საზოგადოება

„ბაქიბუქი“ თუ რეალისტური სცენარი – ვაანალიზებთ „ოცნების“ რიტორიკას საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

19 მარტი, 2024 • 1620
„ბაქიბუქი“ თუ რეალისტური სცენარი – ვაანალიზებთ „ოცნების“ რიტორიკას საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

რამდენად რეალისტურია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზედიზედ მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში მოახერხოს გამარჯვება და თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით, რის შესახებაც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მისი ლიდერები?

რას წარმოადგენს “ოცნების” რიტორიკა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე: რეალისტურ მოლოდინებს თუ პოლიტიკურ “ბაქიბუქს”?!

არც ბოლო კვლევები და არც ბოლო არჩევნების შედეგები „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას არ პროგნოზირებს.

რას სურს „ოცნებას“

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი ამოცანა საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ – 113 მანდატის მოპოვებაა, რაც 150-კაციანი პარლამენტის შემადგენლობის 75%-ია.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად მმართველ გუნდს კარგი სასტარტო პოზიციები აქვს. უფრო შორს მიდის პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს – „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა“ – მოუწოდებს საზოგადოებას.

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში ამჟამად მესამე ვადითაა, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მხოლოდ ერთხელ – 2016 წელს შეძლო. თუმცა მაშინ ეს მოახერხა შერეული საარჩევნო სისტემის წყალობით. წინა სისტემით 150-ადგილიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით (პარტიული სიებით) აირჩეოდა, 73 კი – მაჟორიტარული სისტემით. მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველ ან მეორე ტურებში გამარჯვებას თითქმის ყოველთვის ახერხებდა, რაც იძლეოდა საშუალებას, რომ მმართველ გუნდს 70-ზე მეტი დეპუტატი პარლამენტში დამატებით შეეყვანა, მიუხედავად იმ ზოგადი რეიტინგისა, რომელიც პარტიას იმ პერიოდში ჰქონდა.

ახლა ვითარება იცვლება. 2024 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ტარდება, შესაბამისად, უქმდება მაჟორიტარული არჩევნები და ამ თვალსაზრისით სახელისუფლო პარტიებისთვის არსებული ერთგვარი ბუნებრივი ჰანდიკაპი.

ბოლო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები პროპორციული საარჩევნო სისტემით ასეთი იყო:

  • 2012 წელს – 54.97% (1 181 862 ხმა)
  • 2016 წელს – 48.68% (856 638 ხმა)
  • 2020 წელს – 48.22% (928 004 ხმა)

წინა არჩევნებიც მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით რომ ჩატარებულიყო, “ოცნებას”  საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის არ ეყოფოდა.

ახლა მმართველ პარტიაში ფსონს იმ ოპოზიციურ პარტიებზე დებენ, რომლებიც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ. რატომ? –  პროპორციულ სისტემაში მანდატების გადანაწილება მხოლოდ იმ პარტიებს შორის ხდება, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. გადაუნაწილებელ მანდატებს კი თანმიმდევრობით მიიღებენ ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები. შესაბამისად, მმართველი პარტიის გათვლაა, რომ თავად მიიღოს ხმების ის რაოდენობა, რაც მას ეკუთვნის და რაც შეიძლება ცოტა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. „ოცნებისთვის“ იდეალურ სცენაში ბარიერს მხოლოდ ის და ენმ გადალახავენ და თუ მმართველი გუნდი ენმ-ს დაამარცხებს და სხვა ოპოზიციური ხმები ბარიერგადაულახავ პარტიებში გაიბნევა, პარლამენტში მნიშვნელოვან წარმომადგენლობას მოიპოვებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსს სწორედ ბარიერგადაულახავი ოპოზიციური პარტიები უზრდიან.

„პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ 2 და 3%-იანი პარტიების შექმნას, გვიზრდის შანსებს, რომ ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია კარგია, არაერთი 2 და 3%-იანი პარტია იქმნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში მეტი ხმა დაიკარგება ოპოზიციურ ფლანგზე, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ ბოლო კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-თან ახლოსაა.  თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ კვლევებს გულისხმობს, მაშინ, როცა პროსამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული GORB-ის ბოლო კვლევითაც კი „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი რეიტინგი არ აქვს. GORB-ის ბოლო კვლევით, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55% იყო.

რაც შეეხება სხვა კვლევებს, ბოლოს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი ასეთი იყო:

რას გვეუბნება წინა არჩევნების შედეგები

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა მოხდებოდა, მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარებულიყო სრულად პროპორციული და 5%-იანი ბარიერის სისტემით, ანუ ზუსტად ისეთით, რომელიც ახლა მოქმედებს. პარლამენტში, ამჟამინდელი 9 პარტიის (ბუნებრივი ბარიერის დამსახურებით) ნაცვლად, მხოლოდ 2 გაერთიანება შევიდოდა: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.22% მიიღო, ხოლო ენმ-ის ირგვლივ შექმნილმა ბლოკმა, „ძალა ერთობაშიამ“ -27.18%. 5%-ზე მეტი სხვა არცერთ პარტიას არ აუღია. გამოდის, რომ დაკარგული ხმების რაოდენობა (ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მხარდაჭერა) 25%-მდე იქნებოდა.  ამ მოდელირებით, „ქართულ ოცნებას“ 96 მანდატი ერგებოდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 54.

96 მანდატი საკონსტიტუციო იმრავლესობისთვის საკმარისი არაა. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭიროა, რომ პარტია პარლამენტში 113 მანდატს ფლობდეს.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის „ქართულ ოცნებას საერთო მანდატების მინიმუმ 75% ესაჭიროება.

შეგვიძლია კიდევ ერთი არჩევნების შედეგებით გავაკეთოთ მოდელირება. ბოლო პერიოდში გამორჩეული იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დროსაც საქართველოში ექსპრეზიდენტი და  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა, მასში პირველად მონაწილეობდა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაც. აღნიშნული არჩევნები გამორჩეული იყო იმითაც, რომ ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და  15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით 5%-ზე მეტი მხარდაჭერა მხოლოდ სამმა პარტიამ მიიღო: „ქართულმა ოცნებამ“ (46.747%); „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (30.674%) და გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ (7.808%).

თუ გავაკეთებთ 2021 წლის შედეგების მოდელირებას და მას 2024 წლის არჩევნებზე მოქმედ კანონს მოვარგებთ, მაშინ პარლამენტში სამი პარტია მოხვდებოდა: „ქართული ოცნება“ 83 მანდატით, „ნაციონალური მოძრაობა“ – 54 მანდატით და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“  – 13 მანდატით.

„ქართულ ოცნებას“ არც 83 მანდატი ეყოფოდა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის.

რა მიზანი აქვს „ოცნების“ რიტორიკას?

„წინასაარჩევნო ბაქიბუქი“ – ასე ახასიათებს პოლიტოლოგი გია ნოდია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელბის განცხადებებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაზე. მისი შეფასებით, ეს ამ ეტაპზე სრულიად არარეალისტურია სცენარია.

„ამას იმიტომაც ვიძახი ასე თამამად, რომ სრულად პროპორციული არჩევნებია. რომ ყოფილიყო შერეული სისტემა, მაშინ ვერ ვიტყოდი ასე ცალსახად, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა გამორიცხულია…  პარტია სამი ვადაა უკვე ხელისუფლებაშია. ჯერჯერობით არცერთი კვლევით არ ჩანს, რომ მოსახლეობის თუნდაც ნახევარი მხარს უჭერდეს „ქართულ ოცნებას“. გაცილებით ნაკლები უჭერს მხარს“, – ამბობს გია ნოდია ნეტგაზეთთან.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელსაც კვლევების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, „ქართული ოცნების“ ამ გზავნილს პროპაგანდისტულს უწოდებს. მისი თქმით, ამით მმართველი პარტია ორ ამოცანას ასრულებს:

  1. ახდენს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზაციას და მათ უზრდის მოტივაციას, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ „ოცნებას“.
  2.  ქმნის საზოგადოებრივ აზრს – სურს საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაამყაროს მოლოდინი, რომ ისინი კონსტიტუციური უმრავლესობით მოვლენ და თუ ამაზე მუდმივად ილაპარაკებს, შემდეგ ამ მოლოდინის ფონზე შეუძლია საარჩევნო მანიპულაციებს მიმართოს- არჩევნები გააყალბოს და ა.შ. ექნება იმის მოლოდინი, რომ ასეთ მანიპულაციებს არ შეხვდება დიდი წინააღმდეგობა, რადგან საზოგადოებრივ ცნობიერებაში უკვე გამყარებულია მისი კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროპაგანდა სიმულაციაა, ზოგჯერ სიმულაციური პროპაგანდა რეალობას ქმნის. თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ეს განზრახვა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება.

„არსებობს პროპაგანდაც, ტყუილიც, გაზვიადებაც, მაგრამ ამან არ უნდა გადაკვეთოს წითელი ხაზები. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა არის რაღაცნაირად წითელი ხაზების გადაკვეთა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი და დასძენს, რომ არცერთი გამოკითხვა, მათ შორის, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც ბოლო თვეებში ჩატარდა,  „ქართულ ოცნებას“ არათუ კონსტიტუციური, არამედ უბრალო უმრავლესობით მოსვლასაც არ უწინასწარმეტყველებს.

ბარიერგადაულახავი პარტიები

გია ნოდიას თქმით, თუ პარლამენტში  „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა მაინც მოხვდება, ეს საკმარისი იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს.

„როგორც ჩანს, ისინი ანგარიშობენ იმ შემთხვევას, როცა მხოლოდ ორი პარტია გავა პარლამენტში – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური  მოძრაობა“- და სხვა ვერავინ გადალახავს ბარიერს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაშიც შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობის მიღებას. ჩემი აზრით, ამის ალბათობა ნაკლებია და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სულ მცირე, ერთი ოპოზიციური სია მაინც გადალახავს ბარიერს და ეს უკვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღოს. თუ ოპოზიცია შეძლებს კონსოლიდაციას ისე, რომ სამი ძირითადი ოპოზიციური სია იქნება, მაშინ პირიქით, ოპოზიციას სერიოზული შანსი აქვს გამარჯვების და „ქართულ ოცნებას“ დამარცხების“, – ამბობს გია ნოდია.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში აქცენტის გაკეთება მცირერეიტინგიან ოპოზიციურ პარტიებზე იმიტომაც დაიწყო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლის შესახებ მათი განცხადებები რეალობას დამსგავსებოდა.

„თუ ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ეს ხმები პროპორციულად წავა იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევლენ. ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ყველაზე მეტი ხმა ბარიერგადაულახავი პარტიების საერთო ხმებიდან სწორედ „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავა.

დაახლოებით  5 პარტია მაინც არის, რომელსაც ემუქრება საფრთხე, რომ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს. მათი წონა საშუალოდ +/- 2% არის. საბოლოო ჯამში, ბარიერვერგადალახული პარტიების ხვედრითი წილი დაახლოებით 10% არის. ამ 10%-დან თუ ყველაზე მეტი „ქართული ოცნებისკენ“ წავა, ეს შეიძლება დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში.  იმას, რასაც მაჟორიტარული სისტემა ასრულებდა ყველა წინა არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“, ახლა ეს შეიძლება შეასრულოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ (ბარიერგადაულახავმა პარტიებმა)“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

თუმცა, მისი თქმით, ეს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში მაინც ვერ დაეხმარება.

„ქართულ ოცნების“ მაქსიმუმი არჩევნებზე 48% იყო. ამას რომ დავუმატოთ  ოპოზიციური პარტიების გაბნეული ხმები, რომელიც მაქსიმუმ 10% იქნება, ეს არის 56-57%. ყველა შემთხვევაში უბრალო უმრავლესობაზეა საუბარი და კონსტიტუციური უმრავლესობა უბრალოდ გამორიცხულია. ორმა პარტიამაც რომ გადალახოს  5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაინც ვერ მოაგროვებს „ქართული ოცნება“ 75%-ს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი