ახალი ამბებისამართალი

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

13 აპრილი, 2021 • 6280
ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქალი ორსულად იყო. თავად ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას.

„ეს გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად“

ნინუცა მაყაშვილმა ძალადობის შესახებ გუშინ, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის – „ფარული კონვერტის“ დროს ისაუბრა.

ქალი ჰყვება, რომ ძალადობის მსხვერპლი ხშირად გამხდარა ზანგურის მხრიდან, მიზეზი კი ნებისმირი ბანალური რამ შეიძლება ყოფილიყო.

„პირველად რა მიზეზი იყო, არ მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი… [ახლაც] რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი გავიდა. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად“, – ამბობს ის.

მაყაშვილის თქმით, საუბარია არა ხელის აღმართვაზე, არამედ ცემაზე.

ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მაშინ  ძალადობაზე არ უსაუბრია, „დრო არ იყო სწორი, ახლა დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი, ვიდრე მაშინ“.

ამ ინტერვიუს დროს ქალი ამბობს, რომ ზანგურისგან წამოსვლის ეშინოდა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მუქარებსაც. შემდეგ კი ჰყვება ერთი ეპიზოდის შესახებ, რომელსაც „ბოლო წვეთს“ უწოდებს – ის აცხადებს, რომ კაცი მას საათების განმავლობაში სცემდა.

„რომ დაიწყო [ცემა] ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილამდე. ერთადერთი, რისი თქმაც შემეძლო, იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც მეორე ოთახში ღნაოდა, ერთადერთი, რამაც გამაძლებინა, იყო ის, რომ მე ვიცოდი, რომ ბავშვი იქიდან უნდა წამეყვანა“, – ამბობს ის.

სწორედ ამ დღეს, მაყაშვილის მონათხრობის თანახმად, სახლიდან გამოიქცა და მშობლებთან დაბრუნდა -„ სადარბაზოდან გასვლის მომენტი ცუდად მახსოვს, იმიტომ, რომ ვხვდებოდი, რომ სადმე შეიძლება შემფეთებოდა და თუ ის დამინახავდა, მაშინ შეიძლება რაიმე საშინელება მომხდარიყო”.

„კარგად მესმის, რატომ არ დგამენ ამ ნაბიჯს [ქალები], მეც ვერ ვდგამდი. მე ყველა ქალს, ვინც ახლა მსგავს სიტუაციაში ან იმავეს განიცდის, ან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დამთავრებულია – ყველას ვთხოვ, რომ რაღაცნაირად ძალა მოიკრიბეთ და იცოდეთ, რომ არავის აქვს იმის უფლება, რომ ან შეგეხოთ, ან ცუდად მოგექცეთ“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი და ამატებს, რომ ახლა არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაეხმარება, მაშინ კი ეს მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„კატეგორიულად ვემიჯნები“

ნტეგაზეთი დაუკავშირდა ბესო ზანგურს. მსახიობმა გვითხრა, რომ ქალი სიცრუეს ამბობს, ძალადობას კი ადგილი არ ჰქონია.

ქალის ამ ინტერვიუს ასევე ფინანსურ ინტერესს უკავშირებს, რადგან გადაცემის ფორმატი სწორედ ასეთია. საქმე ის არის, რომ „ფარული კონვერტის“ წესების თანახმად, რესპონდენტი კონვერტს ხსნის, რომელიც პირადი შინაარსის კითხვას შეიცავს. თუ ის კითხვაზე პასუხის გაცემას გადაწყვეტს, ამისთვის გარკვეულ თანხას მიიღებს. სწორედ ამას გულისხმობს მსახიობი ბესო ზანგური. ნინუცა მაყაშვილმა გადაცემის დასაყიწში განაცხადა, რომ ამ საკითხზე არა თანხის, არამედ იმის გამო სურს საუბარი, რომ თავის დროზე ამ ამბავს ბევრი მითქმა-მოთქმა და ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მის მიმართ.

„ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რიტმსა და წესს, თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე. რამენაირად გამოვავლენდი სხვაგანაც ამ მოძალადე სახეს [რომ ვიყო]“, – გვეუბნება ბესო ზანგური და ასევე დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ საუბრობდა მისი ყოფილი მეუღლე ამ საკითხზე მანამდე. მისივე თქმოთ, თუ მის შვილებზე ამგვარი “ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა”, არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით.

გამოძიება უნდა დაიწყოს ნებისმიერ შემთხვევაში – იურისტი

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე ნეტგაზეთს განუმარტავს, რომ სავარაუდო ძალადობის ნიშნების შემცველი ინფორმაციის მასმედიაში გავრცელების შედმეგ, საგამოძიებო ორგანოებს რეაგირება აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

„გამოძიება უნდა დაიწყოს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, განმცხადებელი უშუალოდ მიმართავს თუ არა საგამოძიებო უწყებას. საქართველოს კანონმდებლობით, მასმედიაში შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საკმარისია გამოძიების დასაწყებად.

მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი დროა გასული, სახელმწიფო ვალდებულია სათანადო გულმოდგინებით გამოიძიოს საქმე, დაადგინოს ყველა გარემოება და ამის შემდეგ იმსჯელოს შემდგომ ნაბიჯებზე“, – გვიყვება იურისტი.

რაც შეეხება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადას, ანა თავხელიძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სავარაუდო დანაშაულია ჩადენილი – ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ გამოძიების ფარგლებში შეიძლება დადგინდეს – „მაგალითად, დახრჩობის მცდელობას ან არაადამიანურ მოპყრობას აქვს განსხვავებული ვადები, ვიდრე, მაგალითად, ხელის გარტყმას“.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე ასევე დაუკავშირდა პროკურატურასაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ვგმობთ ძალადობას – რუსთაველის თეატრი

სავარაუდოდ, ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა რუსთაველის თეატრი, სადაც ბესო ზანგური მუშაობს. ამავე თეატრის მსახიობი იყო ნინუცა მაყაშვილიც.

მანამდე თეატრის პრესსამსახურს ნეტგაზეთიც ესაუბრა. იმ ეტაპზე თეატრში კომენტარი არ გააკეთეს.

“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას”, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი