მეორე დღეა საკონტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
თუმცა პარტიების ნაწილისთვის გაუგებარია, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა არის სადავო „ქართული ოცნების“ სარჩელში.
მეორე დღეა ამ საკითხის დაზუსტებას ითხოვს „ძლიერი საქართველო – ლელო“ და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე.
ევა გოცირიძემ გუშინ, 21 ოქტომბერსაც მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ დაეზუსტებინათ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ „რა სამდურავი“ გაააჩნდათ და სარჩელში წარმოდგენილი რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას.
„მაგალითად, არის 2003-2012 წლის ფაქტები, ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს? აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“, – იკითხა ევა გოცირიძემ 21 ოქტომბერს.
ევა გოცირიძეს მსგავსი კითხვა დღესაც ჰქონდა, როცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ოცნების“ სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებით მოყვანილ გარემოებებზე შუამდგომლობები წარადგინა.
„სარჩელში, იმ ადგილას, სადაც საუბარია 2008 წლის ამბებზე, იწყება სწორედ ასე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ…“ და ეს ტექსტი შეიძლება თუ არა ჩვენ მივიჩნიოთ იმის დამადასტურებლად, რომ ეს ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას?“ – იკითხა დღესაც ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძის პასუხად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ეს არსებითი განხილვის ეტაპის საკითხია, ვინაიდან მმართველი პარტიის სარჩელის „მთელი სამართლებრივი ლოგიკა“ ამაზეა დაფუძნებული.
„ბატონმა გორდულაძემ ვერ უპასუხა მოსამართლე ევა გოცირიძის შეკითხვას და ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად სარჩელის ბუნდოვანებას – რა შეიძლება ჩვენ [ლელოს] მოგვემართებოდეს, ეს ბატონმა გორდულაძემ დატოვა ისევ ღიად და შემდეგ ეტაპზე ავხსნით, ვის რა მიემართებაო“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.
„ლელოს“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, თორნიკე ართქმელიძის განცხადებით, ახსნა-განმარტების ეტაპამდე სარჩელის ბუნდოვნად დატოვება მათთვის სერიოზული საპროცესო უფლებების შეზღუდვაა.
„ბატონმა არჩილმა ბრძანა, ახსნა-განმარტების ეტაპზე ვიტყვითო, თუ რას ვედავებით თითოეულ მხარესო. სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტია მოხსენიებულია 8-ჯერ. აქედან 5 არის ტექნიკური მოხსენიება (სათაურში, სქოლიოში და ა.შ.) შინაარსობრივად მხოლოდ 3-ჯერ არის მოხსენიებული. მაგალითად, ჩვენთვის გასაგებია ერთი ფაქტობრივი გარემოება, სადაც ჩვენ და გახარიას გვედავება, რატომ შექმენით მუნიციპალური არჩევნების წინ კოალიცია, ანუ თანამშრომლობა რატომ გადაწყვიტეთ არჩევნების წინო. ეს არის აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი, რასაც მოსარჩელე მხარე გვეუბნება და ტექსტიც არის, რომ თითქოს ეს იყო უმძიმესი განზრახვა. ამ ნაწილში გასაგებია და ამაზე დავიცავთ თავს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე, რაზეც აქ ვსაუბრობთ, რაზეც შუამდგომლობებია, არ ვიცით, ვართ თუ არა მოპასუხეები. ამიტომ ახსნა-განმარტების ეტაპზე ამის დადგენა ჩვენი მხარისთვის იქნება სერიოზული საპროცესო უფლებების შეზღუდვა“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემ.
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას მიაჩნია, რომ იმაზე აპელირება – გაარკვიოს „ლელომ“ მიემართება თუ არა მათ პარტიას ის გარემოებები, რომლებიც, მაგალითად, პარტიის შექმნამდე 13 წლით ადრე მომხდარ ფაქტებს შეეხება – „სხვა მიზანს ემსახურება“.
„გასაგებია, რომ გუშინდლიდან მოყოლებული ამაზე ცდილობთ აპელირებას, თუმცა მეგონა, რომ ეს საკითხი გუშინ ამოიწურა. ვართ იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვართ. მე, როგორც იურისტმა, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე სარჩელთან, მის გამართულობასთან და მიმართებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ახლა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილებაზე ისევ ამ თემის წამოჭრა, ეს უკვე სხვა მიზანს ემსახურება… თქვენი ყველა სიტყვის ლაიტმოტივი თუ უნდა იყოს, რომ „ვერ გავიგე, მე რა მომემართება“, კი ბატონო, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას, ეტყობა, თავისი მიზანი აქვს, თორემ საქმის განხილვას და იმას, რომ თქვენი პოზიცია ჩამოაყალიბოთ, ამაში ხელი არ გეშლებათ“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
