ტაბატაძე: უნარების გამოცდის ფორმატისა და შინაარსის ცვლილება უფრო ლოგიკური იქნებოდა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე, განათლების საკითხთა მკვლევარი შალვა ტაბატაძე აფასებს საგამოცდო სისტემის დაანონსებულ ცვლილებებს გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე.

განათლების საკითხთა მკვლევარი საატეტატო გამოცდების გაუქმებას ცალსახად პოზიტიურს უწოდებს, რადგან არსებული მოდელი, მისი შეფასებით, არაფრის მომცემი არ იყო არც განათლების, არც რაიმე ფუნქციისა და დანიშნულების თვალსაზრისით:

თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა მსჯელობა სავალდებულო გამოსაშვები გამოცდების ნაცვლად არჩევითი საგნობრივი გამოცდის შემოღების შესახებ უნივერსიტეტების და სკოლების არჩევანის შემთხვევაში და უმაღლესში ჩარიცხვის სისტემაში მათი როლის გაზრდის კვალდაკვალ. გარდა ამისა, მხოლოდ გამოსაშვები გამოცდის გაუქმება ვერ უზრუნველყოფს ცვლილებების მიზანს, სკოლისთვის გარკვეული როლის მინიჭების თვალსაზრისით მისაღებ სისტემაში, და არც სასწავლო პროცესის უფრო სასწავლო გეგმასთან დაახლოების პერსპექტივას აჩენს, თუ უფრო რადიკალური ცვლილებები არ განხრციელდება სასკოლო შეფასების თუ მისაღებ სისტემასთან დაკავშირების თვალსაზრისით.”

შალვა ტაბატაძის შეფასებით, მოსაღები გამოცდების რაოდენობის შემცირება მისაღებია, თუმცა, წარმოდგენილი კონფიგურაცია დაუსაბუთებელი:

გასაგებია, რომ უნარების გამოცდაში ყველაზე მაღალი იყო დისპროპორცია შედეგებში, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს გაუქმების საფუძველი (არჩევითად ქცევის). უფრო ლოგიკური იქნებოდა ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდად გადაკეთება, ხოლო უნარების გამოცდის ფორმატისა და შინაარსის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ისევ და ისევ სკოლაში წლების განმავლობაში შეძენილი სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარების შემოწმებას დაუკავშირდებოდა და ამით სკოლის ფუნქციაც გაიზრდებოდა და სწავლების მიდგომებიცა და ორიენტირებაც სკოლაში.

როგორც განათლების საკითხთა მკვლევარი აცხადებს, მხოლოდ მათემატიკის ან მხოლოდ ისტორიის მესამე სავალდებულო (არჩევით) საგნებად დატოვებაც “ცოტა დაუსაბუთებელია”. მისი შეფასებით, აქაც შეიძლებოდა მეტი მოქნილობა და უნივერსიტეტების პასუხისმგებლობის გაზრდა.


შალვა ტაბატაძის განცხადებით, ზოგადად, უფრო მისაღები იქნებოდა მისაღები სისტემის რეფორმაზე და სკოლის, უნივერსიტეტის, გამოცდების ცენტრის კომპეტენციების გამოკვეთაზე საუბარი:

მისაღებ სისტემაში გამოცდების ცენტრის როლი, შესაძლოა, სრულიად სხვანაირად გააზრებულიყო. შემოთავაზებული მოდელით, რჩება გამოცდების სისტემა, როგორც ერთადერთი უმაღლესში მისაღები სისტემა, და გამოცდების ცენტრიც არ ხდება მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი იმ მოთხოვნაზე, რაც უმაღლესებს ან სკოლებს ექნებათ.”

განათლების სპეციალისტის შეფასებით, ასევე, უფრო მისაღები იქნებოდა მისაღები სისტემის შერეული მოდელებისა და დიფერენცირებული მიდგომების ამუშავება, რაც, მისი თქმით, უფრო მეტად უპასუხებდა იმ მიზნებს, რის გამოც ეს ცვლილებები დაიგეგმა.

შალვა ტაბატაძის თქმით, ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის გაუქმებას უნდა მოჰყოლოდა “კვოტირების სისტემის” შეცვლის მექანიზმებზე განმარტებაც, რაც გაკვრითაც ან სამომავლო პერსპექტივითაც არ თქმულა: “ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მოვისმინე.”

  • ქავერის ფოტო: პირველი არხი

  • ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა.
  • პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.
  • განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები ქულების ბარიერს.

ამავე თემაზე:

მისაღები გამოცდები უნდა იყოს ცოტა და უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია – ჯანაშია

NAEC-ის დირექტორი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის ორიენტირი არ იყოს გამოცდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.