ახალი ამბები

უკრაინამ 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ – ISW

11 სექტემბერი, 2022 • 1405
უკრაინამ 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ – ISW

უკრაინულმა კონტრშეტევამ უკვე მოიტანა ცხადი შედეგები, რაც დასახლებული პუნქტების გათავისუფლებასა და რუსული მომარაგების ხაზებისა და შესაბამისად, ახალი შეტევების აღმოფხვრაში გამოიხატა.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინულმა შეტევამ ხარკოვის ოლქში დააბნია რუსული ძალები და სრულიად ჩამოშალა დონბასის შეტევის ჩრდილოეთ მიმართულება.

„უკრაინული ძალები შეიჭრნენ რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, ზოგიერთ ადგილას 70 კილომეტრზეც კი და ბოლო 5 დღის განმავლობაში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი ვიდრე რუსეთმა დაიკავა აპრილის შემდეგ“, – წერია ანგარიშში, რომელიც დღეს გავრცელდა.

ინსტიტუტის თანახმად, ის ფაქტი, რომ რუსეთმა აღიარა იზიუმი-ბალაკლიას ტერიტორიებიდან გასვლა, მიანიშნებს რუსული საინფორმაციო ბრძოლის ჩამოშლაზეც.

10 სექტემბრის უკრაინული წინსვლა ISW-ს თანახმად:

  • უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დასავლეთ ნაწილი, სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ნაწილს მომდევნო 24 საათში დაიკავებენ, თუ მდინარეს გადაკვეთენ;
  • მიუახლოვდნენ ქალაქ იზიუმს, მოსალოდნელია, რომ ქალაქს სრულად 48 საათში დაიკავებენ;
  • უკრაინელები მიუახლოვდნენ ქალაქ ლიმანს, დონეცკის ოლქში;
  • უკრაინელებმა დაიკავეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-20 კმ-ით დაშორებული ტერიტორიები ხარკოვის ოლქში, რომელსაც მანამდე რუსეთი აკონტროლებდა;
  • უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს სოფელი ბილოჰორივკა ლუგანსკის ოლქში და მიუახლოვდნენ ლისიჩანსკს. შედეგად, რუსეთი სრულად ვეღარ აკონტროლებს ლუგანსკის ოლქს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო წარუმატებლობა იზიუმი-ბალაკლიას მიმართულებით, „გადაჯგუფებით“ ახსნა.

მათი განცხადებით, რუსული ჯარი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დონეცკის მიმართულებით გადაინაცვლებს.

თავდაპირველად, იზიუმის ოკუპაციის მიზანი, სწორედ დონეცკის იზოლაცია და ჩრდილოეთიდან შეტევა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი