არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს – შსს კახეთის ინციდენტზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი და დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავების შემდეგ, კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი  გამართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ბორცვაძის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით:

“ზემოაღნიშნულის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ მაქსიმალურად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კონკრეტული მარშრუტით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ ალტერნატიული გზით და საშუალებით აქციის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.”

მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით მიეწოდა:

“პოლიციის მიერ ეს ინფორმაცია, გადაადგილების კონკრეტულ მარშრუტზე მითითებით, ასევე ადგილზე მიეწოდათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.”

როგორც ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტების ლიდერებმა უპასუხეს ღიად გამოხატული აგრესიით. მისი თქმით, ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, პოლიციელებზე.

ბორცვაძის განცხადებით, დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტიც, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ მედიასაშუალებებს შეუშალეს ხელი აქციის მონაწილეებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დაიწყო ინციდენტების დეტალური შესწავლა. მისი თქმით, გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზეც.

შსს: აქციის მოანწილაზე თავდასხმის ფაქტსაც ვიძიებთ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.