ახალი ამბები

გვრიტიშვილი: თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო გადადის თავდასხმით რეჟიმზე

25 ოქტომბერი, 2022 • 941
გვრიტიშვილი: თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო გადადის თავდასხმით რეჟიმზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა არჩეული მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ამხელს ყველა სუბიექტს, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „განეიტრალებას“ და სასამართლო სისტემაში „განხეთქილების შეტანას“.

გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა, რომლებმაც მისი და ლევან მურუსიძის საბჭოში ხელახლა არჩევა კლანური მმართველობის გაძლიერებად შეაფასეს და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიზებული სუბიექტების ერთობაა, რომელიც თავადაა ფორმირებული კლანური პრინციპით:

„როდესაც ვხედავ, რომ ე.წ. არასამთავრობოები ჩემთვის არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? […].

[…] მტკიცებულებებით ვამხელ ნებისმიერ სუბიექტს, იქნება ეს პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო სისტემაში განხეთქილების შეტანას იმ მიმართულებით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან. […] თავდაცვითი რეჟიმიდან ჩათვალეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება გადადის თავდასხმით რეჟიმზე“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, კვლავ გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იკავებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2021 წლებში იყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ მოსამართლეთა კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა ვაკანტურ ადგილას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი თავი თავად დაასახელა. ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მურუსიძის და გვრიტიშვილის კანდიდატურები დასახელდა, მოსამართლეთა კონფერენციამ ორივე მათგანს მხარი დაუჭირა. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, გვრიტიშვილმა კი — 267.

მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა დანიშვნას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შემავალმა ორგანიზაციებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი