ახალი ამბები

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

3 მარტი, 2019 • 2969
ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

“ბენეფიციართა გადასარჩენად სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული სოციალური მუშაკების პირად ნაცნობებსა და კონტაქტებზე, მისი სისტემა უნდა იყოს გამართული”, – ამბობს ნინო ლეკიშვილი, ყოფილი სოცმუშაკი, რომელმაც სოციალური სამსახურის სააგენტო პირადი განცხადების საფუძველზე 28 თებერვალს დატოვა.

“სამსახური პროტესტის ნიშნად პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე. მეწერებოდა დიდი რაოდენობის საქმეები, რომლებზეც ვიყავი პასუხისმგებელი და არსებული მდგომარეობის გამო ვერ ვასწრებდი დროულ და ეფექტიან რეაგირებას. ნამდვილად არ მინდოდა ვყოფილიყავი იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რასაც დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ,” – გვიყვება ნინო ლეკიშვილი.

ნინო ლეკიშვილი გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

“ნეტგაზეთმა” მას  თავისი გამოცდილებიდან ოთხი მისთვის ყველაზე მძიმე და ემოციური ამბავის გახსენება სთხოვა:

ისტორია 1

“პირველი შემთხვევა, რომელიც გამახსენდა, არასრულწლოვან შშმ პირს ეხება. ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობაში ირიცხებოდა და მისი დიაგნოზი ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა იყო.

არასრულწლოვანი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ხშირად გარბოდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამზრუნველო დაწესებულებიდან. ბავშვი  
7 თვის განმავლობაში ირიცხებოდა სახელმწიფო ზრუნვაში, თუმცა, ჩარიცხულ დაწესებულებებში, ჯამში, 2-3 დღე ჰქონდა გატარებული, რადგან ხშირად გარბოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი გარბოდა დაწესებულებიდან, ჩვენ ვატყობინებდით პოლიციას, ვაფიქსირებდით ინფორმაციას მისი გაქცევის შესახებ და მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით სამართლადამცავებთან.

თუმცა, ამ საქმის მთავარი პრობლემა ის არის, რომ 7 თვის განმავლობაში ამ პრობლემური ქცევის მქონე ბავშვისთვის შესაბამისი დაწესებულება, სადაც ის ადეკვატურ დახმარებასა და სპეციალისტების ყურადღებას მიიღებდა, ვერ მოიძებნა. ბავშვი დარჩა ყველანაირი მომსახურების გარეშე.

ინფორმაცია არასრულწლოვნის შესახებ სოც. სააგენტოს ცენტრალურ სამსახურში ფიქსირდებოდა მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, რომ ბავშვი გაიქცა და მას დახმარება სჭირდებოდა.


შემდეგ კი მოხდა ეს: დაწესებულებაში მოთავსების დადგენილება ითვალისწინებს ბავშვის დაწესებულებიდან (იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა) ამორიცხვასაც. ამ წესის მიხედვით, თუ პოლიცია ბავშვის პოვნას 6 კვირის განმავლობაში ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო ზრუნვიდან უნდა ამოირიცხოს. 

შესაბამისად, დადგა დრო, როდესაც იძულებული გავხდით, ამ დასკვნის საფუძველზე ის ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობიდან ამორგვერიცხა. მაგრამ მეც, ცენტრალური სამსახურის საბჭომაც, პოლიციამაც – ყველამ ვიცოდით, რომ ბავშვი რჩებოდა ქუჩაში.

მოზარდს ჰყავდა მამა, რომელიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო მასზე ვერ ზრუნავდა. სახელმწიფო კი, რომელსაც მის მაგივრად უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია, სრულიად უძლური აღმოჩნდა.


ამ ბავშვის ადგილსამყოფელი ახლა ჩემთვის უცნობია. ასეთი შემთხვევების დროს ჩვენგან, სოციალური მუშაკებისგან, დახმარებას ელიან, თუმცა, სახელმწიფო ამგვარი ფაქტების წინაშე შიშველი ხელებით გვტოვებს.

ასეთი ქცევის ბენეფიციარისთვის სერვისი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში, ნებისმიერი რაიონის სოცმუშაკმა უნდა იმუშაოს შიშველი ხელებით – არა სერვისი, არა ინსტრუმენტი, არა სპეციალისტი, არა ფსიქოლოგი, არა ის პირობები, რომლებიც ბავშვს ზრუნვით უზრუნველყოფს.

ისტორია 2

მეორე ისტორიაც, რომელიც მახსენდება, არასრულწლოვანზეა. ისიც, შშმ ბენეფიციარია, განსაკუთრებული გამოხატულებებით. ის ირიცხებოდა ერთ-ერთ პანსიონურ, ზოგადსაგანამართლებლო დაწესებულებაში, თუმცა, საჭირო გახდა მოძიებულიყო ამ მოზარდის საჭიროებებისთვის ადეკვატური დაწესებულება.

საქმე ის იყო, რომ ამ არასრულწლოვანს, დიაგნოზიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სექსუალური მოთხოვნილებები ჰქონდა და ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებებს. ჩვენ 9 თვის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სოც. სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტთან და ვაწვდიდით ინფორმაციას, რომ ირღვეოდა არამხოლოდ ამ მოზარდის, არამედ სხვა ბავშვების უფლებებიც.

მოზარდი, მისი სტატუსის გამო, სხვა ბავშვებისგან განცალკევებული იყო და როგორც მას, ასევე სხვა ბავშვებს, დაწესებულებაში თავისუფლად გადაადგილების უფლება ელახებოდათ.

საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ პრობლემასთან გამკლავება, ამ ადამიანისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა. 18 წლის შესრულებამდე მას ერთი თვე აკლდა და რადგან სრულდებოდა სასწავლო წელიც, ბავშვი ვეღარ დარჩებოდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რადგან განათლების სამინსიტროს დაფინანსებაც იწურებოდა.

დავდექით იმის საჭიროების ქვეშ, რომ სხვა დაწესებულება მოგვეძებნა, მაგრამ ამ ბავშვის განთავსების წინა დღემდე, მე არ ვიცოდი, რომელ დაწესებულებაში განვათავსებდი ბენეფიციარს.

საბოლოოდ, ხვეწნისა და თხოვნის საფუძველზე, პირადი კონტაქტების დახმარებით, მოზარდი ბავშვთა პანსიონატში 1 თვით გადავიდა.  ეს არ იყო მისთვის ბოლომდე შესაფერისი ადგილი, თუმცა, სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.

რაც შეეხება ამ ადამიანის მომავალს, მას შემდეგ, რაც მოზარდი 18 წლის გახდება, მას სათემო ორგანიზაციაში გადაიყვანენ, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი.

ისტორია 3

მესამე ისტორია ორ ბავშვს ეხება, რომლებზეც ბიოლოგიური მშობლებისგან განცალკევების შემდეგ, მიმღები მშობელი ძალადობდა.

აღმოჩნდა, რომ მიმღები მშობელი ბავშვების ფიზიკური დასჯის მეთოდებს იყენებდა. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და მოძალადე დაისაჯა, თუმცა ჩვენ დავდექით ბავშვების ოჯახიდან გადაყვანის საჭიროების წინაშე.

იმის შემდეგ, რაც ბავშვზე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, პირველ ეტაპზე მოვძებნეთ სხვა მიმღები მშობლები. გარკვეული პრობლემების გამო მათთან ბავშვების განთავსება მხოლოდ რამდენიმე თვით იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ბავშვებს გარემო-პირობების შეცვლა მოკლე დროში რამდენჯერმე მოუხდათ. ისინი ჯერ ბიოლოგიურ, შემდეგ კი ორ მიმღებ მშობლებთან ცხოვრობდნენ.

წარმოიდგინთ, მთელი საქართველოს მასშტაბით ბავშვებისთვის არც ერთი მიმღები მშობელი არ გამოჩნდა და ისინი საბოლოოდ მცირე საოჯახი ტიპის დაწესებულებაში განთავსდნენ.

ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა შემდეგია – ბავშვისთვის გარემო ასე ძირფესვიანად და ამდენჯერ არ უნდა იცვლებოდეს. როდესაც ბავშვები ცხოვრობენ მინდობით ოჯახში და მათ აქვთ ასეთი ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ძალიან რთული ხდება მათთვის შემდგომ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურად, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადასვლა. მართალია, ეს უკანასკნელი მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულია ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ ბავშვისთვის მას ოჯახი მაინც არ ჰქვია.

ისტორია 4

 ბოლო ისტორია ეხება ხანდაზმულ ქალს. ის ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოდან გამოეწერა, თუმცა, ქალს კვლავს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მისთვის გადაადგილება რთული იყო.

ქალმა გამოიძახა პოლიცია, პოლიციამ კი ჩვენ, სოციალური მუშაკები ჩაგვრთო საქმეში. იმ დღეს, როდესაც ხანდაზმული თავშესაფრის გარეშე რჩებოდა, ჩვენ ვერც ერთი ადგილი ვერ მოვიძიეთ. თან, რომ ყოფილიყო თავისუფალი ადგილი, ხანდაზმულების ჩარიცხვას სჭირდება გრძელი ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც უსასრულოდ იწელება.


ამ შემთხვევაშიც ჩვენ პირადი კონტაქტების საფუძველზე ქალი კერძო თავშესაფარში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ღამით განვათავსეთ.

მეორე დილას, როდესაც  ქალი კერძო თავშესაფრიდან გადმოვიყვანეთ, მისთვის სახელმწიფო თავშესაფარში ადგილი კვლავ არ იყო გამონახული, არ არსებობდა ჩარიცხვის დოკუმენტი, რომლითაც ბენეფიციარი თავშესაფარში ან სათემო ორგანიზაციაში ირიცხება.

ჩვენ ისევ პირადი კონტაქტების საფუძველზე ვიპოვეთ მოქალაქე, რომელმაც აბსოლუტურად უანგაროდ და კეთილი ნების საფუძველზე 5 დღით შეიფარა ეს ხანდაზმული. მოქალაქე ავტოფარეხში ცხოვრობდა, რომელიც საცხოვრებლად ჰქონდა მოწყობილი. 5 დღის განმავლობაში ის თვითონ უვლიდა ხანდაზმულს, მათ შორის, ზრუნავდა მის ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

საბედნიეროდ, ამ დღეების განმავლობაში ბიუროკრატიული პროცედურები მიმდინარეობდა და ქალის საქმე სპეციალურ საბჭოზე გადაწყდა. ჩვენი ძალისხმევით დამტკიცდა, რომ საქმე მართლაც გადაუდებელ შემთხვევასთან გვქონდა.

5 დღის შემდეგ ქალი სახელმწიფო პანსიონში მოათავსეს, თუმცა, ხშირად, ხანდაზმულებს რიგში ყოფნა თვეებისა და ზოგჯერ წლის განმავლობაშიც კი უწევთ. არასრულწლოვნების შემთხვევაში ბიუროკრატიული პროცედურების გავლა დაწესებულებაში განთავსების შემდეგ ხდება, ხანდაზმულებთან კი ეს პირიქითაა.

ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ბენეფიციარმა ვერც მიაღწიოს მომსახურების მიღებამდე და გარდაიცვალოს ამ სერვისის გარეშე. ჩვენ კი შევეცდებოდით პირადი კონტაქტებით, მაგრამ ჩვენი პირადი კონტაქტებზე არ უნდა იყოს ასხელმწიფო დამოკიდებულური.

ლოდინის განმავლობაში ბევრი ხანდაზმული ქუჩაში რჩება, ხანდაზმულების პრობლემა ძალიან მწვავეა და მათ სახელმწიფოს დახმარება მართლაც ძალიან სჭირდებათ.

გარეკანის ფოტო ნინო ლეკიშვილმა 1 თვის წინ სოციალურ ქსელში განათავსა. მასზე გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრია ასახული. ჯანდაცვის სამინსიტროში ამბობენ, რომ ამ ცენტრში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს

ნინო ლეკიშვილი, გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი"სოციალური მუშაკები ხშირად ვესწრებით პოლიციის…

Posted by სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

მასალების გადაბეჭდვის წესი