ახალი ამბებისაზოგადოება

ოპოზიციამ 2020 წლისთვის პროპორციული სისტემა უნდა მოითხოვოს და არა ვადამდელი არჩევნები – ექპერტები

3 დეკემბერი, 2018 • 2978
ოპოზიციამ 2020 წლისთვის პროპორციული სისტემა უნდა მოითხოვოს და არა ვადამდელი არჩევნები – ექპერტები

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევს ვადას  სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად. სწორედ 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. კრიზისიდან გამოსავალი კი, გრიგოლ ვაშაძის შტაბის აზრით, პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

რა რესურსი აქვს ოპოზიციას ამ მოთხოვნების შესასრულებლად? – მმართველი გუნდის აზრით, არანაირი და ეს 2 დეკემბრის აქციამაც აჩვენა. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს, ოღონდ – არა პროპორციულ სისტემაზე.

პოლიტიკის ექსპერტების აზრით, გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ ცნოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდანვე მცდარი იყო. პოლიტოლოგების თქმით, გაცილებით რაციონალურია და მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის კონსოლიდირება შეიძლება 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის დაყენებით.

“არჩევნების შედეგების არმიღება არასწორი სტრატეგია იყო, ვინაიდან ძალიან ძნელია რამე კონკრეტული შედეგის მიღწევა ამ გზით. არჩევნების შედეგებს არავინ გადასინჯავს და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა არ არის. ალბათ, უფრო სწორი იქნება, ოპოზიციამ კურსი აიღოს შემდეგ არჩევნებზე. კონკრეტულად, გაერთიანებულ ოპოზიციაზე თუ ვსაუბრობთ, მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ეს კარგი საწინდარია საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” პოლიტოლოგმა გია ნოდიამ.

მისი აზრით, გაერთაინებული ოპოზიცია ახლა უნდა შეეცადოს, გააფართოოს თავისი მხარდაჭერა და მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხის წამოწევა კი კარგი პლატფორმაა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან თანამშორმლობისთვის.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციას გაუჩნდა მორალური უპირატესობა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებითა და 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის აქციით უარყოფითი იმიჯი შეიქმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.

“მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ კარგად გამოიყენოს ეს მორალური უპირატესობა და არ გაფანტოს ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქვს. დღევანდელი სიტუაციიდან ყველაზე რეალისტური იქნება, ოპოზიციამ მოითხოვოს 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე  გადასვლა. ამაში მათ ექნებათ როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და “ქართულ ოცნებასაც” მოუწევს, გარკვეულ დათმობაზე წასვლა, ვინაიდან ზეწოლა გაიზრდება”, – განაცხადა კაკაჩიამ.

კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არც თავად ოპოზიციის ინტერესშია, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რეალურად, ერთ წელიწადზე ცოტა მეტი დროა და ეს პერიოდი პოლიტიკურ სპექტრს მოსამზადებლად სჭირდება. პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციას ყველაზე დიდი შანსი მაშინ ექნება, თუ ისინი დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს და საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას მოახერხებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის არარეალისტური მოთხოვნების შეცვლას ელის GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი. ბაკურ კვაშილავას აზრით, გაერთაინებული ოპოზიციის სტრატეგია, არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და აქციები გამართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, გამართლებული  სტრატეგია არ არის და არც ქვეყნისთვის არის სწორი მსგავსი მიდგომა.

“საკმაოდ რთული იქნება რაიმე შედეგის მიღწევა იმ მეთოდებით, რომელსაც  ახლა ოპოზიცია იყენებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი თქვას დიალოგზე, გასაგები ჩანს და ვვარაუდობ, რომ ოპოზიციის წინადადება ნელ-ნელა რამე სხვა მოთხოვნით შეიცვლება. ეს მოთხოვნა შეიძლება იყოს  პრორპორციული არჩევნები უკვე 2020 წლისთვის, რაც უფრო ახლოს არის განხორციელების შესაძლებლობასთან”, – ამბობს ბაკურ კვაშილავა.

მისი აზრით, მართალია, ქუჩის აქციები საკმარისი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილის აზრით “ქართული ოცნება” ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ იმედებს, შესაძლებლობას ტოვებს, მთავრობა გარკვეულწილად გამოეხმაუროს ამომრჩეველთა 40%-ის ნებას და მიიღოს ისეთი გადაწყეტილება, რომელიც ყველა პარტიის ინტერესებშია.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და შედეგის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამასთან, ოპოზიცია პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები სწორედ ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული. მმართველ გუნდში უკვე გამორიცხეს ოპოზიციასთან დიალოგი ვადემდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, თუმცა ხელისუფლება ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობას სთავაზობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას “ქართულმა ოცნებამ” არ გაითვალისწინა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის პრორპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ და ეს პროცესი 2024 წლამდე გადაავადა.

ამავე თემაზე

როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” II ტურში 530 000 ხმით მეტის მიღება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი