საზოგადოება

მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესია დამოუკიდებლობას აცხადებს

27 მაისი, 2022 • 2321
მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესია დამოუკიდებლობას აცხადებს

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკლესიამ დღეს მიიღო.

ეკლესია აცხადებს, რომ ის გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და მოსკოვის პატრიარქის, კირილეს პოზიციას ამ ომთან დაკავშირებით.

მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 250-მდე მღვდელმა მოითხოვა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელმაც უკრაინაში შეჭრა არ დაგმო და კრემლის პოზიცია დაიცვა, საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში მეორე, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიაც არსებობს. უკრაინის ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე.

უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა(საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.

რუსეთმა, რომელიც თავშივე ცალსახად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, კავშირი გაწყვიტა როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ისე დანარჩენი სამი ეკლესიის მეთაურებთან.

ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი