ახალი ამბები

2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – სამინისტრო

28 იანვარი, 2019 • 12243
2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – სამინისტრო

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება“, თუმცა აქვე დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები ქულების ბარიერს.

  • მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ან ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში;
  • აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
  • უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის;
  • ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავს გრანტის მიღების შესაძლებლობას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია  არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე ორიენტირების, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდისა და მშობლებისათვის ნაკლები დანახარჯების გამო.

ახალი მოდელის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 28 იანვარს გამართა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი