სუბელიანის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია “საგანგებო მდგომარეობაზე გადადის”. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის მირზა სუბელიანთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც ხორავას საქმეზე დაკავებული სუბელიანი საუბრობს ხელისუფლების წინააღმდეგ მის მიერვე შენახულ კომპრომატებსა და სხვა საქმეებზე.

“ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური, შეიარაღებული ბანდფორმირებები”, –  თქვა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, გამოქვეყნებული ჩანაწერები ადასტურებს კრიმინალური ბანდფორმირებების თარეშს ქვეყანაში.

“სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად [ციხეში] და წამებაზე დასასწრებად. ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უსიტყვოდ და უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას”, – ამბობს ვაშაძე და ამომრჩეველს მოუწდებს, 28 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცენ ცვლილებებს და მხარი არ დაუჭირონ ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატს

როგორც ვაშაძე ამბობს, ეს არ არის არჩევანი “ცუდსა და კარგს” შრის, არამედ “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

 

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.