ახალი ამბები

აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

13 აპრილი, 2024 • 1454
აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილერი.

„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხა თუ რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში:

„მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.

[ჩვენს მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად“ — აცხადებს მილერი.

მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები:

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“ — ამბობს მილერი.

ინტერვიუს სრულად გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი