ახალი ამბები

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს

15 აპრილი, 2024 • 783
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია კანონსაწინააღმდეგო ხასიათს არ ატარებს და, შესაბამისად, მოუწოდებს შსს-ს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს.

“მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს”, – წერს სახალხო დამცველი.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თუ აქცია ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს, ხელისუფლებას უკანასკნელი საშუალების სახით შეუძლია მხოლოდ შეკრების შეწყვეტა, მკაცრად პროპორციული ძალით.

პარლამენტის შენობასთან, სადაც ათასობით ადამიანი აპროტესტებს „რუსული კანონის“ მიღების მცდელობას, სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

პარლამენტთან შეკრებილნი არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესული ადამიანები, ოჯახები ბავშვებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დილიდან განიხილავდნენ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“ — აცხადებს შსს.

სპეცტექნიკა და სპეცრაზმია მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი