სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რის გასაჯაროებასაც მამამისი აპირებდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც აქვს გადაცემული.
ამის შესახებ მან დღეს, 16 ივლისს, მას შემდეგ განაცხადა, რაც გვიან ღამით სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, დააკავეს. ამის შესახებ ოფიციალურ უწყებებს განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
თავად ნიკოლოზ გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ სპეცოპერაცია მამისის მიერ გუშინ, 15 ივლისს, გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდეს, სადაც სოსო გოგაშვილმა ინფორმაციის გასაჯაროება დაანონსა.
„ფაქტია [„ქართულ ოცნებას“ მხილების შეეშინდა], იმიტომ, რომ იმ ღამესვე შემოვარდნენ“, – აცხადებს ნიკოლოზ გოგაშვილმა.
მისი თქმით, მას თავად არ აქვს ინფორმაცია, თუ რის გასაჯაროებას აპირებდა სოსო გოგაშვილი.
„დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგაშვილმა.
მისი თქმით, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის გარდა, გაჩხრიკეს მისი შვილების სახლები, სიღნაღში მდებარე სასტუმრო და ასევე გოგაშვილის მძღოლის სახლი.
„გაჩხრიკეს თითქმის ყველა, ვისთანაც მამაჩემს შეხება ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს.
გოგაშვილის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მის საკუთარ სახლში სპეცრაზმელები გვიან ღამით მივიდნენ.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ოფიციალურ უწყებებს.
სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვან, „აი უცნობის“ დამფუძნებლის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს, განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში გოგაშვილმა „ტელეეთერიდან სიმართლის მოყოლა“ დაანონსა.
„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?
მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – დაწერა გოგაშვილმა.