თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილის სხდომა სრულად დახურა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა, – დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად.
პროკურორის თანახმად, საქმეში ფიგურირებს გრიფით საიდუმლო მასალები, ამდენად, ამის შესახებ საჯაროდ საუბარი არ მიაჩნია მიზანშეწონილად, საპროცესო კოდექსი კი ამის საშუალებას იძლევა.
ადვოკატის პოზიციით, შესაძლებელი იყო სხდომის ნაწილობრივ დახურვა იმ დროს, როდესაც საქმე მივიდოდა სენსიტიური მასალების განხილვამდე, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ იდგა. მოსამართლემ დაცვის მხარეს საჯაროდ მხოლოდ იმის საშუალება მისცა, რომ მისი დაკავებისას უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბროს.
პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები მისმა ცოლმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისთვის.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩხრეკისას სოსო გოგაშილს ჩაუდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტები და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები, მათ შორის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები. ასევე, მათი განცხადებით, დაკავებისას გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ რა მუხლებითაა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ გააკეთეს და თქვეს, რომ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუსი ამ ეტაპზე არ საუბრობს.