სამართალი

რას ვერ ამბობენ მოსამართლეები?

14 აგვისტო, 2023 • 1713
რას ვერ ამბობენ მოსამართლეები?

2020 წელს პოლონეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ადამიანები ქვეყნის მასშტაბით პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აპროტესტებდნენ, რომელიც მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც პოლონეთში „ალიკაპის კანონი“ შეარქვეს, სასამართლო რეფორმაზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო მოსამართლის სანქცირება იყო შესაძლებელი.

მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვასა და ამ გზით სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის შებოჭვაზე წუხილები არც ქართული მართლმსაჯულებისთვისაა უცხო. ამაზე მოწმობს ვენეციის კომისიის მიერ წლების განმავლობაში გახმიანებული მოწოდებები, დავიწროებულიყო ჩანაწერი მოსამართლეთა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ და სარჩელი, რომლითაც ხუთმა მოსამართლემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკითხი აქტუალურია იმ ფონზეც, რომ მართლმსაჯულების რეფორმა მესამეა იმ 12 პრიორიტეტს შორის, რომელთა შესრულებამაც წლის ბოლოს უნდა გადაწყვიტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება კი ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

„ალიკაპის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია პოლონეთის ქალაქ პოზნანში 2019 წელი ფოტო: EPA

რისი თქმა არ შეუძლია მოსამართლეს?

მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს აწესებს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი.

2021 წლის დეკემბერში “ქართულმა ოცნებამ” კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის შედეგადაც გაჩნდა ჩანაწერი, რომ დისციპლინურ პასუხისგებას ექვემდებარებოდა მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა. ჩანაწერი ზოგადი იყო და მეტ კონკრეტიკას არ შეიცავდა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ამავე წლის ნოემბერში 16 მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომლითაც ისინი ემიჯნებოდნენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

ამ გარემოებამ თუ დამთხვევამ მართლმსაჯულების სისტემით დაინტერესებულ ბევრ ანალიტიკოსს აფიქრებინა, რომ მმართველი გუნდის მიზანი სასამართლო სისტემაში გაღვივებული კრიტიკული ხმების გაჩუმება იყო.

ზემოხსენებული 16 მოსამართლე გაემიჯნა კონფერენციის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებას , რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის, პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევის გამო.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: კლანგარეშე მოსამართლეები

საქართველოს დასავლელი პარტნიორები აცხადებდნენ, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე კი წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი.

ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, 2022 წლის აპრილში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის შესახებ ჩანაწერი ხუთმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებიც საელჩოების კრიტიკას არ შეუერთდნენ. სარჩელის ავტორები აცხადებდნენ, რომ ეზღუდებოდათ „გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა, ასევე, მოწყვლადი თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლოს Facebook გვერდი

სარჩელში მოსამართლეები აცხადებდნენ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არსებობს კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევის და მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების რისკი.

ვენეციის კომისია კი აღნიშნავდა, რომ თუ ძალაში დარჩებოდა ჩანაწერი მოსამართლეთა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე, მაშინ უნდა გაწერილიყო, რომ სამართლებრივ საკითხებსა და რეფორმებზე გამოთქმული მოსაზრება ამგვარ დარღვევად არ ჩაითვლებოდა.

მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტმა აღნიშნული ნორმა შეცვალა და დაადგინა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხებზე მოსაზრებას სამეცნიერო ანალიტიკური სახით გამოთქვამს, თუმცა კანონში არ არის განმარტებული, რა იგულისხმება მოსაზრების ანალიტიკური სახით გამოხატვაში.

შესაბამისად, კანონში ჩანაწერი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მართლაც დავიწროვდა, თუმცა, როგორც მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, ახალი რედაქცია იმდენად დაკონკრეტდა, რომ პრაქტიკაში ახალი პრობლემები წარმოშვა:

„ის ჩანაწერები, რომლებიც კანონმდებლობაში თითქოს დაზუსტდა, სამწუხაროდ, მაინც ტოვებს სივრცეს, რომ მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იქნას გამოყენებული და აჩენს რისკს, რომ მოსამართლეები საერთოდ მოერიდონ რაიმე ტიპის საჯარო შეფასებებს და განცხადებებს იმის შიშით, რომ არ დაექვემდებარონ სანქციებს“ ,— ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

„ალიკაპის კანონის“ საწინააღმდეგო მსვლელობა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2020 წელს ფოტო: EPA

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია შეცვლილი კანონმდებლობის ის ნაწილიც, სადაც ანალიტიკური სახით გამოთქმულ მოსაზრებაზეა მითითებული:

„გასაგებია, რომ ზოგი მოსამართლე შეიძლება ჩართული იყოს სამეცნიერო საქმიანობაში, მაგრამ არა ყველა. ამასთან, ბუნდოვანია, არაანალიტიკური სახით მოსაზრება როგორ უნდა გამოთქვა კანონზე?! მაგალითად, თუ მოსამართლემ დაწერა [სოცქსელში] პოსტი და პირობითად, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები გააკრიტიკა, კანონში არსებული ჩანაწერი ტოვებს რისკს, რომ ეს შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა, რადგან მიიჩნიონ, რომ მოსამართლემ ეს აზრი ანალიტიკური სახით არ გამოთქვა“, — აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ფორმალური სანქციები

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაზე დისციპლინური სახდელი კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • შენიშვნა,
  • საყვედური,
  • მკაცრი საყვედური,
  • ხელფასის დაქვითვა,
  • თანამდებობიდან გათავისუფლება.

მოსამართლეთა მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს, რომლის შემადგენლობის ნაწილს (3 მოსამართლე წევრს) მოსამართლეთა კონფერენცია, 2 არამოსამართლე წევრს კი საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაშია შესაძლებელი.

„სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც, რადგან მოსამართლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხზე ანგარიშს თავდაპირველად სწორედ ეს უწყება ამზადებს. პროცედურის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის მოკვლევის შედეგად მომზადებული დოკუმენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეგზავნება, რომელიც თავის მხრივ ან აგრძელებს წარმოებას და საქმეს დისციპლინურ კოლეგიას გადასცემს, ან წყვეტს განხილვას.

ნაზი ჯანეზაშვილი

მიმდინარე წლის ივნისში მოქმედმა ინსპექტორმა, ზურაბ აზნაურაშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის ადგილას კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე ამავე საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, შოთა ქადაგიძე დანიშნა.

ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა 2017 წელს აირჩია და იმ დროსაც მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის არაგამჭვირვალედ წარმართვაზე მიუთითებდნენ. ის ერთ-ერთი იყო საბჭოს იმ წევრებს შორის, რომელმაც 2019 წელს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გააკრიტიკა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ნეგატიურად ფასდებოდა.

ამასთან, ქადაგიძე იყო ერთ-ერთი საბჭოს იმ სამ ყოფილ წევრს შორის, რომელმაც ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც აშშ-მა სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან ჩახსნა. ქადაგიძე და საბჭოს კიდევ ორი ყოფილი წევრი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და ირიბ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

შესაბამისად, „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელ ნაზი ჯანეზაშვილს ეჭვი ეპარება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან ქადაგიძის დამოუკიდებლობაში, “რაც ამ კანონის ფარგლებში შეიცავს გარკვეულ რისკებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მოპოვებული ბერკეტების მეშვეობით მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს. დასახელებული მოსამართლეები ე.წ. კლანის არსებობას სისტემაში უარყოფენ და სამოქალაქო სექტორს სასამართლოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ე.წ. კლანის დასახელებული ლიდერები მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

არაფორმალური სანქციები?

გარდა ამისა, როგორც მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმალურთან ერთად არაფორმალური ბერკეტებიც რჩება ხელში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების „დასასჯელად“.

ასეთია მოსამართლეთა თანხმობის გარეშე გადაყვანა ზედა ინსტანციიდან ქვედა ინსტანციის ან/და სხვა მუნიციპალიტეტის სასამართლოში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პირობითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე ზუგდიდის სასამართლოში გადაიყვანოს ან პირიქით. ამ მხრივ კანონმდებლობა არც გეოგრაფიულ შეზღუდვას აწესებს და არც დამატებით კრიტერიუმებს ადგენს, რისკენაც ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებდა 2022 და 2023 წლებში გამოქვეყნებულ მოსაზრებებში. კომისია მიიჩნევდა, რომ ჩანაწერი მოსამართლეთა თანხმობის გარეშე გადაყვანაზე პრობლემურია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს შესაძლებელი.

5 მოსამართლის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში, გარდა გამოხატვის თავისუფლების ნაწილისა, მოსამართლეები აღნიშნულ ნორმასაც ასაჩივრებენ და უთითებენ, რომ კანონში არსებული ჩანაწერი საერთოდ არ ითვალისწინებს „მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

მიუხედავად ამისა, საერთო სასამართლოების შესახებ 2023 წლის ივნისში მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებში ამ მხრივ ერთადერთი შესწორება სახელფასო დანამატს შეეხება. კანონპროექტი კვლავ არ ითვალისწინებს მოსამართლეთა თანხმობას გადაყვანის თაობაზე, არც გეოგრაფიული შეზღუდვაა გათვალისწინებული, გარდა  სამივლინებო დანამატისა, რომელიც თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

„ესეც არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ მოსამართლეებს მუდმივად ჰქონდეთ შიში: თუკი ისინი რაიმე კრიტიკულს იტყვიან, თავიანთ მოსაზრებებს თავისუფლად დააფიქსირებენ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კანონმდებლობაზე თუ ზოგადად, როგორ უნდა იყოს ეს სისტემა მოწყობილი, შესაძლოა დაექვემდებარონ ამ იძულებით [თანხმობის გარეშე სხვა მუნიციპალიტეტში გადაყვანა] ღონისძიებას“, — აღნიშნავს ქურდოვანიძე.

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების მოლოდინში

აღნიშნულ სადავო ნორმებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ეს ნორმები პარლამენტის ხელით გაუქმდება, საკონსტიტუციოს მათზე მსჯელობის საშუალება აღარ ექნება, მათთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული ჩანაწერების კონსტიტუციურობა სასამართლომ განიხილოს:

„ამის შემდეგ მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ შესაბამისი რეგულაციებიც გადავსინჯოთ“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მიუხედავად იმისა, რომ 5 მოსამართლის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2022 წელს შევიდა და წარმოებაშიცაა მიღებული, საკითხის განხილვა სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია და უცნობია, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დალოდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი ნაბიჯი არ არის:

„თუ კანონმდებლობას აქვს პრობლემა ახლა და ამ პრობლემებს ვაღიარებთ, მაშინ მისი მოგვარება ახლავე შეუძლია პარლამენტს ისე, რომ არ დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს იქნებოდა სწორი მიდგომა, მით უმეტეს, ახლა, როდესაც სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორის, რომლის შეფასება კიდევ ერთხელ მოხდება ოქტომბერში და წლის ბოლოს გაირკვევა, იღებს თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, — აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.

ნონა ქურდოვანიძე

რატომაა მოსამართლეთა საჯარო დისკუსიაში ჩართვა მნიშვნელოვანი

დარგის ექსპერტები თანხმდებიან, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრისთვის მოსამართლეთა ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს სასამართლოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა ჩართულობა და მათი პოზიციების გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეფორმის კონტექსტშიც, რომელიც ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უნდა გაატაროს:

„მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები მხოლოდ იქ დასაქმებულ ვიწრო ჯგუფზე ხომ არ ვრცელდება?! ეს მთელ საზოგადოებას ეხება. ამიტომ ამ პრობლემების შესახებ მოსამართლეების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ სასამართლო გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საჭიროა ამ პრობლემებზე საუბარი, მსჯელობა, დისკუსია. მათ შორის, სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება კანონმდებლობაში ხორციელდებოდეს“ ,— აცხადებს ქურდოვანიძე.

ქურდოვანიძის თქმით, თუ თავად მოსამართლეები არ ისაუბრებენ აღნიშნულ საკითხებზე, რთულია მათი მნიშვნელობის სხვა პროფესიის ადამიანებამდე მიტანა, მით უფრო იმ ფონზე, რომ საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება კანონში ასეთი ჩანაწერები უკავშირდებოდეს.

„ალიკაპის კანონის“ საწინააღმდეგო მსვლელობა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2020 წელს ფოტო: EPA

პოლონეთში კი პროტესტი, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, სწორედ მოსამართლეების აქტიურობით დაიწყო. 2020 წლის იანვარში ვარშავის ათასობით მცხოვრები შეუერთდა მოსამართლეებისა და ადვოკატების საპროტესტო მსვლელობას  უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით. ე.წ. „ალიკაპის კანონს“ აპროტესტებდნენ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

საუბარია პოლონეთის უზენაესი სასამართლოს დისციპლინური პალატის საქმიანობაზე, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივრები უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და ნოტარიუსების გადაცდომების შესახებ.

სადისციპლინო პალატის წევრები ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნენ. პოლონეთის ოპოზიციის მტკიცებით, საბჭოს შემადგენლობას მთლიანად მმართველი პარტია აკონტროლებს. პალატის კრიტიკოსების თქმით, მმართველ პარტიას მისი საშუალებით შეუძლია ქვეყნის ყველა მოსამართლის კონტროლი და მათგან არასასურველი კადრების გათავისუფლებაც.

2019 წელს დაწყებული პროცესი პოლონეთში ამ დრომდე გრძელდება. გასულ წელს ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ცვლილება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. შედეგად, ევროსასამართლომ პოლონეთს 1 მილიონი ევროს ოდენობით ყოველდღიური ჯარიმა დააკისრა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ კი ჯარიმა გაუნახევრა, თუმცა სრულად ამ დრომდე არ მოუხსნია.

„ალიკაპის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია პოლონეთში 2020 წელს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემაში დასაქმებულ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ამას გარკვეული წინაპირობები გააჩნია, მათ შორის ,თავად მოსამართლეების აქტიურობაც:

“ეს არის ორმაგი პროცესი. ისე არ არის, რომ მოსამართლეები დაელოდონ მხარდაჭერას და ეს თავისით მოვიდეს ან საზოგადოება დაელოდოს მოსამართლეს, როდის ამოიღებს ხმას. ეს პროცესი თავისთავად უნდა წარიმართოს. უფრო მეტად უნდა იყოს კონსოლიდირებული საზოგადოების და კეთილსინდისიერი მოსამართლეების ძალა იმიტომ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია ჩვენ მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს”, — აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და
მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი