არასამთავრობოები უწყებებს სოცმუშაკებზე შესაძლო ზეწოლის შესწავლისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობოები ეხმაურებიან სულ მცირე, ერთ სოციალურ მუშაკზე შესაძლო ზეწოლას დამსაქმებლის მხრიდან და აცხადებენ, რომ გაფიცვის უფლება კანონით გარანტირებული უფლებაა. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდებენ, დასაქმებულთა გაფიცვის უფლება დაიცვან, შსს-ს კი სოცმუშაკებზე ზეწოლის ყველა შესაძლო შემთხვევაზე რეაგირებას სთხოვენ.

25 მარტს, დილიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით, მათი მოთხოვნების შესრულებამდე, საკუთარი და მათი მხარდაჭერის იმედად მყოფი მოქალაქეების უფლებების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.

აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია სააგენტოში დასაქმებული პირებიზე ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანების მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე. ასე, მაგალითად, ქობულეთელი სოცმუშაკის თანახმად, 22 მარტს, სააგენტოს ქობულეთის განყოფილების უფროსი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა, თუკი ის გაფიცვას შეუერთდებოდა. “მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვა რაიონულ ცენტრებშიც”, – წერენ ორგანიზაციები.

NGO-ები განმარტავენ, რომ გაფიცვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და დაუშვებელია კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის გამო დასაქმებულის დაშინება ან/და მასზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება.

  • “კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი”;
  • “გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით”;

“მნიშვნელოვანია, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლების რეალიზაცია სრულყოფილად შეძლონ, იმის მიუხედავად, თუ ამ აქტს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ჯგუფების მდგომარეობაზე. სოციალური მუშაკების უფლებების ეფექტიანი დაცვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესებზე აისახება დადებითად”, – წერენ ორგანიზაციები.

მათი განცხადებით, აუცილებელია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს ყველა მსგავს შემთხვევაზე.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავორობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი.

ნახეთ ასევე:

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com