ახალი ამბები

საჭიროების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს – კობახიძე

13 ივნისი, 2019 • 2479
საჭიროების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს – კობახიძე

მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავდაპირველად (GNCC) ჯერ კიდევ 2017 წელს წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შემდეგი საკითხები:

  • იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;
  • იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;
  • იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.
  • იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

აღნიშნულ შეზღუდვებს ითვალისიწნებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებაც, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს მთლიანად ცვლის. კანონს მაუწყებლობის შესახებ სახელი ეცვლება და ხდება კანონი აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და რადიომაუწყებლობის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება საარჩევნო ჯგუფის ფორმატშიც, თუმცა საკითხის მნიშვნელობა საარჩევნო განზომილებას სცდება.

“ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი და განიხილება წამყვან კომიტეტში. თვეების განმავლობაში გაჩერებული  იყო,  მიზეზებს მოვიძიებთ. ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის  განხილვა და გვექნება კონსულტაციები ყველა მხარესთან. კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მას წინასწარ არ აქვს პასუხი სამოქალაქო სექტორის პოზიციაზე, რომ ნაცვლად სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველი რეგულაციების შემოღებისა, გაძლიერდეს თვითრეგულირების საბჭოები და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი გადაწყევტლებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

“სიძულვილის ენაც, სამწუხაროდ, არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილით  ილაპარაკოს და გამოხატვის თავისუფლებას შორის. სიძულვილის ენა არის პრობლემა ჩვენს მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ კულტურაზე, ვიდრე ამ მასშტაბით იქნება წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს. როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ეხები, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ სიძულილის ენა არის ის, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემაშფოთებლად მიიჩნევს მარეგულირებელი კომისიის წინადადებას და აცხადებს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული პროგრამული ვალდებულებები უნდა დარჩეს თვითრეგულირების სფეროში, რადგან პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება მარეგულირებელ კომისიას აძლევს ბერკეტს, ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ვინაიდან კომისიას შეეძლება თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს, თუ რომელი გადაცემა, რესპონდენტის გამონათქვამი ახდენს ადამიანის დისკრიმინაციას რომელიმე ნიშნით, ანდა ხაზს უსვამს რომელიმე ნიშანს, ეთერში გახმიანებული გამონათქვამი აუცილებელი იყო თუ არა პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რომელიმე პროგრამაში ზემოაღნიშნული მუხლები დაირღვა, შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიმართონ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ კომისიაში და შემდგომში სასამართლოშიც, დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამავე თემაზე:

 

მაუწყებლების თვითრეგულირებიდან რეგულირებამდე — კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი