საზოგადოება

ირანელი დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა იზღუდება

22 სექტემბერი, 2022 • 1716
ირანელი დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა იზღუდება

ირანში, სადაც გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობს ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი, მსხვერპლის რიცხვი იზრდება. იმ ფონზე, რომ დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში იზღუდება ინტერნეტთან და სოც. მედიის კონკრეტულ პლატფორმებთან წვდომა.

ირანული მედია და ადგილობრივი პროკურატურა საუბრობენ ოთხ დაღუპულზე ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მსხვერპლის ჯამურ რიცხვს, ხელისუფლების თანახმად, რვა ადამიანამდე ზრდის. Reuters-ის მიხედვით, მათ შორის არიან პოლიციის თანამშრომელი და პრო§სამთავრობო მილიციის წევრი.

მეორე მხრივ, ქურთული უფლებადამცველი ორგანიზაცია “Hengaw” ათ დაღუპულზე იტყობინება. აქედან სამი ოთხშაბათს დაიღუპა და დაემატა იმ შვიდ ადამიანს, რომლებიც, ორგანიზაციის თანახმად, ირანის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

თავად ხელისუფალნი უარყოფენ უსაფრთხოების ძალების მხრიდან მომიტინგეთა მკვლელობას და ამბობენ, რომ მათ, შესაძლოა, შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა ესროლეს.

ირანში დემონსტრაციები გასულ კვირას, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით.

პროტესტი არ წყდება

BBC-ის სპარსულენოვანი ბიუროს თანახმად, ოთხშაბათს საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართა ირანის დიდ და პატარა ქალაქებში. როგორც ტელეკომპანია წერს, ოთხშაბათის საღამოსთვის პროტესტი გააქტიურდა და 80-ზე მეტი ქალაქი მოიცვა.

ტელეარხის თანახმად, პროტესტის ამსახველი ვიდეოები ათეულობით ქალაქიდან მიიღო. დემონსტრაციებზე კვლავ ისმოდა “სიკვდილი დიქტატორს” — ანტისამთავრობო აქციებზე მრავალგზის გახმიანებული სლოგანი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის წინააღმდეგ.

არაერთ ქალაქში, მათ შორის, თეირანში, აქციის მონაწილეებმა მთავრობასთან ასოცირებული სარეკლამო აბრები და ბანერები დაწვეს, სლოგანებით “სიკვდილი ხამენეის” და სიკვდილი დიქტატორს”.

ირანის უსაფრთხოების ძალების მცდელობის ფონზე, ჩაახშონ პროტესტი, დემონსტრაციების მეხუთე დღე კვლავ ხასიათდებოდა დაპირისპირებით ძალოვნებთან.

ქალებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, ზოგიერთ ქალაქში კვლავ მოიხადეს და დაწვეს თავსაბურავები, რომელთა ტარებაც ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ სავალდებულოა.

ჰიჯაბის საჯაროდ მოხდა და დაწვა, ზოგ შემთხვევაში კი თმის საჯაროდ შეჭრა, იქცა ქალთა წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ. აღნიშულს თანს სდევს სლოგანი: “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

 მას შემდეგ, რაც პოლიციელები უკან დახიეს, დემონსტრანტებმა პოლიციის 3 მანქანა ცეცხლში გახვიეს ქალაქ ნოვშაჰირში. წყარო: Social Media/BBC News Persian

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები აზიანებენ ისლამური რესპუბლიკის სიმბოლოებს და უპირისპირდებიან უსაფრთხოების ძალებს.

ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, კაცი ანადგურებს ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სარის მერიის ფასადზე გამოკრულ ბანერს, რომელზეც ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი, აიათოლა რუჰოლა ხომეინია გამოსახული.

ინტერნეტის შეზღუდვა და თანმდევი შიშები

პლატფორმა NetBlocks, რომელიც ინტერნეტის მუშაობას აკვირდება, ასევე ორგანიზაცია Hengaw და ადგილობრივები იტყობინებიან ირანში ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვის შესახებ.

როგორც Reuters წერს, აქტივისტები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ასეთივე ნაბიჯი გადადგა 2019 წელს, მანამ, სანამ საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ პროტესტს ჩაახშობდა. მაშინ, ამავე სააგენტოს მიხედვით, 1 500 ადამიანი მოკლეს.

პლატფორმა NetBlocks-ის მიხედვით, ამჟამად ირანში ინტერნეტზე ყველაზე მძიმე შეზღუდვები მოქმედებს 2019 წლის შემდეგ.

NetBlocks-ის თანახმად, წვდომა შეზღუდულია Instagram-ზე — სოც. მედიის ერთადერთ მსხვილ პლატფორმაზე, რომლის მოხმარებასაც ირანის ხელისუფლება, ჩვეულებრივ, უშვებს და რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს ქვეყნის შიგნით.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BBC NEWS فارسی (@bbcpersian)

ამასთან, იტყობინებიან ზოგიერთი მობილური ოპერატორის გათიშვაზე, Whatsapp-ის მომხმარებლები კი ამბობენ, რომ მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეუძლიათ, თუმცა ფოტოებს ვერ აგზავნიან.

მეორე მხრივ, სააგენტო Fars, რომელიც ირანის ხელისუფლების ე.წ. რევოლუციის გუშაგთა კორპუსთანაა დაახლოებული, აქვეყნებს ვიდეოებს და ადანაშაულებს დემონსტრანტებს მეჩეთის, ისლამური სალოცავისა და ავტობუსების დაწვაში, ასევე, ბანკზე თავდასხმასა და ქალისთვის ჰიჯაბის მოხდაში.

დემონსტრანტთა მიმართ მსგავსი ბრალდებები წინ უძღვის ხოლმე ირანის ხელისუფლების ძალადობრივ მოქმედებებს.

“ჩვენ ვიღებთ გაფრთხილებებს უშიშროების ორგანიზაციებისგან, რომ შევწყვიტოთ საპროტესტო აქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში აღმოვჩნდებით”, — ციტირებს Reuters ქურთისტანის პროვინციაში მცხოვრებ აქტივისტს, სადაც, ორგანიზაცია Hengaw-ის მიხედვით, შეზღუდულია ინტერნეტთან წვდომა.

“შეწუხებული ვარ, რომ მსოფლიო დაივიწყებს ირანს მაშინვე, როცა რეჟიმი ინტერნეტს გამორთავს, ეს კი უკვე ხდება”, — ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.

მაჰსა ამინის სიკვდილი

მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, ნად ალ-ნაშიფის თქმით, არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც მაჰსა ამინის პოლიციამ თავში ხელკეტით სცემა და მანქანაზე მიარტყმევინა თავი.

პოლიცია უარყოფს ძალადობას და დასძენს, რომ ქალი “გულის უეცარი უკმარისობის” შედეგად ჩავარდა კომაში, თუმცა, როგორც მის ოჯახში აღნიშნავენ, ამინი ჯანმრთელი იყო და არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.

გარდაცვლილის მამის თქმით, მაჰსა ამინის ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი გარდაცვლილი ქალის ოჯახში მივიდა და უთხრა, რომ “ყველა ინსტიტუტი მიიღებს ზომებს, რათა დაიცვას უფლებებს, რომლებიც დაირღვა”.

მაჰსა ამინი 

მეორე მხრივ, ტელეარხის სპარსულენოვანი ბიურო წერს, რომ 21 სექტემბერს, საჯარო გამოსვლისას, ალი ხამენეი არ გამოხმაურებია არც საპროტესტო აქციებს და არც მაჰსა ამინის დაღუპვას.

ოთხშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ მაჰსა ამინის სახელის ხსენების გარეშე თქვა, რომ ქალის გარდაცვალების ფართო გაშუქება “ორმაგი სტანდარტია” დასავლურ ქვეყანაში უსახლკარო ქალების გარდაცვალებაზე სიჩუმის ფონზე. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანას გულისხმობდა.

მანამდე რაისიმ, რომლის პერიოდშიც კიდევ უფრო გამკაცრდა ქალების ჩაცმულობის კონტროლი, ამინის ოჯახს ტელეფონით ესაუბრა და მიუსამძიმრა.

ასამბლეაზე რაისის გამოსვლის პარალელურად, აშშ-სა და კანადაში მცხოვრები ირანელები გაეროს ოფისებთან შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ ანტისამთავრობო და ქალთა უფლებების მხარდამჭერ სლოგანებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ასევე გამოვიდა სიტყვით გენერალურ ასამბლეაზე, თქვა, რომ მისი ქვეყანა დგას “ირანის მამაცი მოქალაქეებისა და თავიანთი ძირითადი უფლებებისთვის მებრძოლი ქალების გვერდით”.

როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას

ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან(1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.

უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.

არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.

ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.

გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.

ირანში პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი