2023 წლის მიწურულს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნების შესახებ განაცხადა.
პოლიტიკაში ღიად გამოჩენის მიზეზად ივანიშვილმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა, საკუთარ მისიად კი მმართველი პარტიისთვის ახალი სიმძიმის ცენტრის შექმნა. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და გუნდის მთავარი მრჩეველი იქნება.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების მიზეზებსა და მისგან მოსალოდნელ შედეგებზე ნეტგაზეთი პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.
— პირველ რიგში, თქვენ რას უკავშირებთ ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას? რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ის მიზეზები, რაც მან თავად დაასახელა?
ის ეცადა გაებათილებინა წარმოდგენა, რაც ყველას ბუნებრივად შეექმნა, რომ რაღაც წესრიგში არ არის. სულ ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორი კარგი გუნდია, როგორ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ვიღაცას ცდუნება არ შეექმნასო… ნუ, ვიღაცას შეატყო, რომ ცდუნება ექმნება. ნამდვილად არ ველოდი ამ ნაბიჯს და შესაბამისად, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს, მაგრამ სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ რაღაც პრობლემებს ხედავს გუნდსა და ხელისუფლებაში, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს პრობლემები ეხება იმას, რომ უკმაყოფილოა ვიღაცეებით და ფორმირება უნდა მმართველი გუნდის, თუ ფიქრობს, რომ არჩევნებში გამარჯვებას საფრთხე ემუქრება, ეს არ ვიცი. თუმცა ჩემი პირველი ვარაუდი მაინც ისაა, რომ გუნდში ხედავს რაღაც პრობლემას და შეცვლა სურს.
— თუ ბიძინა ივანიშვილი გუნდში ამ პრობლემებს ხედავდა, არაოფიციალურად ვერ შეძლებდა მის მოგვარებას? მით უმეტეს, თავადვე თქვა, რომ პარტიიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ პარტიის 2-3 ლიდერთან კომუნიკაცია ჰქონდა.
ბუნებრივია, ყველას ეს შეკითხვა გვაქვს. როგორც ჩანს, არაოფიციალურად რაღაცები არ გამოვიდა. პირველი „დაბრუნებაც“ ამით იყო გამოწვეული. მაშინაც აძლევდა რჩევებს, მაგრამ ჩათვალა, რომ უნდა გამოჩენილიყო. როგორც ჩანს, გამოჩენა ვისთვისაც სჭირდება არ არის მხოლოდ ხალხი და საზოგადოება, ძირითადად გუნდია. როდესაც „სამალავიდან“ მართავს გუნდს, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანს ელაპარაკება და დანარჩენები უნდა მიხვდნენ ნეტავ რა ხდება და სინამდვილეში რა უნდა. ოფიციალურად გამოჩენის შემთხვევაში მას შეუძლია, რომ უფრო ღიად დაეკონტაქტოს ბევრ ადამიანს და აჩვენოს პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, რომ უშუალოდ ის მართავს სიტუაციას და უფრო პირდაპირ უთხრას გუნდს, რა სურს კონკრეტულად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვარაუდია, თუმცა მე ეს ვარაუდი მაქვს.
— თქვენი დაკვირვებით, სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის სახით „დამატებითი სიმძიმის ცენტრის“ შექმნა, როგორც ამას თავად ამბობს?
ივანიშვილმა ჩათვალა, რომ [ამას „ქართული ოცნება“] საჭიროებდა.
— მართალია ივანიშვილი ამბობს, რომ მისი დაბრუნება არჩევნებს არ უკავშირდება, თუმცა ის სწორედ საარჩევნო წლის დასაწყისში დაბრუნდა. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს „ქართული ოცნების“ რეიტინგზე?
მე არ მგონია, რომ ამას დიდი გავლენა ჰქონდეს. თეორიულად ორივე შესაძლებელია – შეიძლება მოუმატოს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა ან დააკლოს. ჯერ ერთი, ცოტა სასაცილო ხდება უკვე ეს დაბრუნებები. თითქოს კუკუ-დამალობანას თამაშია – გამოვჩნდი-დავიმალე, გამოვჩნდი-დავიმალე… ცოტა არასერიოზული ქცევის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარდა ამისა, იმ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ჰიპოთეტურად ამან შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რეიტინგზე ნეგატიური გავლენაც მოახდინოს. ყოველ შემთხვევაში, მე არ ველი, რომ სერიოზულ გავლენას მოახდენს პოზიტიურად ან ნეგატიურად.
— ბიძინა ივანიშვილმა თავის დაბრუნება ოპოზიციის „განადგურებას“ დაუკავშირა და ოპოზიციის ნაცვლად თავის თავი დაასახელა სიმძიმის ცენტრად. როგორ იმოქმედებს მისი დაბრუნება ოპოზიციაზე, რომელიც მუდმივად საუბრობდა ივანიშვილის არაფორმალურ გავლენებსა და ჩრდილოვან მმართველობაზე? საარჩევნო წელს პოლიტიკაში ღიად მყოფი ივანიშვილი ოპოზიციას გაუმარტივებს საქმეს თუ გაურთულებს?
არც ერთი და არც მეორე. გარკვეული აზრით ჩრდილოვანი მმართველობა მაინც არის, რადგან ივანიშვილი არ არის პრემიერ-მინისტრი. ის არის ე.წ. საპატიო თავმჯდომარე. ასე, რომ ეს მაინც არ არის კონსტიტუციურად ნორმალური ვითარება, როდესაც კონსტიტუციურად ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი არის პრემიერი და რეალური მმართველი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ეს ვითარებას არსებითად არ ცვლის, რომ ადრე იყო არაფორმალური მმართველობა და ახლა აღარ არის. პირიქით, ეს ადასტურებს იმას, რომ ნამდვილად იყო არაფორმალური მმართველობა მაშინაც, როცა ვითომ ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში და ახლა მითუმეტეს, ივანიშვილი არის მმართველი. ასე რომ, არ მგონია ამ მხრივ რამის თქმა გაურთულდეს ოპოზიციას.
— თავად ივანიშვილმა დაბრუნებისას ისაუბრა, რომ საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. მეორე მხრივ, ჩვენ გვახსოვს, „ქართული ოცნების“ თითქმის ორწლიანი შეთქმულების თეორია, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ქვეყანაში ომის დაწყებას უკავშირდებოდა. რა იცვლება ახლა? რას ნიშნავს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მისი ღიად გამოსვლა ქართულ პოლიტიკაში?
მე არ ვიცი მის თავში რა ხდება და როგორ ხარშავს ამ საფრთხეებს. მას აქვს პარანოიდული ტიპის ცნობიერება. ის სულ ეძებს შეთქმულების თეორიებს პირადად მის წინააღმდეგ და ახლა მას ეს ცნობიერება არ შეეცვლება, ის სულ ამ ფიქრებში იქნება, რომ ვიღაცებს მისი „გაფუჭება“ სურთ. თუ ადრე ფიქრობდა ასე, ახლაც ასე ფიქრობს. თუმცა მისი ეს ახალი ტრიუკი, რასაც დაბრუნება ჰქვია, მისი აზრით, როგორ შეცვლის ამ ვითარებას და როგორ გაურთულებს მტრულ ძალებს მის „გაფუჭებას“, ეს მე არ ვიცი. ეს მისი „სიბრძნეა“.
არათანმიმდევრულობაა, რომ დასავლეთი აძალებდა დაბრუნებას, ის უძალიანდებოდა და ახლა თავად დაბრუნდა. ამას ჟურნალისტებიც გაუხსენებენ, მაგრამ ის ჩათვლის, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა და გაუხსენონ, რაღაცას მაინც მოიფიქრებს. რაც თქვა დაბრუნებისას, მაინცდამაინც ლოგიკურად დამაჯერებელი არ არის, მაგრამ მერე რა? ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა ივანიშვილის აზრით. შეიძლება მოეთათბირა კიდეც თავის სტრატეგიული მრჩევლებს და მათი აზრიც გაითვალისწინა.
— ბიძინა ივანიშვილი არის პერსონა, რომელსაც ევროპარლამენტის რეზოლუციებში ოლიგარქად მოიხსენიებენ და მის დასანქცირებასაც ითხოვენ. ამასთან, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა დაასანქცირა, თავად ივანიშვილი კი სანქცირების კანდიდატია ( „რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო კავშირის გამო“). ასეთი პერსონის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნება, როგორ იმოქმედებს პარტნიორებთან ურთიერთობაზე და რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე?
ალბათ, დიდად არ იმოქმედებს. პარტნიორებთან ურთიერთობა ოფიციალურად ისევ ექნებათ პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს… თუმცა პარტნიორებს არაოფიციალურად ისედაც ჰქონდათ ხოლმე ურთიერთობა ივანიშვილთან. როგორც კელი დეგნანისგან [აშშ-ის ყოფილი ელჩი] ვიცით, მაინც ხვდებოდა ივანიშვილს, სანამ არ გამოუმზეურებდნენ ამ საიდუმლოს. ისედაც იცის ყველამ, რომ ივანიშვილია გადაწყვეტილების მიმღები და ახლაც ასე იქნება.
— შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება პარტნიორებს საქმეს გაუმარტივებს?
განსხვავება ის იქნება, რომ თუ მანამდე კონფიდენციალურად ხვდებოდნენ, შეიძლება, ახლა აღარც დამალონ ეს შეხვედრა. ეს განსხვავებაა, თუმცა ეს არ არის განსხვავება.
— თქვენ რამდენად ხედავთ რუსეთის ფაქტორს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების პროცესში?
რუსეთს ესმის, რომ ივანიშვილი იყო და არის საქართველოს დირექტორი. ის დირექტორი ფარულად იქნება, ნახევრად ღიად თუ საერთოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, არ მგონია, რომ ამას კრემლისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.
— რამდენად შეიძლება დავუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება სანქციებისგან თავის არიდების მცდელობას? მიუხედავად იმისა, რომ თავად ირწმუნება, სანქცირებული ვარო…
მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოსაზრებაც ჰქონდეს. თუმცა ეს არის მოსაზრება. მალე 2 წელი შესრულდება ომის დაწყებიდან და მაინცდამაინც ახლა რატომ ჩათვალა, რომ ახლა უდგას სანქცირების საფრთხე და ახლა თუ გამოჩნდება, რაღაცნაირად შეამცირებს [ამ საფრთხეს], ამაზე პასუხი არ მაქვს. თუმცა გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება.
ისედაც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ივანიშვილის დასანქცირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს. მანამდეც ასე იყო. ასე, რომ თუ ვინმე ფიქრობს ივანიშვილის დასანქცირებაზე, არ მგონია, რომ ამ ფაქტორმა [პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებამ] რაიმე გავლენა მოახდინოს. თუმცა შეიძლება, ივანიშვილის ასე ჰგონია, რომ ამას მნიშვნელობა აქვს.