ახალი ამბებისამართალი

შოთა ქადაგიძე- რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის შესახებ?

24 მარტი, 2017 • 4231
შოთა ქადაგიძე- რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის შესახებ?

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეთხუთმეტე წევრად პარლამენტმა 90 ხმით შოთა ქადაგიძე დაამტკიცა.

ქადაგიძე პარლამენტმა ისე დაამტკიცა, რომ საჯარო დისკუსია არ გამართულა და დეპუტატებს მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.

შოთა ქადაგიძის საქმიანობის შესახებ არაფერი სმენია ” საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერს,  გია გვილავას.  “ნეტგაზეთთან”  საუბრისას ის ამბობს, რომ საზოგადოება ამ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა. მისივე თქმით, ეს პროცესი წინა წლებთან შედარებით “გაცილებით უარესად ჩატარდა”, რადგანაც, არ გამართულა კანდიდატის საჯარო მოსმენა.

“მისი ხედვები საერთოდ არ არის ცნობილი. ეს უკვე პირდაპირ პარლამენტის ბრალია, რომ საჯაროდ არ განიხილეს მისი ხედვები, რა დამოკიდებულება აქვს სისტემაში დღეს მიმდინარე მიმდნარე პროცესებთან,”- ამბობს გია გვილავა.

გია გვილავას საბჭოს ახალ წევრთან რამდენიმე კითხვა აქვს:

[checklist]

  • “ყველაზე ძალიან დამაინტერესებდა, რა ხედვები აქვს და რას ფიქრობს სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, როდესაც არის მოსამართლეების მოძლიერებული ჯგუფი, რომლებიც პრაქტიკულად ყველაფერს მართავენ და, სავარაუდოდ, რომლებიც გარიგებული არიან ხელისუფლებასთან, როგორ დაუპირისპირდება ამ ხალხს?”
  • “საინტერესო იქნება მისი მოსაზრება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესზე, რას ფიქრობს, როგორი წესი უნდა იყოს და როგორი იქნება მისი პოზიცია.”
  • “ვკითხავდი დისციპლინური პაუსხისმგებლობის შესახებ, რას ფიქრობს ამ პროცესზე და, ზოგადად, სასამართლოს დამოუკიდებლეობაზე, ბოლო დროს არსებული გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, რა კრიტიკული შენიშვნები აქვს, თუ აქვს ასეთი საერთოდ?”.

[/checklist]

“ნეტგაზეთი”  შეეცადა შოთა ქადაგიძეს დაკავშირებოდა, თუმცა, მან ზარებს არ უპასუხა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი – შოთა ქადაგიძე

პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვთ, 40 წლის შოთა ქადაგიძე უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

პროფესიით იურისტი, რომელმაც ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს დაამთავრა, ქართულის გარდა ორ ენას ფლობს – რუსულს (კარგად) და ფრანგულს (კარგად).

17161082_10212457672940440_295629809_n

CV-ის მიხედვით, შოთა ქადაგიძის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

2001 წლის 1 თებერვალი – 2004 წლის 29 სექტემბერი – მოსამართლის თანაშემწე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2004 წლის 29 სექტემბერი – 2005 წლის 28 მარტი – თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2005 წლის 28 მარტი – 2006 წლის 13 ნოემბერი – თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე – აპარატის უფროსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2007 წლის 12 ოქტომბერი – 2008 წლის 12 იანვარი – მოსამართლის თანაშემწე საქართველს უზენაეს სასამართლოში.

2010 წლის 6 დეკემბერი – 2011 წლის 28 იანვარი – კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2011 წლის 28 იანვარი – 2011 წლის 23 მარტი – საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსი თბილისის საქალაქო სასაართლოში.

2011 წლის 23 მარტი – 2012 წლის 8 ოქტომბერი – კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 8 ოქტომბერი – 2013 წლის 1 აპრილი – კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2013 წლის 1 აპრილიდან დღემდე მუშაობს ადვოკატად საერთო სპეციალიზაციით.

ვინ წარადგინა შოთა ქადაგიძე?

შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრის კანდიდატად პარლამენტს ორმა ორგანიზაციამ: “საზოგადოებრივმა დამცველმა” და “ახალგაზრდა ადვოკატებმა” წარუდგინეს.

ახალგაზრდა ადვოკატების” თავმჯდომარემ, არჩილ კაიკაციშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ “საზოგადოებრივმა დამცველმა” მხარდაჭერა შოთა  ქადაგიძეს უკვე წარდგენის შემდეგ გამოუცხადა.

“შოთა ქადაგიძეს ჩვენ ვიცნობთ მისი საადვოკატო საქმიანობიდან. იყო ძალიან წარმატებული ადვოკატი და არაერთი მნიშვნელოვანი, სასამართლოში დასრულებული დავის ავტორი. მთავარი პრინციპი ჩვენი მხრიდან, როდესაც კანდიდატირის წარდგენა ხდებოდა, ორგანიზაციის წარდგენილ კანდიდატურას უნდა დაეკმაყოფილებინა გამოცდილების კრიტერიუმი… სასურველ საუკეთესო ვარიანტად შეიძლება მიგვეჩნია ამ კადიდატის თავად სასამართლოს სისტემაში საქმიანობის გამოცდილება,”- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოში სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა. ის ნიშნავს და ათავისუფლებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ატარებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, ადგენს საერთო სასამართლოების ბიუჯეტს, განსაზღვრავს თანამდებობრივ სარგოებისა და ხარჯებს.

საბჭო 15 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად უმცირესობის ხმები აღარ არის საჭირო მას შემდეგ, რაც სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი უბრალო უმრავლესობით არჩევის წესმა ჩაანაცვლა.

ამ პროცესს აკრიტიკებს “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისთვის”.

კოალიციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

“საბჭოს საქმიანობაზე მონიტორინგი უკვე წლებია მიუთითებს, რომ საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება დაუსაბუთებლად, წინასწარი შეთანხმებით და გაუმჭვირვალედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებას გასცეს პასუხი მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ გაჩენილ კითხვებზე,”- აცხადებს კოალიცია.

 

[შესწორება] სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შოთა ქადაგიძე დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდა და ამიტომ ვერ უპასუხა ზარებს. მისივე განცხადებით, სატელეფონო ინტერვიუს მოცემა არ სურს და მომავალ კვირაში გასცემს პასუხს ნეტგაზეთის შეკითხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი