ახალი ამბები

შვილის ინფორმაციით, გოგაშვილის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს

16 ივლისი, 2022 • 1125
შვილის ინფორმაციით, გოგაშვილის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული.

მისი თქმით, ესენია:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

ნინი გოგაშვილის თქმით, ჩხრეკისას სოსო გოგაშილის ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტები და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები ჩაუდეს, მათ შორის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები.

ამასთან, ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს.

სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები“, – აცხადებს ნინი გოგაშვილი.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რა მუხლებითა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ  გააკეთეს და თქვეს, რომ ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, – განუცხადეს სუს-ში ნეტგაზეთს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვან, „აი უცნობის“ დამფუძნებლის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს, განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში გოგაშვილმა „ტელეეთერიდან სიმართლის მოყოლა“ დაანონსა.

„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?

მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – დაწერა გოგაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რის გასაჯაროებასაც მამამისი აპირებდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც აქვს გადაცემული.

მისი თქმით, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის გარდა, გაჩხრიკეს მისი შვილების სახლები, სიღნაღში მდებარე სასტუმრო და ასევე გოგაშვილის მძღოლის სახლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი