აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, კახეთის ინციდენტის დროს, გარკვეულ მომენტებში, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება ომბუდსმენმა დღეს გააკეთა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი აცხადებს, რომ ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა:

“ვფიქრობ, ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს.”

ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს. ომბუდსმენის განცხადებით, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა წარიმართოს.

“ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის იმას, როგორ შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 17 დეკემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.

ნინო ლომჯარიამ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ დავით კირკიტაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, ომბუდსმენი მის საქმეს შეისწავლის და ჩაერთვება.

კახეთის ინციდენტის დროს ომბუდსმენმა შსს-ს მოუწოდა თელავისკენ მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფისკენ და განაცხადა, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. გიორგი გახარიამ სახალხო დამცველს მოუწოდა, აქციის მონაწილეების ქცევისთვისაც მიექცია ყურადღება. ნინო ლომჯარიამ შს მინისტრს უპასუხა, რომ გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, შსს-ს ოპოზიციისთვის წინასწარი გაფრთხილება რომ მიეცა. ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის დაკავების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ შესაძლოა ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი და დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

შსს სამინისტროს განცხადებით, კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზეც. შსს-ს ინფორმაციით, მოკვლევა დაწყებულია იმ პირის დასადგენადაც, ვინც, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრებს სპრეი შეასხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.