“ამბობთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვინმეს მართლა სჯერა, რომ 6 თვის წინ ჩვენ დავგეგმეთ ბალაკლეის დატოვება?” — იკითხეს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის, НТВ-ს ეთერში, ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც იკამათეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით.
გადაცემის შემოკლებული ვერსია გამოაქვეყნა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯულია დეივისმა, რომელიც რუსულ მედიას აკვირდება.
ჩანაწერის მიხედვით, ზოგიერთი სტუმარი მეტად რადიკალურია და უცვლელად იმეორებს რუსეთის ხელისუფლების რიტორიკას ომზე, თუმცა არაერთი მათგანი მკვეთრად გაღიზიანებული ჩანს რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი წარუმატებლობით და სტრატეგიის გადახედვის საჭიროებაზე მიანიშნებს.
Life comes at you fast: pundits on Russian TV realize that their military is failing and their country is in trouble. They are starting to play the blame game. Some of them finally understand that their genocidal denial of the Ukrainian identity isn’t working in Russia’s favor. pic.twitter.com/jNNn5xifI5
— Julia Davis (@JuliaDavisNews) September 11, 2022
“ადამიანებმა, რომელთაც პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნეს, რომ სპეცოპერაცია სწრაფი და ეფექტური იქნებოდა, სამოქალაქო პირებს არ დავარტყამთ, მხოლოდ შევალთ და ჩვენი როსგვარდია კადიროველებთან ერთად მოაწესრიგებს საქმეებსო, ჩვენ ყველას ‘გაგვიჩალიჩეს’ “.
“რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ დამჯდარა და არ უფიქრია,”რატომ არ ვიწყებ სპეციალურ ოპერაციას?” ვიღაცამ უთხრა მას, რომ უკრაინელები დანებდებიან, გაიქცევიან, რომ მათ მოუნდებათ, შემოუერთდნენ რუსეთს… ვიღაცას ეს უნდა ეთქვა მისთვის, ხომ?”, — დასძინა რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ბორის ნადეჟდინმა.
აღნიშნულის შემდეგ ნადეჟდინმა კიდევ უფრო მწვავე რეპლიკა გაახმიანა НТВ-ს ეთერში და დასძინა, რომ “უკრაინის დამარცხება აბსოლუტურად შეუძლებელია ამ რესურსებითა და კოლონიური ომების მეთოდებით, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ბრძოლაში იყენებს კონტრაქტორ სამხედროებს, დაქირავებულებს, თუმცა, საყოველთაო მობილიზაციის გარეშე…”
“რუსეთის არმიას უპირისპირდება ძლიერი არმია, რომელსაც სრულად უჭერენ მხარს ყველაზე ძლიერი ქვეყნები ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად, მათ შორის, ევროპული ქვეყნები”, — აღნიშნა მან.
წამყვანის კითხვას – “სამხედრო მობილიზაციას გვთავაზობთ?” — ყოფილმა დეპუტატმა უპასუხა:
“მე გთავაზობთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად და გადასვლას პოლიტიკურ საკითხებზე”.
ნადეჟდინის ამ რეპლიკამ რუსეთის დუმის მოქმედი წევრი, ალექსანდრ კაზაკოვი გააღიზიანა. მან ურჩია ყოფილ კანონმდებელს, დააკვირდეს, რას ამბობს:
“ომი ძალიან კომპლექსური ცნებაა, რომელსაც აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური კომპონენტი. უკანასკნელ დღეებში ჩვენ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ.
რაც შეეხება ჩვენს არაამხანაგ ნადეჟდინს, კვლავაც გირჩევთ, დააკვირდეთ თქვენს ენას. “კოლონიურ ომებზე” საუბარი, თუნდაც გაკვრით, მიუღებელია ამ შემთხვევაში.
ამხელა გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს არ შეგიძლიათ, შეხედოთ ომის მთელ ამ თეატრს, რომელიც მოიცავს დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს? მართლა ფიქრობთ, რომ საზღვარზე გადავედით და ვცდილობთ, მოვკბიჩოთ მათი ტერიტორიის ნაწილი? გლობალური ომი მიმდინარეობს, ეს მხოლოდ მისი ფრაგმენტია”.
აღნიშნულის საპასუხოდ ნადეჟდინმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, გლობალური ომი არ დაიწყება, თუმცა, თუ დაიწყება, ძალთა ბალანსი არ იქნება რუსეთის მხარეს.
კაზაკოვის მონოლოგამდე, მას შემდეგ, რაც ბორის ნადეჟდინმა დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა, სტუდიაში საუბარი წარიმართა დუმის კიდევ ერთი დეპუტატის, სერგეი მირონოვის, წამყვანის, თავად ნადეჟდინისა და პოლიტიკური ექსპერტის, ვიქტორ ოლევიჩის მონაწილეობით:
“წამყვანი: სერგეი მიხაილოვიჩ, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები?
სერგეი მირონოვი: ვერანაირი მოლაპარაკებები ვერ იქნება ზელენსკის ნაცისტურ რეჟიმთან. ზელენსკის ნაცისტური რეჟიმი უნდა დაინგრეს”.
“წამყვანი: ნადეჟდინი ფიქრობს, რომ ამისთვის ძალა არ გვაქვს.
ნადეჟდინი: ან მობილიზაცია და სრულმასშტაბიანი ომი, ან გამოსვლა.
მირონოვი: ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა [პუტინი] თქვა: “ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია”. დავიწყებთ მაშინ, როცა დაგვჭირდება…
ვიქტორ ოლევიჩი: უკაცრავად, მაგრამ რას ველოდებით? ამბობთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვინმეს მართლა სჯერა, რომ 6 თვის წინ ჩვენ დავგეგმეთ ბალაკლეის დატოვება, ხარკოვის მახლობლად კონტრშეტევის მოგერიება, ვერ შევძლებდით ხარკოვის აღებას და დავტოვებდით ბალაკლეას?
მირონოვი: არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ნატოს ბლოკის წინააღმდეგ ვიბრძვით, კარგად მომზადებული უკრაინელების ხელით. ეს არის სერიოზული არმია და მათი იარაღიც სერიოზულია.
ოლევიჩი: ჩვენს სამხედრო დაზვერვას უნდა გაეთვალა ეს!
მირონოვი: ომი ომია, ყველაფერს ვერ გათვლი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ნება, განვაგრძოთ გამარჯვებამდე”.
გადაცემის მსვლელობისას ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალებისა და კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ განხორციელებულ დივერსიებზე.
წამყვანმა ივან ტრუშკინმა თქვა, რომ არის ორი თეორია, თუ როგორ შეუძლია რუსეთს ამ ყველაფერთან გამკლავება. მისი თქმით, პირველი თეორია გულისხმობს, რომ რუსები უფრო მკაცრები უნდა იყვნენ მათ მიერ “გათავისუფლებულ ტერიტორიებზე”. ამ კონტექსტში მან ახსენა დივერსანტების გამოვლენა და “სმერში”(სსრკ-ს კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველო მეორე მსოფლიო ომის დროს).
“მეორე [თეორია] ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაიმე უკრაინის ტერიტორიაზე, რაც გამოაფხიზლებს იმ ხალხს, რომელიც აგზავნის ამ ტერორისტებს. თქვენ რომელ მეთოდს აირჩევდით?” — მიმართა მან პოლიტიკის კიდევ ერთ ექსპერტს, ალექსეი ტიმოფეევს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო:
“მე მგონია, რომ არც ერთი მეთოდი იმუშავებს და არც მეორე იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, ჩემი აზრით. ეს მოქმედებები, ეს დანაშაულები გაგრძელდება, იმის მიუხედავად, მკაცრად იმუშავებს თუ არა სმერში”.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას — “გინდათ, თქვათ, რომ სამუდამოდ ჩარჩენილი ვართ ამაში?” — ტიმოფეევმა უფრო მწვავედ უპასუხა:
“ძალიან დიდი ხნით. ძალიან, ძალიან დიდი ხნით… არსებობს ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის არმიის ოდესაში შესვლისას მხოლოდ იმის რისკი იქნებოდა, რომ ადგილობრივები [რუს ჯარისკაცებს] ძალიან მაგრად ჩაეხუტებოდნენ. რუსების სიყვარულით შეპყრობილი ოდესელები…
24 თებერვლის შემდეგ ყველანი ნათლად ვხვდებით, რომ ეს სულაც არ მომხდარა. ოდესის მცხოვრებლებს არ სურთ, ჩაეხუტონ რუს ჯარისკაცებს. და იგივე ექსპერტი დღესაც განუწყვეტლივ იმეორებს ფედერალური ტელევიზიის ეთერში, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ.
და მე ახლა ვსვამ კითხვას, თუ მისი ეს ანალიზი იყო არა მხოლოდ მცდარი, არამედ დანაშაულებრივად, კატასტროფულად არასწორი, რატომ უნდა ვისმინო იმავე ექსპერტის აზრები, რომელიც ისევ ამბობს, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ”.
ექსპერტმა ვიქტორ ოლევიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთს სჭირდება “იდეოლოგიური მხარდაჭერა ადგილობრივებისგან, არამხოლოდ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე”.
“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ უკრაინელებს. ჩვენ ვერ მივიღებთ მათ სიყვარულს, თუ ვეტყვით, რომ უკრაინული ეთნოსი არ არსებობს, რომ უკრაინული ენა არ არსებობს”.
“ჩვენ რეალისტურად უნდა მივუდგეთ ხალხს და ვუთხრათ, როგორი იქნება მათი მომავალი რუსეთთან, ვინ იქნებიან ისინი რუსეთში, მოახდენენ თუ არა იდენტიფიცირებას რუსებთან.
თუ ისინი საკუთარ თავს უკრაინელებად ხედავენ, თუ ხოლმოგოროვი[ეგორ ხოლმოგოროვი, რუსი პროპაგანდისტი, რედ.] ან სხვები ეტყვიან მათ, რომ ისინი არ არსებობენ, უარყოფენ მათ იდენტობას, მათგან მხოლოდ უარყოფას მივიღებთ”.
გადაცემის კიდევ ერთმა წამყვანმა, ანდრეი ნორკინმა საპასუხოდ თქვა:
“ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა, ან უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც საომარი ფაზა დასრულდება. საკითხავი ისაა, რამდენად მალე დამთავრდება ეს”.
ჩანაწერი ბორის ნადეჟდინსა და ალექსანდრ კაზაკოვს შორის შემდეგი დიალოგით სრულდება:
“კაზაკოვი: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი უკრაინაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ნაცისტური რეჟიმის ლიკვიდაცია და ამის შემდეგ, ვისაც საუბარი უნდა, შეუძლია, მოვიდეს ჩვენთან.
ნადეჟდინი: და რამდენ წელიწადს გაგრძელდება ეს?
კაზაკოვი: რამდენიც საჭირო იქნება.
ნადეჟდინი: მადლობა გულწრფელი პასუხისთვის… და საბოლოოდ, ჩემს 10 წლის შვილებსაც მიეცემათ შანსი, რომ იბრძოლონ, სწორად გავიგე?!”
ამავე თემაზე
რუსეთში გრძელდება დაპირისპირება კრემლის პროპაგანდისტებს შორის
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”(ISW) აღნიშნავს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.
ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
დღეს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა,რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო წარუმატებლობა იზიუმი-ბალაკლიას მიმართულებით „გადაჯგუფებით“ ახსნა. მათი განცხადებით, რუსული ჯარი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დონეცკის მიმართულებით გადაინაცვლებს.
ISW-ის ანალიტიკოსები შეფასებით, უკრაინამ გარდატეხა მოახდინა ომის მიმდინარეობაში, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს:
გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად და, სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება.
ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.