ახალი ამბები

IDFI: სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება გააჩერა

5 აპრილი, 2024 • 1892
IDFI: სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება გააჩერა

„ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის“ (IDFI) განცხადებით, როგორც მათთვის 4 აპრილს გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააჩერა ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ მოსამართლეთა შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებული ორი მოსამართლე — მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

IDFI-ის განცხადებით, 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის, 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს.

ორგანიზაციის თქმით, კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

„შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ველერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

IDFI აღნიშნავს, რომ მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია:

„კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს მიმართა კითხვით, რატომ ეწინააღმდეგებიან აღნიშნული მოსამართლეები მათი ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას და რა არგუმენტით მიმართეს სასამათლოს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას მოგვიანებით „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი.

მეთოფიშვილი აცხადებს, რომ „ეგერთ წოდებულმა“ არასამთავრობო სექტორმა და „ანგაჟირებულმა“ მედია საშუალებებმა „ჭიქაში ატეხეს ქარიშხალი“ და სკანდალურ ინფორმაციად „მონათლეს“ კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლების რეალიზება:

„დღეს გავრცელდა ,,სკანდალური ინფორმაცია“, რომ ჩემი და კიდევ 3 კოლეგის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა ჩვენ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი (სარჩელები 2 კვირაზე მეტია, წარდგენილია სასამართლოში; ალბათ დამთხვევაა, რომ რატომღაც დღეს გაახსენდათ ამის შესახებ).

მავანთა მტკიცებით, ეს თურმე იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ გვეშინია ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.

დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მითუმეტეს – ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია“ — ამბობს მეთოფიშვილი.

მოსამართლის თქმით, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად 40-მდე მოსამართლეს მისი თქმით, „აბსოლუტურად დაუსაბუთებლად“ ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად:

„უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?!

ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში! დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა – ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ სწორედ სასამართლო განხილვისას ჩვენ დაგვდეს ბრალი, რომ ვაფერხებთ მონიტორინგის პროცესს. ეს მტკნარი სიცრუეა: როგორ უნდა შევაფერხო ჯერ კიდევ წარუდგენელი დეკლარაციის (შემოდგომაზე გვიწევს ძირითადად დეკლარაციების წარდგენა) მონიტორინგი?! ჩემ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მიზანი არის ერთადერთი: სხვაგვარად, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდით! სარჩელში კიდევ სხვა ნიუანსებიცაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში!“ — ამბობს მეთოფიშვილი.

მეთოფიშვილი განცხადების ბოლოს რუსულ კანონზეც საუბრობს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა დააინიციირა პარლამენტში და ამბობს, რომ „უცნაურია“ არასამთავრობო სექტორის ლოგიკა, რომელიც მოსამართლეებს მისი შეფასებით, „აბსოლუტურად დაუსაბუთებლად“ სდებენ ბრალს თითქოს ქონებრივი მდგომარეობის შემოწმებას გაურბიან — „თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“:

„სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება ,,ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში – ,,ევროინტეგრაციის“ შეფერხებად და, ალბათ, ,,რუსულ“ სტანდარტად?!

გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და აუცილებელია ე.წ. ვეტინგის შემოღება მოსამართლეთათვის, მაშინ რატომღაც ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ,,არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?,“ — ამბობს სერგო მეთოფიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი