სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით თითქმის 12 საათის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
უწყების განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, – განუცხადეს სუს-ში ნეტგაზეთს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვან, „აი უცნობის“ დამფუძნებლის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს, განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში გოგაშვილმა „ტელეეთერიდან სიმართლის მოყოლა“ დაანონსა.
„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?
მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – დაწერა გოგაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რის გასაჯაროებასაც მამამისი აპირებდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც აქვს გადაცემული.
მისი თქმით, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის გარდა, გაჩხრიკეს მისი შვილების სახლები, სიღნაღში მდებარე სასტუმრო და ასევე გოგაშვილის მძღოლის სახლი.