ახალი ამბები

სოცმუშაკი: უფროსი სამსახურიდან გაშვებით დამემუქრა, თუკი გაფიცვაზე წავალ

24 მარტი, 2019 • 1863
სოცმუშაკი: უფროსი სამსახურიდან გაშვებით დამემუქრა, თუკი გაფიცვაზე წავალ

სოციალური მუშაკი, რომელიც გეგმავს, 25 მარტიდან სხვა სოცმუშაკებთან ერთად გაიფიცოს, ამბობს, რომ სამსახურის უფროსი მას სამსახურიდან გაშვებითა და “შვილების ულუკმაპუროდ დარჩენით“ დაემუქრა.

სოცმუშაკი თამარ ღუნაშვილი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილებაში მუშაობს, ამბობს: “პარასკევს შემხვდა თავის სამუშაო ოთახში. მითხრა, რომ თუ გაფიცვაზე გავიდოდი, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ სამსახურიდან გავეშვი, თანაც ისე, რომ ვეღარსაც ვეღარასოდეს მუშაობა ვეღარ დამეწყო და შვილები მშიერი დამრჩებოდა”.

სოცსააგენტოს ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ჭანტურიშვილი თანამშრომლის დაშინების მცდელობას კატეგორიულად უარყოფს. “მსგავსი საუბარი მე თამართან არ მქონია, არ ვიცი, პირველად მესმის… არც ვიცი, ვინ იფიცება, ეს მათი უფლებაა… სულ 6 სოცმუშაკის ადგილია ჩემთან, მაგრამ სამი ვაკანტურია”, – უთხრა ბათუმელებს თემურ ჭანტურიშვილმა.

სოცმუშაკების საინიციატივო ჯგუფის წევრი, ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ სოცმუშაკებზე თითქმის ყველა რეგიონში ხორციელდება სხვადასხვა ფორმით ზეწოლა.

„თამარ ღუნაშვილი ნათელი მაგალითია ამ შანტაჟისა და ზეწოლის… ის მარტოხელა დედაა და შვილების ულუკმაპუროდ დატოვებით დაემუქრნენ. მან საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ღიად ეთქვა. რა თქმა უნდა, მსგავსი არარაციონალური მიზეზით სამსახურიდან ვერავის გაუშვებენ, მაგრამ ეს არის მეთოდი, ძალაუფლების დემონტრირებას ახდენენ. რეალურად თუ გაუშვებენ სოცმუშაკს სამსახურიდან, მას აღადგენს სასამართლო, მაგრამ დავა მოუწევს… თბილისის გარდა, თითქმის ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ სოცმუშაკებზე მიმდინარეობს ზეწოლა. განსაკუთრებით ფაქტები ფიქსირდება შიდა ქართლში, აჭარასა და გურიაში,“ – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

სოცმუშაკების 25 მარტს, დილის 10 საათიდან იფიცებიან.

სოცმუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი