კომენტარი

ნოდია: ივანიშვილი ღარიბაშვილის თავმოყვარეობას გაუფრთხილდა

29 იანვარი, 2024 • 4133
ნოდია: ივანიშვილი ღარიბაშვილის თავმოყვარეობას გაუფრთხილდა

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ მთავრობაში იმგვარი საკადრო ცვლილებები, რომელიც დღეს დაანონსდა. „ლოგიკური“ იყო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მესამედ დაბრუნდა პოლიტიკაში.

დღეს ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

„როცა ივანიშვილი „დაბრუნდა“, პირველი აზრი, რაც მომივიდა, იყო ის, რომ საკადრო ცვლილებები იყო მოსალოდნელი. ლოგიკური იყო, რომ ეს შეეხებოდა პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს. ისიც ჩანდა, რომ ბოლო ხანებში, ივანიშვილი უფრო ენდობოდა კობახიძეს, ვიდრე ღარიბაშვილს, რაც გამოვლინდა იმაში, რომ კობახიძე  გაემგზავრა ჩინეთში [დელეგაციის სათავეში], თუმცა ასეთი ვიზიტი პრემიერს ეკუთვნოდა. აქედანაც ჩანდა, რომ ღარიბაშვილის აქციები დაეცა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნოდიამ.

ღარიბაშვილი-კობახიძის ამგვარ როქს, რომლის ფარგლებშიც პრემიერი პარტიულ თანამდებობას დაიკავებს, ნოდია ბიძინა ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის „თავმოყვარეობისთვის მოფრთხილებით“ ხსნის. ამასთან ერთად, ნოდია არ ელის, რომ თანამდებობათა გაცვლა აუცილებლად გამოიწვევს შიდა თუ საგარეოპოლიტიკურ ცვლილებებს:

„ველოდი, რომ ღარიბაშვილი ისე წავიდოდა, როგორც პირველ ჯერზე, როცა უბრალოდ წავიდა. თუკი უბრალოდ დააქვეითეს პარტიის თავმჯდომარეობამდე, ესე იგი, ივანიშვილი, ასე ვთქვათ, გაუფრთხილდა მის თავმოყვარეობას, ისე ძალიან გაბრაზებულიც არ არის და უფრო რბილად მოახდენს მის ჩანაცვლებას.

არ არის აუცილებელი [ცვლილებები] შიდა ან საგარეო პოლიტიკაში, ამას წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ ჰიპოტეთურად ივანიშვილს უნდა დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობის ცოტათი მაინც გაუმჯობესება, კობახიძე ამას უკეთესად შეძლებს.

[საპარლამენტო] არჩევნებისთვის [პრემიერის პოსტზე] ღარიბაშვილი ჯობდა, – მას ჰყავს მომხრეები, – კობახიძის მომხრე კი მე არსად გამიგია. როგორც ჩანს, ეს ცვლილება არ არის საარჩევნო მოსაზრებებით განპირობებული“, – ამბობს პოლიტოლოგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი