ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებებს იუსტიციის საბჭოს 3 ყოფილი წევრი უერთდება

20 ივლისი, 2022 • 1178
აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებებს იუსტიციის საბჭოს 3 ყოფილი წევრი უერთდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები — ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი — ერთობლივ განცხადებას ავრცელბენ და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და ირიბ ზეწოლაში ადანაშაულებენ.

განცხადება ეხმაურება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას, რომ აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი კევინ ბურკი მას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა და ელჩის სახელით, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ნიკა გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა, შემდეგ კი აცნობა, რომ ამორიცხული იყო იმ 6 მოსამართლის სიიდან, ვინც სულ რამდენიმე დღეში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ აშშ-ში.

„ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორე მხრივ კი, ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან ანალოგიურად უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ. ნამდვილად დასაფასებელია აგრეთვე იმ 5 მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც პროფესიული ღირსების და სოლიდარობის ნიშნად ასევე უარი თქვეს აღნიშნულ ვიზიტით გამგზავრებაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების თქმით, მათთვის საკმაოდ სამწუხაროა, რომ სასამართლო კორპუსი და, მით უმეტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „აქამდე რატომღაც საერთოდ თავს იკავებს, აქტიურად არ ეხმიანება და შესაბამის შეფასებას არ აძლევს მომხდარს და მხარადაჭერას არ უცხადებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს“. ამ ფონზე, მათი თქმით, კიდევ უფრო დასაფასებელია ლაშა ჩხიკვაძის პირადი გამბედაობა, რომ მომავალში მსგავსი ჩარევებისაგან მთელი სასამართლო სისტემის დასაცავად გაბედული ნაბიჯები გადადგა.

„პრაქტიკულად სიმართლისთვის ბრძოლა მას ჯერჯერობით ინდივიდუალურად უწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრის თუ თავშეკავების გამოჩენა ჩანასახშივე ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას. სწორედ ამ პასიურობამაც გადაგვაწყვეტინა ჩვენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრებს, განცხადების გაკეთება. ცხადია, მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. სამწუხაროდ, ამ ბრალდებაზე პასუხს ადრესატმა ელჩმა პრაქტიკულად გვერდი აუარა, რაც უკვე უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. დღემდე ვერ მიიღო მოსამართლემ პასუხი, ამ განაჩენის გამო „დაისაჯა“ თუ არა იგი, ვიზიტიდან ამოღების სახით“, — ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების თქმით, მოსამართლეთა ვიზიტებს, ზოგადად, კიდევ უფრო სამწუხარო გლობალური და სისტემური პრობლემები უკავშირდება. კერძოდ, საუბარია აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე, სადაც პრაქტიკულად უგულებელყოფილია სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ორგანოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი.

„რეალურად, ამ მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დე ფაქტო იგნორირების პირობებში ფუნქციონირებს და არანაირი ვიზიტის ფორმატის, მასში მონაწილე მოსამართლეთა შემადგენლობის თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების ან ლექცია-სემინარების თემების, როგორც ექსპერტ, ისე მონაწილე მოსამართლეთა სიის განსაზღვრაში და შერჩევაში ჩართული არ არის. მოსამართლეებს პირდაპირ ინდივიდუალურად უკავშირდებიან საელჩოს თანამშრომლები (ხშირ შემთხვევაში კევინ ბურკი (რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი და იქ ზის ხოლმე) და/ან მისი მრჩეველი ეკა ფოფხაძე) და მათ რთავენ დელეგაციებში, უგეგმავენ ვიზიტებს და იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ლექცია-სემინარებზე და ა.შ. იუსტიციის საბჭო გამოიყენება მხოლოდ ტექნიკურად, როცა უკვე არჩეულ მოსამართლეთა გადმოგზავნილ სიაზე, ვიზების მისაღებად შუამდგომლობას ითხოვს საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად თუ სხვა „რამე მიზეზის” გამო, განცხადების ავტორების თქმით, სასამართლო სისტემაში არსებობენ ერთი და იმავე რანგის მოსამართლეები, რომლებიც სხვა კოლეგებისგან განსხვავებით (რომელთაგან ზოგი არაერთხელაა ნამყოფი ვიზიტით ამერიკაში), არცერთი პროგრამით და სასწავლო ვიზიტით არც ერთხელ არ არიან აშშ-ში ნამყოფი, რაც არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ლექცია-სემინარებზე საელჩოსგან ექსპერტ და ე.წ. „ტრენერთა“ შერჩევაშიც ანალოგიური ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რაც გარკვეული ფავორიტიზმის ნიშნებს ატარებს. ბოლო წლებია თითქმის სულ ერთი და იგივე 5-7 მოსამართლეა მათი ღონისძიებების ექსპერტებად თუ ე.წ. „ტრენერებად“ სისტემატურად, ისევ ანალოგიური წესით, საელჩოს თანამშრომლების მიერ ცალმხრივად შერჩეული და კატეგორიულად მოთხოვნილი თითქმის ყველა ფორმატში. მათ პროფესიონალიზმს, ცხადია, არავინ აკნინებს, თუმცა სისტემაში 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეა, რომელთაგან ასევე შეიძლება მაღალი დონის ექსპერტთა შერჩევა და ზოგჯერ ჩანაცვლება და ამ მხრივაც თანასწორი მიდგომების გამოჩენა. თუ რაიმე გადამზადებაა საჭირო, არც ეს იქნება პრობლემა. ამ შემთხვევებშიც, ცხადია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსაზრებასაც კი არ ეკითხებიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

ხარებავა/ქადაგიძე/გზირიშვილის ცნობით, აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. ეს მაშინ, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას.

„არ გვგონია, საქართველოში რომელიმე სამინისტროს ან სხვა დაწესებულეების თანამშრომლებთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაცია ისე ხდებოდეს ან მათთან შეხვედრებზე ელჩი მარტო ისე მიდიოდეს, რომ ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არც კი აფრთხილებდნენ. იუსტიციის საბჭოს ამგვარი „დე ფაქტო“ იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვებს იწვევს და პრაქტიკულად ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს. საბოლოოდ, ცხადია, სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები“, — ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ არ ავიწყდებათ და აფასებენ იმ დონორულ დახმარებას, რასაც წლების განმავლობაში აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა ეს არ ქმნის გამონაკლისს და რამე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებში და ადმინისტრირებაში მოხდეს რამე სახის ჩარევა ან დონორის მანდატს გაცდენა.

„ყოველივე ამისთვის კი პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მივიღოთ პასუხები კითხვებზე. აგრეთვე, კანონით მკაცრად უნდა მოწესრიდგეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლეთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტებით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია თანამდეროვე დასავლურ ქვეყნებში“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი ყოფილი წევრის სახელით Facebook-ში ზაზა ხარებავას გვერდზე გავრცელდა.

ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017-2021 წლებში პარლამენტის კვოტით იყვნენ დანიშნული.

„თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა პარლამენტმა 2017 წელს კანონდარღვევით დაამტკიცა. მედიასაშუალება ასევე ხაზს უსვამს ხარებავას კავშირებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი შენგელიასთან. თავად ზაზა ხარებავა კანონდარღვევას გამორიცხავს დამტკიცების პროცესში.

ლევან გზირიშვილის შვილი ალექსანდრე გზირიშვილი, კასპის რაიონულ საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლედ დაინიშნა, როდესაც ლევან გზირიშვილი ჯერ კიდევ იუსტიციის საბჭოს წევრი იყო. თავად გზირიშვილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. ის ამბობდა, რომ ალექსანდრე გზირიშვილი მამის ფაქტორის გარეშეც გახდებოდა მოსამართლე და ნეპოტიზმის ბრალდებებს უარყოფდა.  გზირიშვილმა არ უპასუხა კითხვას, მისი შვილიშვილის ნათლია არის თუ არა მოსამართლე ლევან მურუსიძის ცოლი.

იუსტიციის საბჭოს წევრის შვილს მოსამართლეობა სურს — ნეპოტიზმი?

 

 


ომში ჩათრევაზე პოლიტიკოსების ბრალდებების შემდეგ, აშშ-სა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში უკვე მოსამართლეები ადანაშაულებენ.

საქმე ეხება აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან ჩახსნას. აღნიშული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ჩხიკვაძისა და სხვა მოსამართლეების ვიზიტი აშშ-ში.

პროგრამიდან ჩხიკვაძის ჩახსნის შემდეგ შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 28 მაისს გავრცელდა, მაგრამ მაშინ აღნიშნულ მოსამართლეებს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღეს, 15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ორთვიანი დუმილის დაარღვია და განცხადება გაავრცელა. მის კვალდაკვალ დუმილი დაარღვიეს მოსამართლეებმა — გიზო უბილავამ და რომეო ტყეშელაშვილმაც და მათი კოლეგის მიმართ აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება ტელეკომპანია „იმედთან“ არაჯანსაღად და ზეწოლად შეაფასეს.

„მოსამართლეებიც ჩართეს „ოცნების“ ანტიდასავლურ კამპანიაში“ | შეფასებები

მასალების გადაბეჭდვის წესი