ახალი ამბები

სპორტსმენი, რომელიც შეჯიბრების გამო ეროვნულებზე ვერ გადის, უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება – კანონპროექტი

18 სექტემბერი, 2023 • 919
სპორტსმენი, რომელიც შეჯიბრების გამო ეროვნულებზე ვერ გადის, უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება – კანონპროექტი

მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება მიეცემა, პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

აღნიშნული ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ზემოხსენებული წესით გათვალისწინებული პირობით ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში.

კერძოდ, პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდას პირობით ჩარიცხული სტუდენტები თავად უზრუნველყოფენ, შემდეგ წელს კი მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

განმარტებითის ბარათის თანახმად, წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, მიმდინარე პერიოდში სამინისტროში დარეგისტრირებულია სულ 9 განაცხადი, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2023-2024 სასწავლო წლისთვის.

კანონი აგრეთვე გავრცელდება იმ მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.

„საგულისხმოა, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, ვინ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი აირჩევს კერძო უნივერსიტეტს, შესაბამისად, სწავლის საფასურის ოდენიბით გაიზრდება უნივერსიტეტის შემოსავლები“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, წარმოდგენილი კანონის პროექტის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დაევალება, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი