ახალი ამბები

ომბუდსმენი: 22:00-სთვის შსს-მ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება დაიწყო

16 აპრილი, 2024 • 476
ომბუდსმენი: 22:00-სთვის შსს-მ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი:

„საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები“ ,— აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან — ასევე პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე შსს-ს თანამშრომელბს განთავსებული აქვთ წყლის ჭავლის მანქანა.

ამასთან, ჩართული იყო ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.

აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. მათ შორის არის „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დაწერა, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა.

რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი