ახალი ამბები

სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს – ნინი გოგაშვილი

8 ნოემბერი, 2022 •
სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს – ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის, ნინო გოგაშვილის ცნობით, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს. მისი ინფორმაციით, ნიკა გოგაშვილი 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღებას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

ნინი გოგაშვილის განცხადებით, იარაღები, რომლის გამოც ნიკა გოგაშვილი დააკავეს, 16 ივლისს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებისას, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს, თუმცა როგორც ნინი გოგაშვილის შვილი ამბობს, ნიკას აღნიშნული იარაღები გაფორმებული ჰქონდა, სოსო გოგაშვილის დაკავების მომენტში კი მათ სახლში ინახებოდა:

“დღეს დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი. თელავში ქუჩიდან აიყვანეს. მისული იყო სამი მანქანა, საიდანაც ორი იყო სუს-ის, ხოლო ერთი- ადგილობრივი პოლიციის. რეალურად, მას გაფორმებული აქვს კანონიერად სამი იარაღი და კანონიერად აქვს შეძენილი. ამის გამო დააკავეს, თითქოს მან უკანონოდ გაასაღა ეს ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აბსურდია.

ის თელავში ცხოვრობს და როცა ჩამოდიოდა, ჩვენთან რჩებოდა ხოლმე. 16 ივლისს, როცა მამაჩემი დააკავეს, აქ ჰქონდა ეს იარაღი, აქედან ამოიღეს. რეალურად, მის სახელზეა გაფორმებული, შეძენილია კანონიერად და არავისზე ჰქონია გასაღებული. სრული აბსურდია, რომ ამის გამო აკავებენ და მინიმუმ 6 წლით პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს.

მისი დაკავება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მამაჩემის ბიძაშვილია, მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და უნდათ, რომ მამაჩემი კიდევ ერთხელ გაამწარონ, ასევე გაგვამწარონ ოჯახი და ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენონ, რომ მამაჩემი თუ რაღაცაზე ილაპარაკებს კიდევ ხმამაღლა, შემდეგში ალბათ სხვა ოჯახის წევრებს დააკავებენ უსამართლოდ იმიტომ, რომ არაკანონიერია ის ქმედება, რასაც ახალ სუსი აკეთებს”, – განაცხადა ნინი გოგაშვილმა ნეტგაზეთთან.

სუს-ის ცნობით, ნიკა გოგაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული საქმე სოსო გოგაშვილის ბრალდების საქმიდან გამოყოფილია.

გარეკანის ფოტო: FB/ნინი გოგაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი