ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” II ტურში 530 000 ხმით მეტის მიღება

3 დეკემბერი, 2018 • 8058
როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” II ტურში 530 000 ხმით მეტის მიღება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს, პირველთან შედარებით, ნახევარი მილიონი ამომრჩევლით მეტმა მისცა ხმა. როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის მობილიზება? ოპოზიცია ამას “ოცნების” მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებასა და გაყალბებას უკავშირებს, რის გამოც არჩევნების შედეგს არალეგიტიმურად მიიჩნევს; სპეციალისტების ნაწილის აზრით კი, ზურაბიშვილის მიერ ამ რაოდენობით ხმების მიღება ძირითადად “ქართული ოცნების” მიერ “ნეგატიური მობილიზაციის” ფაქტორმა განაპირობა.

პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 1 637 956-მა ადამიანმა მიიღო, მეორეში —  1 975 845-მა. აქტივობა მეორე ტურში, პირველთან შედარებით, თითქმის ათი პროცენტული ერთეულით მეტი იყო (56%), მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა.  

ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში, პირველთან შედარებით, 180 000 ხმით მეტი მიიღო — 780 635. ვაშაძეს მეორე ტურში მეორე ოპოზიციურმა პარტიამ, “ევროპულმა საქართველომ” დაუჭირა მხარი, რომლის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, 175 000 ხმა მიიღო.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს — მას თითქმის 1 150 000 ამომრჩევლმა მისცა ხმა, რაც 532 053-ით მეტია, ვიდრე პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობა.

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ არჩევნების შედეგების შესახებ მომზადებულ ცხრილში ჩანს, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა იმ ოლქებშიც მოიგო, რომლებშიც პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძეს ეკავა პირველი ადგილი.

ასე, მაგალითად, ქუთაისში, ვაშაძეს პირველ ტურში 29 585-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ზურაბიშვილს- 18 058-მა. მეორე ტურში კი ზურაბიშვილმა, პირველთან შედარებით, ოცი ათასი ხმით მეტი მიიღო და ვაშაძეს 38 601-ით 36 676 მოუგო. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ყვარელში, ზუგდიდში, საგარეჯოში, შუახევსა და სხვა ოლქებშიც. როგორ მოახერხა მმართველმა პარტიამ ეს?

პირველიდან მეორე ტურამდე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, პირველ ტურში არჩევნებზე არ წასულა ძირითადად ის ამომრჩეველი, რომელსაც 1) არ ეპარებოდა ეჭვი “ქართული ოცნების” გამარჯვებაში, 2) არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ “ოცნების” მიმართ ლოიალური იყო და 3) ვინც ვალების ჩამოწერის დაპირებამ მოხიბლა.

მისი დაკვირვებით, 2012 წლიდან აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები “ბიძინა ივანიშვილის ლამის აბსოლუტური ზეგავლენით” გამოირჩეოდა: “ვინმე სრულებით უჩინარი ფიგურაც რომ დაგეყენებინა, თუ მას ბიძინა ივანიშვილი დაუჭერდა მხარს, ის გასული იყო. ახლაც ამომრჩეველთა ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველა შემთხვევაში იგებს არჩევნებს იმიტომ, რომ მას მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება”.

როგორც კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) დირექტორი გვეუბნება, მისი დაკვირვებით, “ქართული ოცნება” პირველ ტურამადე ოპოზიციასთან კონკურენციას “ისე სერიოზულად არ უყურებდა და ფიქრობდა, რომ [გამარჯვებისთვის] საკმარისი იქნებოდა მცირე ძალისხმევა”.

თუმცა პირველ ტურში ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ 1%-ით აჯობა. აღმოჩნდა, რომ გამარჯვების შანსი ვაშაძესაც ჰქონდა. თურმანიძის დაკვირვებით, სწორედ ამის გაცნობიერების შემდეგ მოხდა “ქართული ოცნების” მიერ ამომრჩევლის განსაკუთრებული ინტენსივობით მობილიზება, რამაც, თურმანიძის აზრით, იმოქმედა მეორე ტურის შედეგებზე.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი გვიხსნის, ამომრჩევლის აღნიშნული ნაწილისთვის “გაჩნდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების და, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე”. მისი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია “იმ მოსახლეობის გააქტიურება, რომელიც “ქართული ოცნების” გულმხურვალე ამომრჩეველი შეიძლება არ არის, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც დაინახა, რომ მან შეიძლება წააგოს არჩევნები, გააქტიურდა და ხმა მისცა ვაშაძის წინააღმდეგ”.

“600 000 ამომრჩევლის მოსყიდვა”

კაჭკაჭიშვილის თქმითვე, მეორე ტურზე წასულებს შორის აუცილებლად იქნებიან ის ადამიანები, ვინც არჩევნების პირველ ტურზე არ წავიდა, რადგან პოლიტიკური სპექტრის ან საერთოდ ამ ტიპის სოციალური აქტივობის მიმართ გულგრილია, მაგრამ იმ 600 000 ადამიანს შორისაა, ვისაც ვალების “განულებას” ჰპირდებიან.

“არ შეიძლება იმის გაუთვალისწინებლობა, რომ ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ვალების დაფარვის დაპირებამ მოტივაცია გაუჩინა, წასულიყო არჩევნებზე და ხმა მიეცა “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის”, – ამბობს იგი.

კობა თურმანიძე ამ დაპირებას რესურსების უთანაბრობის ნაწილად განიხილავს: მართალია, “იქ კონკრეტული კერძო პირი ჰპირდება ანაზღაურებას და არა სახელმწიფო”, მაგრამ ეს “მაინც უკავშირდება მმართველი პარტიის არაპროპორციულად დიდ რესურსს”.

რესურსების უთანაბრობაზე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც მიუთითებდნენ. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, მართალია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური “კონკურენტულ გარემოში ჩატარდა”, თუმცა ერთი მხარე “საფუძველსმოკლებული უპირატესობით” სარგებლობდა.

მაგალითად, ეუთოს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა და ხელმძღვანელმა, კრისტიან ვიგენინმა, მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ “ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებამ წაშალა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის”.

კიდევ ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა,  ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაიმა ანდრიკიენემ, 29 ნოემბერს განაცხადა, რომ არჩევნების წინ ვალების ჩამოწერის პროგრამის გამოცხადება, “თან როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება პროექტი, წარმოშობს ეჭვს, რომ ეს აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად”.

“სამწუხაროდ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა იმ 9 წელსა და ამ 6 წელს შორის – პარტია და სახელმწიფო ერთმანეთთანაა შეზრდილი”, – დასძენს თურმანიძე.

ნეგატიური მობილიზაცია

ეუთოს მისიის კოორდინატორის თქმითვე, წინასაარჩევნო კამპანიას “ძირს უთხრიდა კამპანიის ნეგატიური შინაარსი”. რა ზეგავლენა იქონია ამ ნეგატიურმა კამპანიამ ამომრჩეველზე?

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: რა შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესმა პოლარიზაციამ — ინტერვიუ]

“პირველ ტურში უფრო ნეგატიური კამპანია ალბათ უფრო “კარგად” ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობილი, თუმცა მეორე ტურში გადააჭარბა და გადაასწრო ყველაფერს “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ნეგატიურმა კამპანიამ და ამანაც იქონია გარკვეული როლი იმ ამომრჩევლის მობილიზებაში, რომელიც მანამდე არ მისულა არჩევნებზე”, – გვეუბნება კობა თურმანიძე.

კობა თურმანიძე. ფოტო ფეისბუკის პირადი არქივიდან

მისი აზრით, ამ კამპანიამ “ენმ-ის და ევროპულის საქართველოს მხარდაჭერას დიდი ვერაფერი დააკლო”, თუმცა “მოახდინა იმ ამომრჩევლის მობილიზება, ვინც სხვისი მხარდამჭერი იყო, ან სულ არ უნდოდა არჩევნებზე წასვლა”.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, ამ შემთხვევაში სწორედ ეს “ნეგატიური მობილიზაციის ფაქტორი” აღმოჩნდა გადამწყვეტი “ოცნებისთვის” ხმების მიღებისთვის. ისიც გვეუბნება, რომ საარჩევნო კამპანია სწორედ ამაზე აიგო: “ჩვენ კი არ მოგვცეთ ხმა, არამედ “ნაცებს” არ მისცეთ ხმა”.

“მართლაც ეგ იყო — ვიცნობ ბევრს, ვისაც “ოცნება” გულზე არ ეხატება, მაგრამ უფრო არ მოსწონს “ნაციონალური მოძრაობა”. ამიტომ ორ ცუდს შორის არჩევანი გააკეთა უარესის სასარგებლოდ”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

ამომრჩევლის დაშინება-მოსყიდვა?

“მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე, პოლიტოლოგი გია ნოდია, წერს, რომ “ოცნების” გამარჯვებას ორი მიზეზი ჰქონდა: 1) ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილის შიშის ფაქტორის აქტუალიზაცია და 2) ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა კრიმინალური ელემენტების ჩარევით.

“ორივე ფაქტორი რეალურია, მაგრამ რომელი იყო გადამწყვეტი”? — კითხულობს  ნოდია და თავადვე პასუხობს, რომ გამარჯვებისთვის პირველი ფაქტორიც საკმარისი იყო, თუმცა, მისი სუბიექტური ვარაუდით, მეორე ფაქტორი იყო გადამწყვეტი, რისი დამტკიცებაც, მისივე თქმით, არავის შეუძლია.

გია ნოდია; ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

მისივე აზრით, თუკი მეორე ფაქტორმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი, მაშინ ზურაბიშვილის გამარჯვება “არსებითად არალეგიტიმურია”, თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ამაზე “დასაბუთებული პასუხი შეუძლებელია, არცერთ სადამკვირვებლო მისიას არ შეუტანია ეჭვი სალომეს გამარჯვების ლეგიტიმურობაში, თუმცა ხელისუფლების მეთოდები მკაცრად გააკრიტიკეს”.

აზრს, რომ მეორე ფაქტორი – ამომრჩეველზე ზეწოლა და მოსყიდვა- იყო ზურაბიშვილის გამარჯვების ძირითადი ფაქტორი, იზიარებს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”. გაერთიანება არ ცნობს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მას არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც 2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ისინი ამზადებენ სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანენ შედეგების გაბათილების მოთხოვნით. ვაშაძის თქმითვე, დღის წესრიგში რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა – სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ბრალდებებს ხელისუფლება უარყოფს და არც ოპოზიციასთან თანამშრომლობას აპირებს მის მიერ დაყენებული საკითხის ირგვლივ, რომელიც ვადამდელ, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

“მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პარტიები, მთლიანობაში ხელისუფლებამ შეძლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე

ოპოზიციამ 2020 წლისთვის პროპორციული სისტემა უნდა მოითხოვოს და არა ვადამდელი არჩევნები – ექპერტები

მასალების გადაბეჭდვის წესი