ახალი ამბები

რუსეთში გრძელდება დაპირისპირება კრემლის პროპაგანდისტებს შორის

15 სექტემბერი, 2022 • 9391
რუსეთში გრძელდება დაპირისპირება კრემლის პროპაგანდისტებს შორის

რუსულ მედიაში კრემლის პროპაგანდისტ წამყვანებს შორის გრძელდება კამათი ხარკოვში რუსული არმიის მარცხის ირგვლივ.

რამდენიმე დღის წინ NTV-ს ეთერში პროპაგანდისტებმა ღიად იკამათეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.

ერთ-ერთმა რუსმა ექსპერტმა და სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა გამოთქვა აზრი, რომ  საყოველთაო მობილიზაციის გარეშე რუსეთს უკრაინის დამარცხება გაუჭირდება, ამიტომ რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს და კიევთან სადავო საკითხები მოლაპარაკებების გზით გადაჭრას. ბორის ნადეჟდინმა ასევე თქვა, რომ ადამიანებმა, რომელთაც პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნეს, რომ სპეცოპერაცია სწრაფი და ეფექტური იქნებოდა, “ყველას გაგვიჩალიჩეს”.

ნადეჟდინს სხვა ექსპერტი პროპაგანდისტები NTV-ს ეთერშივე დაუპირისპირდნენ და მკაცრად გააკრიტიკეს, თუმცა შემდეგ საქმეში ვლადიმერ სოლოვიოვი და ტელევიზიაა რასია 1 ჩაერთნენ. სოლოვიოვის გადაცემაში მასსა და ერთ-ერთ ექსპერტ-პროპაგანდისტ ვასილ ვაკაროვს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

ვასილ ვაკაროვი: გუშინ ერთ ფედერალურ არხზე რუსი, საკმაოდ ცნობილი ადამიანი, ყოფილი დეპუტატი…

ვლადიმერ სოლოვიოვი: ბორიკა ნადეჟდინი?

ვასილ ვაკაროვი: დიახ

ვლადიმერ სოლოვიოვი: ბორიკა საერთოდ ისტერიულია, ვის ანაღლვებს…

ვასილ ვაკაროვი: მან თქვა მოლაპარაკებები დავიწყოთ უკრაინასთანო, არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ…

ვლადიმერ სოლოვიოვი: არიან და, როგორც წესი, 15-დღიან პატიმრობას იღებენ ხოლმე, ბორიკას ჯერ არ მიუღია, მაგრამ მიიღებს. ბორიკა არის ადამიანი, რომელმაც ზემოდან დაიწყო და ფსკერამდე ჩამოვიდა.

ვასილ ვაკაროვ: თუ ვიღაც ამას ფედერალურ არხზე ამბობს, ეს ნიშნავს, რომ არის ხალხი, ვისაც ამის თქმა სურს, მაგრამ ვერ ახერხებს

ვლადიმერ სოლოვიოვი: ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დემოკრატია გვაქვს.

 

ბორის ნადეჟდინმა არაერთი მწვავე რეპლიკა გაახმიანა НТВ-ს ეთერში და დასძინა, რომ “უკრაინის დამარცხება აბსოლუტურად შეუძლებელია ამ რესურსებითა და კოლონიური ომების მეთოდებით, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ბრძოლაში იყენებს კონტრაქტორ სამხედროებს, დაქირავებულებს, თუმცა, საყოველთაო მობილიზაციის გარეშე…”

“რუსეთის არმიას უპირისპირდება ძლიერი არმია, რომელსაც სრულად უჭერენ მხარს ყველაზე ძლიერი ქვეყნები ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად, მათ შორის, ევროპული ქვეყნები”, — აღნიშნა მან.

წამყვანის კითხვას – “სამხედრო მობილიზაციას გვთავაზობთ?” — ყოფილმა დეპუტატმა უპასუხა:

“მე გთავაზობთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად და გადასვლას პოლიტიკურ საკითხებზე”.

ნადეჟდინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი უფრო გლობალურ მასშტაბს არ მიიღებს და მასში სხვა ქვეყნებიც არ ჩაერთვებიან, თორემ ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იქნება.


“ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”(ISW) აღნიშნავს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.

ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა,რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო წარუმატებლობა იზიუმი-ბალაკლეას მიმართულებით „გადაჯგუფებით“ ახსნა. მათი განცხადებით, რუსული ჯარი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დონეცკის მიმართულებით გადაინაცვლებს.

ISW-ის ანალიტიკოსები შეფასებით, უკრაინამ გარდატეხა მოახდინა ომის მიმდინარეობაში, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს:

გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად და, სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი