წევრად ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა ან აურჩევლობა ვერ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ სისტემის გარეთ  არსებული, რიგ შემთხვევებში სუბიექტური განწყობების საფუძველზე.

2013 წლიდან მოყოლებული სასამართლო ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა რეფორმების 4 ეტაპი, რომელთა შედეგად სრულად არის უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება. ჩვენ კვლავაც გახსნილნი ვართ ყველა შესაძლო რეფორმის მიმართ, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ სისტემურ გაუმჯობესებებზე და არა ცალკეული მოსამართლეების დევნაზე. ამასთან, რეფორმის პროცესში სასამართლო უნდა მონაწილეობდეს სრულუფლებიანი, კვალიფიციური პარტნიორის სტატუსით, რომლის აზრიც მოსმენილ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას და რომელიც დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო თავდასხმებისაგან“, – ნათქვამია მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში.


2 ნოემბერს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა გააკრიტიკეს 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  მოსამართლეთა კონფერენციის მიერ  ორი ახალი მოსამართლე წევრის დანიშვნა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა.

მისი თქმით, „დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“.

აშშ-ის საელჩოს შეფასებითაც,  31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

საელჩოს შეფასებით, პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი