საზოგადოება

„თუ ვერ აკეთებ ქამინგაუთს, არ ნიშნავს, რომ მშიშარა ხარ“ — ინტერვიუ Rémmée-სთან

13 მაისი, 2022 • 2156
„თუ ვერ აკეთებ ქამინგაუთს, არ ნიშნავს, რომ მშიშარა ხარ“ — ინტერვიუ Rémmée-სთან

38 წლის ქართველი ლესბოსელი მუსიკოსი თინათინ ნოღაიდელი, იგივე Rémmée, 15 მაისს გამოუშვებს კლიპს სიმღერისთვის — „დაო”. სიმღერა, რომელიც შეაფასეს როგორც „ფემინისტური ჰიმნი“, Rémmée-მ რამდენიმე თვის წინ შვედეთში ჩაწერა.

სიმღერას მალევე მოჰყვა ქამინგაუთი — საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღვანება საჯაროდ. ქამინგაუთამდე გზა შორი იყო. Rémmée-მ ჰეტეროსექსუალური ოჯახი ორჯერ შექმნა. მეორე ქორწინების შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ 13 წელი გავიდა.

როგორც თავად ამბობს, 30 წლისას უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ ჰეტეროსექსუალი არ იყო, თუმცა საკუთარი სექსუალური იდენტობა რამენიმე წლის წინ გაიაზრასრულად. მისი თქმით, ამ ფაქტმა შინაგანი თავისუფლება მოუტანა, რაც მის ხელოვნებაზე და ცხოვრებაზე დადებითად აისახა.

Rémmée-მ ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა თავის სიმღერაზე, რეაქციებზე, ქამინგაუთსა და იმაზე, თუ რა გზა გაიარა ამ გადაწყვეტილებამდე, ასევე, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება.

რა მესიჯის გავრცელება გსურდათ სიმღერით „დაო, დითა ხარ ძლიერი“ და როგორ ფიქრობთ, მოახერხეთ?

ჩემი ბრძოლა ქალური სოლიდარობაა. მგონია, რომ როგორც განვისწავლეთ ეს, ისევე შეგვიძლია დავისწავლოთ.

ეს სიმღერაც ბუნებრივად მოვიდა, საკუთარი თავისთვის არ შემიკვეთავს. დიდხანს ვფიქრობდი ამ თემაზე სიმღერის დაწერას. ნინუცა მაყაშვილის და ნელი დოროყაშვილის ამბების გახმაურების შემდეგ კი დავიწყე პატარა ჩანაწერების კეთება.

პირველი ბიძგი ნელი დოროყაშვილის ამბავი იყო, როდესაც დავინახე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გააგმირეს, ამან ძალიან შემძრა და სპონტანურად ჩავწერე “ჩემი გმირი გიწოდეს” ნაწილი. იმ წამსვე ვიცოდი, რომ მქონდა იდეა და ვიცოდი, საითაც წავიდოდა ის.

ზოგადად, ძალიან მიყვარს მინიმალიზმი და ჩემი სიმღერებიც ასეთია, თუმცა “დაო” სპეციალურად გავაკეთე ასე. მინდოდა, რომ ვიღაც რომ ჩართავს ამ სიმღერას, დაიმახსოვროს და გაიმეოროს – “დაო, დითა ხარ ძლიერი”.

ყველაფრით ამაყი ვარ, რაც ამ სიმღერაშია.

როგორი გამოხმაურებას ელოდით და როგორი რეაქციები მოჰყვა სიმღერას?

ეს სიმღერა ჩემს ოთახში დავწერე. ვინც ინდუსტრიაშია, იცის, რასაც ნიშნავს ეს. მე უკან არავინ მიდგას, არავითარი პრომო კამპანია არ მქონია. არაფრიდან წამოსული ვიღაც ვარ. ქართულ მუსიკალურ სცენაზეც არავინ ვარ და სადაც ვმოღვაწეობდი (საფრანგეთში), იქაც ძალიან პატარა, დამოუკიდებელ სცენებზე ვიდექი. შესაბამისად, არ მქონდა მოლოდინი, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. თუმცა ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ მესიჯი, რაც ამ სიმღერას აქვს, მნიშვნელოვანია და ხალხთანაც მივიდა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხია ყველა იმ ეჭვზე, რომელიც მანამდე მქონდა. ყველა პლატფორმაზე ერთად თუ შევაჯამებთ, 50 ათასზე მეტი მოსმენა აქვს სიმღერას.

15 მაისს გამოდის თქვენი კლიპი სიმღერაზე “დაო”. რა არის კლიპის იდეა?

კლიპი დეკემბერში გადავიღეთ, 8 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა შემდეგ [უკრაინაში] ომი დაიწყო და ამიტომ გადავდეთ.

კლიპი ნაწილობრივ ქალთა ფონდის მხარდამჭერით დაფინანსდა, ნაწილობრივ კი ძალიან აქტივისტურად გაკეთდა.

მისი მთავარი იდეა ქალების ერთიანობის ჩვენება იყო. მე მინდოდა, რომ ჩემ ნაცვლად სხვა ქალებს ემღერათ. მასში მონაწილეობას იღებს ყველა ასაკის ქალი. თავიდან რომ დავწერე, კლიპისთვის ვეძებ ქალებს-მეთქი, მწერდნენ, “მოდელის ზომა-წონა არ მაქვს და არაუშავსო?” მე მართლა მინდოდა, რომ აბსოლუტურად ყველა ფორმის, ზომის და ასაკის ქალი ყოფილიყო.

ყველა, ვინც კლიპში მონაწილეობს, მხარს უჭერს მის იდეას, რომელიც დგას ნდობაზე, ქალურ სოლიდარობაზე, ერთად დგომაზე, და იარაღად გვაქვს ყვავილები. ერთმანეთს ვეხუტებით და ვმღერით.

როდის გაიაზრეთ თქვენი სექსუალური იდენტობა და ამჟამინდელი გადმოსახედიდან, როგორი იყო თქვენი ცხოვრება, სანამ ქამინგაუთს გააკეთებდით?

ინგლისური ტერმინია compulsory heterosexuality, ანუ როცა არჩევის გარეშე, დაბადებიდან ყლაპავ შენს სექსუალური იდენტობას.

მე როცა კაცთან ერთად ვცხოვრობდი, მაშინაც არ მოვიაზრებდი თავს ჰეტეროსექსუალად, უბრალოდ ეს იყო მოცემულობა, რომელშიც შევედი და რომელმაც ძალიან გამიიოლა ცხოვრება იმიტომ, რომ კაციშვილთან არ მჭირდებოდა არაფრის თქმა.

30 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ ჰეტეროსექსუალი არ ვიყავი, თუმცა იმის გაცნობიერებას, რომ ლესბოსელი ვიყავი, უფრო მეტი ხანი დასჭირდა.

ვიბადებით, რაღაც არჩევანებს გვაძლევს ცხოვრება და ამ ყველაფრის გაანალიზებას მაშინ ვიწყებთ, როცა ვხედავთ. მე რომ მანამდე მენახა, რომ სხვა არჩევანიც არსებობდა, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ მე კაცთან ცხოვრებას არ ავირჩევდი. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ არჩევანს გავაკეთებდი გათვიცნობიერებულად.

პატარა რომ ვიყავი და ქალი მომეწონებოდა, სულ წარმოვიდგენდი, რომ კაცი ვიყავი. უფრო იოლი იყო ასე, ვიდრე იმის წარმოდგენა, რომ მე – ქალს, ქალთან შეიძლებოდა რამე მქონოდა.

ანუ იდეაში სულ ვიცოდი, მაგრამ ეს [ქამინგაუთი] უფრო დიდი პროცესია, ვიდრე გვგონია.

25-30 წლამდე უკვე ცხადად დავინახე, რომ არ ვიყავი ჰეტეროსექსუალი. ეს ჩემი ყოფილი მეუღლისთვის არასდროს დამიმალავს.

რაც შეეხება ქამინგაუთს, ჯერ ჩემს თავთან მქონდა, შემდეგ ჩემს ყოფილ მეუღლესთან, მერე მეგობრებთან, ქვიარ საზოგადოებასთან, შემდეგ ეს წრე სულ უფრო გაიზარდა და რაღაც მომენტი დადგა დრო, რომ მშობლებსაც გავუმხილე.

Rémmée [თინათინ ნოღაიდელი]/ ფოტო: KOI

რამდენად გაგიჭირდათ ქამინგაუთის გაკეთება?

სამი წელი მოვანდომე საკუთარ თავთან შეხვედრას და გავიაზრე, ვინც ვარ, რამდენად გამომწყვდეული მყავდა საკუთარი თავი და არსად ვუშვებდი, თითქოს კარადაში ვიყავი გამომწყვდეული.

ის ყველაფერი, ვინც დღეს ვარ და რადაც ვაიდენტიფიცირებ საკუთარ თავს, არ ვიყავი. ვიყავი ქავერების მომღერალი და ვერ ვუწოდებდი ჩემს თავს სიმღერის ავტორს. იმედი მაქვს, ერთ წელიწადში ვიტყვი, რომ მწერალი ქალი ვარ. რადიკალი ფემინისტი ვარ, პოდკასტერი ვარ, ის ყველაფერი, რაც მეძვირფასება ჩემს თავში, არცერთი არ ვიყავი.

ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას, როგორ შეიძლება, ჩემი ასეთი მნიშვნელოვანი იდენტობის კომპონენტები არ გამოვხატო. ეს იყო ძალიან ემოციური.

ყველაზე მეტად მშობლებისთვის თქმა გამიჭირდა. იმ პატარა ბავშვს, რომელიც საკუთარ თავში გვყავს, ყოველთვის სჭირდება მშობლისგან ვალიდაცია და იმის დასტური, რომ 100%-ით უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემი მშობლები ვერ დავისვი პირისპირ და ასე ვერ ვუთხარი. მანამდე ყველა გადაწყვეტილებაზე, როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ის, რომელზეც მიღელვია, ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნდა, რომ პირისპირ უნდა მეთქვა.

ამ შემთხვევაში კი მივხვდი, რომ ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. თან უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, რომ ვიცოდი, წყალივით მჭირდებოდა, რომ აღარ დამემალა ეს. იმის თქმა კი არ მჭირდებოდა, რომ მეთქვა, ვინც ვარ, უბრალოდ მალვა აღარ შემეძლო, ამის ენერგია აღარ მქონდა.

შემდეგ მშობლებს მივწერე წერილი, რომელიც დავასრულე სიტყვებით “თქვენი ბუდიდან გადმოგდებით დაშინებული ბარტყი” გწერთ – მეთქი.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ხარ, თავად შვილები გყავს, შენც სრულიად ზრდასრული ადამიანი ხარ, საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი, ის ვალიდაცია მშობლებისგან, რომ “არა, არასად გადაგაგდებ და შენი ადგილი არის ამ ბუდეში”, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნაწილობრივ მივიღე კიდეც ეს.

რას ფიქრობდით, თუ არ მიგიღებდნენ?

მზად ვიყავი ამისთვის იმიტომ, რომ ვიცი, ვინც ვარ.

ეს პროცესი ორივე მხარისთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ თვითონ უნდა იცხოვრონ იმ საზოგადოებაში და როცა წარმოვიდგენ, რისი თქმა შეუძლიათ მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს და ყველა არამკითხე მოამბეს, არანაირად ვისურვებდი დედაჩემის ადგილას ყოფნას.

ძალიან კარგად მესმის, რომ მამაჩემს ვიღაცამ რაღაც რომ უთხრას, შეიძლება მოუწიოს ჩემი დაცვა იმ ფორმით, რომელსაც საერთოდ არ ვემხრობი და არ მინდა ასე მოხდეს.

მაგრამ ყველა ვარიანტში ყველანაირი სცენარისთვის ვიყავი მზად.

ჩემი სოფლიდან, საიდანაც ვარ, ქამინგაუთის შემდეგ ნათესავების ნაწილთან კონტაქტი არ მქონია. მე უბრალოდ არ ვიცი, ისინი მიღებენ თუ არ მიღებენ. შეიძლება ძალიან კარგადაც მიღებენ, უბრალოდ არ ვიცი მე ეს.

უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, ჩავიდე სოფელში და ლამაზად და წყანარად ვიყო. შეიძლება არაფერი მოხდეს, შეიძლება სრულიად არამკითხე ნათესავი გამოვიდეს და მითხრას, წადი აქედანო და ეს არ მინდა.

Rémmée [თინათინ ნოღაიდელი]/ ფოტო: KOI

რა გზა გაიარეთ დაქამინგაუთებიდან დღემდე?

ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, რომ ვინც აუთდება, პირველი ბისექსუალად აუთდება, მით უმეტეს, თუ ჰეტეროურთიერთობაში აღმოჩნდება.

მე ჩემს მეუღლეს 22 წლის შევხვდი. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ვინ ვიყავი. თუმცა ამ ურთიერთობაში სრულიად გულწრფელად აღმოვჩნდი. ვიყავი გულწრფელად შეყვარებული.

ჩემს ქმარს რომ არ ეთქვა, რომ განქორწინება უნდოდა, მე ისევ ამ ურთიერთობაში ვიქნებოდი და შეიძლება, ჩემი სექსუალური იდენტობა შესახებ არასდროს არავის გაეგო.

ხშირად თვითგამორკვევის დრო არ გაქვს, ხოლო როცა ამ ეტაპზე გადადიხარ, უკვე ურთიერთობაში ხარ და სრულიად თავსებადი შეიძლება იყოს კაცთან ურთიერთობა ისე, რომ ლესბოსელი იყო.

ერთი წლის წინ, აპრილში ბათუმში ჩავედი. ქამინგაუთის დიდი წილი უკვე გაკეთებული მქონდა და სული შემეხუთა. ყველა ფეხის ნაბიჯზე მეკითხებოდნენ- “აბა, ვინ კაცს შეხვდი? რატომ არ გათხოვდი უკვე?” და მივხვდი, რომ ძალიან ვიხუთებოდი, აღარ მინდოდა, რომ ვიღაცებს ჰეტეროდ დავენახე და ყველა ჰეტეროდ გხედავს, როდესაც არ ამბობ, რომ ჰეტერო არ ხარ.

მახსოვს, იმ ადამიანებსაც აღარ ვნახულობდი, ვინც ხვდებოდა, თუმცა არ იცოდა, რას ნიშნავდა ჩემი ცვლილება. “თმა რატომ შეიჭერი? ბიჭურად რატომ გაცვია?” – მეკითხებოდნენ. ვეღარ ვუმკლავდებოდი ამ კითხვებს.

ერთი სული მქონდა, როდის ვიტყოდი, რომ ლესბოსელი ვარ. ახლაც ისეთი სიხარულით ვამბობ, ჯერ არ გადამდის ეს სიხარული და ძალიან მძიმე იყო იმასთან შეჯახება, რომ ვიღაცები არ მიღებდნენ იმად, რაც ვარ.

ვიბრძოლე მათთან, ვინც მინდოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში დარჩენილიყო, მაგრამ იყო ხალხი, ვისთან ბრძოლის ნერვებიც არ მქონდა. ცხოვრება იმხელაა და იმდენი ადამიანი გყავს, უნდა ამოირჩიო.

თუმცა არის ხალხიც, რომელმაც მიმიღო, თუმცა შენ მადლობელი უნდა იყო, რომ მიგიღეს.

რა შეცვალა ქამინგაუთმა შენს ცხოვრებაში, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად?

მე ვარ ადამიანი, რომელიც ჩემს სივრცეში, ჩემს საზღვრებში უსაფრთხოდ ვგრძნობდი ყოველთვის თავს და ამ სივრცის გახსნა და სხვების ჩახედვა ჩემთვის მძიმე იყო. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოეჩვენოთ ადამიანებს.

ერთი მხრივ, ვფიქრობ, რომ ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, რომ რაღაცების აღარ მეშინოდეს.

მაგრამ ამისთვის დამჭირდა გარკვეული სივრცეების დათმობა და მზად არ ვიყავი ამისთვის. არის რაღაც სივრცეები, რომელში მისვლისაც მეშინია და არ მიმესვლება.

დადებითია ის, რომ ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, რომ მინდა ვიცხოვრო ისე, როგორ მე თავად მსურს.

[დაქამინგაუთებამ] მომიტანა ის, რომ ბოდიშს არ ვიხდი იმისთვის, ვინც ვარ და არ მაინტერესებს ის ადამიანები, ვისთანაც ბოდიშის მოხდა მჭირდება.

ძალიან მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც დღეს ვარ. ყველაფერი მიყვარს ჩემი თავის, რასაც წარმოვადგენ, როგორც მაცვია, როგორც მხედავენ სხვები, ჩემი იდენტობის გამოხატვა, ჩემი თამაში მამაკაცურ-ქალურ კოდებზე, ჩემი წითელი პომადა, ჩემი კაცური შარვალი, ჩემი კაცურობა და ქალურობა – აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს.

რა რჩევას მისცემდი სხვა ქალებს?

ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რაც მაქვს ქალებისთვის, არის, რომ არაუშავს, თუ ვერ აკეთებ ქამინგაუთს. არ გჭირდება ამის დამტკიცება არანაირი გმირობისთვის.

თუ ვინმე მიყურებს და ფიქრობს, რომ მასაც უნდა ჩემნაირად ყოფნა, არაუშავს, თუ არ ხართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშიშარა ხარ, არაუშავს, თუ დრო გჭირდება.

გარეკანის ფოტო: ნათია გელანტია

მასალების გადაბეჭდვის წესი