ახალი ამბებისაზოგადოება

საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის – ბოკერია GNCC-ის კანონპროექტზე

13 ივნისი, 2019 • 3404
საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის – ბოკერია GNCC-ის კანონპროექტზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ჯერ კიდევ 2017 წელს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის შესახებაც განცხადებები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

“ეს არის ძალიან საგანგაშო მცდელობა მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის. თქვენ გახსოვთ, რომ ამის სპიკერი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. ფეიკ- ნიუსთან ბრძოლის საბაბით კანონმდებლობა უნდა შეცვლილიყო. ამას დაემთხვა კვიციანის ინიციატივაც რელიგური გრძნობების დაცვაზე. ამის შემდეგ ვნახეთ მარეგულირებელი კომისიის, ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტის ამ სფეროში, კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ საუბრობს, რომ მათი კონტროლი მაუწყებლებზე გავრცელდება. მეორე და არსებითი საკითხია ე.წ. ქცევის კოდექსი, რომელიც თვითრეგულირების საკითხს წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს რეპორტაჟი, რა არის ჟურნალისტური სტანდარტი და ა.შ. 2007 წელს მიღებული კანონით ამ საკითხებს თავად მედია არეგულირებდა. ეს ახლა სახელმწიფოს ხელში უნდა გადავიდეს. ანუ მარეგულირებლის ბატონი ბექაურისა და მურუსიძის სასამართლოს ხელში. ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის”,-აცხადებს ბოკერია.

კანონპროექტის მიხედვით, რომელზეც ბოკერია საუბრობს,  თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შემდეგი საკითხები:

  • იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;
  • იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;
  • იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
  • იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი, ნახეთ დეტალურად:

მაუწყებლების თვითრეგულირებიდან რეგულირებამდე — კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი

საჭიროების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

საჭიროების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი