ახალი ამბები

ფერმერებმა სუბსიდირების გაუქმება ბერლინში ტრაქტორებით გააპროტესტეს

15 იანვარი, 2024 • 807
ფერმერებმა სუბსიდირების გაუქმება ბერლინში ტრაქტორებით გააპროტესტეს

გერმანიაში ფერმერებმა ბერლინის ქუჩები ტრაქტორებით გაავსეს. 500-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობასთან, ბრანდენბურგის კარიბჭესთანაც განათავსეს.

სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულები გერმანიაში უკვე ერთი კვირაა აქციებს მართავენ და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სექტორში სუბსიდიების შემცირებას ითვალისწინებს. BBC წერს, რომ ცვლილებები ფერმერებისთვის დიზელზე საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გულისხმობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია, საშუალოდ, წელიწადში 3 000 ევროს ოდენობით შეღავათზე, რომელსაც ფერმერები სუბსიდირების შედეგად იღებდნენ.

პროტესტის საპასუხოდ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მთავრობა ფერმერების არგუმენტებს სერიოზულად უდგება და მათ „კარგი კომპრომისიც“ შესთავაზეს, რაც საგადასაღადო შეღავათების ეტაპობრივად გაუქმებას გულისხმობს, თუმცა პროტესტის მონაწილეებისთვის ეს მოდელიც მიუღებელია.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა აღნიშნულ გეგმაზე უარს არ იტყვის, გერმანელი ფერმერები შიშობენ, რომ საკვების მარაგებსა და ხარისხს საფრთხე შეექმნება. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი Reuters-სთან  აცხადებს, რომ აღნიშნული გავლენას იქონიებს ნედლი პროდუქციის სარეალიზაციო ფასზეც:

„სოფლის სტაბილურობის და სოფლის მეურნეობის გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამიტომაც დავიკავეთ ქუჩები“ ,— აცხადებს გამოცემასთან გერმერების გაერთიანების პრეზიდენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი