კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირტიკტაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ კახეთში დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრს დაკავებისას განუცხადეს, რომ მის წინააღდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დავით კირკიტაძის ბიოგრაფია

დავით კირკიტაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია 2001 წლიდან:

  • 2003 წლამდე ის ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო;
  • 2002-2003 წლებში იყო თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 2004 – 2006 წლებში ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა;
  • 2006 – 2008 წლებში ენმ-ის გენერალური მდივანი იყო;
  • 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს, სადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა;
  • 2008-2013 წლებში ის ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნეს;
  • 2015 წელს დააფუძნა განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი;
  • 2016 წლიდან დღემდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრია.

დაკავებისას დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ “ქვეყანაში მყარდება რუსული დიქტატურა, თუმცა ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას”.

დავით კირკიტაძე დაკავებისას ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით და ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ ფარულად უთვალთვალებდნენ.

ნიკა მელიამ ფეისბუკზე პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, რომელშიც აღმოჩნდა, რომ პოლიციელები ისხდნენ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, ადგილზე დამატებით რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, რის შემდეგაც დავით კირკიტაძე დააკავეს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის დაკავება, სავარაუდოდ, კახეთის გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება. მის სახლთან პოლიცია დილითაც იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დღის მეორე ნახევარში დააკავეს.

დავით კირკიტაძე დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.