ახალი ამბები

მმართველ გუნდში გამორიცხავენ დიალოგს ოპოზიციასთან არჩევნების საკითხზე

3 დეკემბერი, 2018 • 2129
მმართველ გუნდში გამორიცხავენ დიალოგს ოპოზიციასთან არჩევნების საკითხზე

ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ, მმართველ გუნდში გამორიცხავენ, რომ ოპონენტებთან მოსალაპარაკებლად რაიმე სახის სამუშაო ჯგუფს შექმნიან. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ოპოზიცია აღნიშნული შეთავაზებებით არჩევნების შედეგს უგულვებელყოფს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, გრიგოლ ვაშაძეს “რუსეთის მსახური” უწოდა და დიალოგი გამორიცხა.

“რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ?” – განაცხადა მან მედიასთან.

ოპოზიციის მოთხოვნებს არც მმართველი პარტიის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იზიარებს. მისი თქმით, პროცესებს არა ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ მიხეილ სააკაშვილი წარმართავს.

“არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? იმდენ პატივსაც არ სცემენ, რომ მის გამოსვლებს ხელი არ შეუშალოს მიხეილ სააკაშვილმა”, – თქვა მან.

გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები შეცდომაში შეჰყავს და ცდილობს, უგულვებელყოს ამომრჩეველთა უმრავლესობა, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა. მისი აზრით, აღნიშნულთან დაკავშირებით არც ოპოზიციაშია ერთიანი აზრი.

“არ გულისხმობენ ისინი მოლაპარაკებას სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი მოლაპარაკებას გულისხმობენ ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე: იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ 150 ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა და მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორმე 780 ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან.

ოპოზიციაში იქნება პარტიებიც, იქნება ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება  კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე გაახმიანა. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომდევნო აქციაც.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი